Chapa ya Youversion
Ikoni ya Utafutaji

გამ. 12

12
პასექი
1და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში:
2„ეს თვე იყოს თქვენთვის თვეების დასაბამი. პირველი იყოს ის თქვენთვის წელიწადის თვეებში.
3უთხარით ისრაელის მთელ თემს ასე: ‘ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თითოეულმა თითო კრავი საგვარეულოზე, თითო კრავი სახლზე.
4და თუ სახლი მცირეა კრავის შესაჭმელად, მაშინ მან და მისი კარის მეზობელმა სულადობისამებრ აიყვანონ. ვინ რამდენს შეჭამს, იმის მიხედვით ივარაუდეთ კრავზე.
5ცხოველი საღი, მამალი, ერთწლიანი იყოს. ცხვართაგან ან თხათაგან აიყვანთ მას.
6და შენახული გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე, და დაკლას იგი ისრაელის თემის მთელმა კრებულმა მწუხრის ჟამს.
7და აიღონ მისი სისხლი და წააცხონ იმ სახლის კარის ორივე წირთხლსა და ზედა ძელს, სადაც ჭამენ მას.
8და ჭამონ ხორცი იმ ღამეს, ცეცხლზე შემწვარი. ხმიადებით და მწარე მწვანილით ჭამონ იგი.
9არ ჭამოთ მისგან უმი ან წყალში მოხარშული, არამედ ცეცხლზე შემწვარი, თავფეხიანად და შიგნეულიანად.
10და ნუ მოირჩენთ მისგან დილამდე. და თუ მორჩა მისგან დილამდე, ცეცხლში დაწვით.
11და ასე ჭამეთ იგი: წელი შემორტყმული გქონდეთ სარტყლით, ფეხსაცმელი ფეხთ გეცვათ და კვერთხი ხელში გეჭიროთ, და ჭამეთ იგი ჩქარა. ეს პასექია უფლისთვის.
12და მე ჩავივლი ეგვიპტის ქვეყანაზე ამ ღამეს და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან პირუტყვამდე, და ეგვიპტის ყოველ ღმერთს განვიკითხავ. მე ვარ უფალი.
13და იყოს ის სისხლი თქვენთვის ნიშნად სახლებზე, სადაც თქვენ იმყოფებით. დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით და არ იქნება თქვენში დამღუპველი სენი, როცა გავწყვეტ ეგვიპტის ქვეყანას.
14იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული თქვენი უფლისა თქვენს თაობებში. საუკუნო წესად იდღესასწაულეთ იგი.
15შვიდი დღე ხმიადი ჭამეთ. პირველი დღიდანვე მოიცილეთ საფუარი სახლებიდან, რადგან ვინც შეჭამს საფუარს, პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე, მოიკვეთება ის სული ისრაელიდან.
16პირველ დღეს წმიდა კრებაა და მეშვიდე დღესაც წმიდა კრება გექნებათ. არავითარი საქმე არ გააკეთოთ იმ დღეებში. რაც ეჭმევა ყოველ სულიერს, მარტო ის გაკეთდეს.
17და დაიცავით უფუარობა, რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან. და დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში საუკუნო წესად.
18პირველი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოდან ჭამეთ ხმიადი იმავე თვის ოცდამეერთე დღის საღამომდე.
19შვიდი დღე საფუარი არ იპოვებოდეს თქვენს სახლებში, რადგან ვინც საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის თემიდან – ხიზანი იქნება ის თუ ქვეყნის მკვიდრი.
20საფუარიანი არაფერი ჭამოთ. ყოველ თქვენს საცხოვრებელში ხმიადი ჭამეთ.“
მოსე უცხადებს ისრაელის უხუცესებს
ღვთის ბრძანებას
21და მოუხმო მოსემ ისრაელის ყოველ უხუცესს და უთხრა მათ: „გაიყვანეთ წვრილფეხა საქონელი თქვენ თქვენი საგვარეულოებისათვის და დაკალით პასექი.
22და აიღეთ უსუპის კონა და ამოაწეთ სისხლში, რომელიც ჯამშია, და წააცხეთ კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლს სისხლი, რომელიც ჯამშია. არავინ არ გამოხვიდეთ თქვენი სახლის კარიდან დილამდე.
23და ჩაივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრად და იხილავს სისხლს კარის ზედა ძელზე და ორივე წირთხლზე და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს და არ შემოუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში შესამუსრავად.
24და წესად დაიცავით ეს შენთვის და შენს შვილთათვის უკუნისამდე.
25და როცა მიხვალთ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ თქვენ უფალი, როგორც მან ილაპარაკა, დაიცავით თქვენ ეს მსახურება.
