მეორე ეზრა 8
8
1ყოველივე ამის შემდეგ, სპარსელთა მეფის არტარქსერქსეს მეფობის დროს, მოვიდა ეზრა, სარაიას ძე, აზარიას, ხილკიას, შალუმის,
2ცადოკის, ახიტუბის, ამარიას, ყუცის, ბუკის, აბიშუაყის, ფინხასის, ელეაზარის, მღვდელმთავარ აარონის შთამომავალი.
3ეს ეზრა მოვიდა ბაბილონიდან როგორც მწიგნობარი და გაწაფული მოსეს სჯულში, ღვთისგან რომ მიეცა ისრაელს.
4პატივი მიაგო მეფემ და კეთილმოსურნედ შეიწყნარა მისი ყოველი სათხოვარი.
5მასთან ერთად მოვიდნენ იერუსალიმში ზოგიერთნი ისრაელის ძეთაგან, მღვდელთა, ლევიანთა, მგალობელთა, მეკარეთა და ტაძრის მსახურთაგან, არტაქსერქსეს მეფობის მეშვიდე წლის მეხუთე თვეს.
6პირველი თვის ახალმთვარობისას ბაბილონიდან გამოსულნი, უფლის კეთილმოწყალებით, მეხუთე თვის ახალმთვარობისას მშვიდობიანად მოვიდნენ იერუსალიმში.
7ხოლო ეზრა სულ იმის ცდაში იყო, რომ არაფერი გამორჩენოდა უფლის სჯულიდან და მცნებათაგან და ყველა ისრაელიანისთვის ესწავლებინა მთელი სამართალი და მსჯავრი.
8მოვიდა მეფე არტაქსერქსეს შემდეგი შინაარსის წერილობითი ბრძანებაც ეზრა მღვდლისა და საღვთო სჯულის მკითხველისადმი:
9„მეფე არტარქსერქსე მოკითხვას უთვლის ეზრა მღვდელსა და საღვთო სჯულის მკითხველს.
10კაცთმოყვრულად განვსაჯე და ვბრძანე: ვისაც კი სურს ჩვენს სამეფოში მყოფი იუდაელი ხალხიდან, მღვდელსა თუ ლევიანს, შენთან ერთად წამოვიდეს იერუსალიმს,
11დიახ, ვისაც სურს, გაემზადოს და თან წამოგყვეს, როგორც განვსაჯე ჩემს შვიდ უახლოეს მრჩეველთან ერთად,
12რათა ნახონ, რა ხდება იუდასა და იერუსალიმში, თანახმად უფლის სჯულისა,
13და მიართვან ჩემგან და ჩემი ახლობლებისაგან აღთქმული ძღვენი იერუსალიმში ისრაელის უფალს, მთელი ოქრო-ვერცხლი, რაც კი მოიძებნება ბაბილონის ქვეყნად, ხალხის შესაწირავთან ერთად მათი უფლის ტაძრისათვის, რომელიც არის იერუსალიმში.
14შეგროვდეს ოქრო-ვერცხლი კურატების, ვერძების, კრავებისა და სხვა მისთანათათვის,
15რათა შესწირონ მსხვერპლი მათი უფლის სამსხვერპლოზე იერუსალიმში.
16და ყველაფერი, რისი აღსრულებაც გსურს შენს ძმებთან ერთად ამ ოქრო-ვერცხლით, აღასრულე შენი ღმერთის ნებისამებრ.
17უფლის წმიდა ჭურჭელი, რაც გებოძა, რათა ემსახურო შენი ღმერთის ტაძარს, რომელიც არის იერუსალიმში,
18და ყველაფერი, რაც დაგჭირდება შენი ღმერთის ტაძრისთვის, სამეფო საგანძურიდან გაეცი.
19და მე, მეფე არტარქსერქსემ, ვუბრძანე სირიისა და ფინიკიის საგანძურთა მცველებს, რომ ყველაფერი, რასაც მოითხოვს ეზრა მღვდელი და უზენაესი ღმერთის სჯულის მკითხველი, დაუყოვნებლივ მიეცეს, თვით ვერცხლის ასი ტალანტიც კი;
20ასევე ხორბალი, ას საწყაულამდე, ამდენივე ღვინო და ბლომად მარილი.
21ყოველივე დანარჩენიც, საღვთო სჯულის შესაბამისად, საგულდაგულოდ აღსრულდეს უზენაესი ღმერთის სახელზე, რათა თავს არ დაატყდეს რისხვა მეფის და მის წულთა სამეფოს.
22იმასაც გეტყვით, რომ არავითარი ხარკი არ დააკისროთ არცერთ მღვდელსა და ლევიანს, მგალობელსა და მეკარეს, ტაძრის მსახურს თუ ტაძრის მწერალს; და არც არავის ჰქონდეს უფლება, რაიმე გადაახდევინოს მათ.
23ხოლო შენ, ეზრა, ღვთის სიბრძნისამებრ, დაადგინე მსაჯულნი და მოსამართლენი, რათა მთელს სირიასა და ფინიკიაში განიკითხავდნენ ყველას, ვინც იცის სჯული შენი ღვთისა, არმცოდნეთ კი წვრთნიდე.
24ღვთის სჯულისა თუ მეფის კანონის ყველა დამრღვევი დაუყოვნებლივ დასჯილ იქნეს სიკვდილით ან წამებით, ფულადი ჯარიმით ან განდევნით“.
25კურთხეულია ერთი უფალი, რომელმაც გულში ჩაუნერგა მეფეს განედიდებინა მისი სახლი იერუსალიმში.
26ხოლო მე პატივი მომაგო მეფის და მისი მრჩევლების, ყველა მისი ახლობლისა და დიდებულის წინაშე.
27მხნეობა მოვიკრიფე უფლის, ჩემი ღმერთის