26და იქნება, რომ გეტყვიან თქვენი შვილები: ‘ეს რა მსახურება გაქვთ?’
27და ეტყვით თქვენ: ‘ეს არის პასექის მსხვერპლი უფლისათვის, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელის ძეთა სახლებს ეგვიპტეში, როცა შემუსრა მან ეგვიპტე და ჩვენი სახლები კი გადაარჩინა.’“ და მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა.
28და წავიდნენ და გააკეთეს ისრაელის ძეთ. როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს, ისე გააკეთეს.
პირმშოთა შემუსვრა
29და იყო, შუაღამით შემუსრა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაზე, თავის ტახტზე მჯდომი ფარაონის პირმშოდან პირმშომდე იმ ტყვისა, საპყრობილეში რომ იჯდა, და ყოველი პირუტყვის პირველმოგებული.
30და ადგა ფარაონი ღამით, თვითონ და ყველა მისი მსახური, და ყველა ეგვიპტელი, და იყო დიდი გოდება ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ყოფილიყო.
31და მოიხმო მოსე და აარონი ღამით, და უთხრა მათ: „ადექით, გადით ჩემი ხალხისგან, თქვენ და ისრაელის ძენი. წადით, ემსახურეთ უფალს, როგორც თქვით.
32თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი წაასხით, როგორც თქვით, და წადით. და მაკურთხეთ მე.“
33და აიძულებდნენ ეგვიპტელნი ხალხს, რომ სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან. რადგან ამბობდნენ ისინი: „ყველანი დავიხოცებით.“
34და წაიღო ხალხმა თავისი ცომი ვიდრე გაფუვდებოდა, და თავიანთ სამოსელში გამოკრული ვარცლები ზურგზე ეკიდათ.
35და გააკეთეს ისრაელის ძეთ მოსეს სიტყვისამებრ, და ითხოვეს ეგვიპტელთაგან ჭურჭელი ვერცხლისა და ჭურჭელი ოქროსი, და სამოსელი.
36წყალობა მისცა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში და ისინიც ათხოვებდნენ. ასე გაძარცვეს ეგვიპტე.
37და აიყარნენ ისრაელის ძენი რაყმესესიდან სუქოთისკენ, ექვსასი ათასამდე ქვეითი მამაკაცი, გარდა ბავშვებისა.
38და აგრეთვე მათთან ერთად გამოვიდა უცხოტომელთა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, ძალზე დიდი ჯოგი.
39და გამოაცხვეს მათ ცომი, რომელიც გამოიტანეს ეგვიპტიდან ხმიადის კვერებად, რადგან ვერ გაფუვდა, რაკი გამოდევნეს ეგვიპტიდან და ვერ შეძლეს დაყოვნება და ვერც საგზალი ვერ გაიმზადეს.
40ისრაელის ძეთა ეგვიპტეში ყოფნის ხანი ოთხასოცდაათი წელია.
41და იყო, ოთხასოცდაათი წლის დასასრულს, სწორედ იმ დღეს გამოვიდა უფლის მთელი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან.
42მღვიძარების ღამე იყო ეს უფლისათვის ეგვიპტიდან მათ გამოსაყვანად. სწორედ ეს ღამეა უფლისათვის მღვიძარებისა ყველა ისრაელის ძისთვის მათ თაობებში.
43და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „აჰა, წესი პასექისა: არც ერთმა უცხოტომელმა არ უნდა ჭამოს იგი.
44და ყოველმა მსახურმა, ფულით ნაყიდმა, მაშინ ჭამოს იგი, თუ წინადაუცვეთ.
45ხიზანმა და მოჯამაგირემ არ უნდა ჭამოს იგი.
46ერთ სახლში უნდა შეიჭამოს. არ გაიტანოთ ეს ხორცი სახლიდან გარეთ და ძვალი მისი არ დაამტვრიოთ.
47ისრაელის მთელმა თემმა გააკეთოს ეს.
48და თუ ვინმე უცხო შემოგეხიზნოს და უფლის პასექის გამზადება მოინდომოს, წინადაიცვითოს მასთან ყოველმა მამროვანმა და მაშინ შეუდგეს მის შესრულებას, და იქნება ქვეყნის მკვიდრივით. და არც ერთმა წინადაუცვეთელმა არ ჭამოს იგი.
49ერთი რჯული ჰქონდეს მკვიდრსა და ხიზანს, თქვენში რომ დასახლდა.“
50და გააკეთეს ყოველივე ისრაელის ძეთ, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს, ისე გააკეთეს.
51და იყო, სწორედ ამ დროს გამოიყვანა უფალმა ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან ლაშქრებად.

Iliyochaguliwa sasa

გამ. 12: GEO02

Kuonyesha

Shirikisha

Nakili

None

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia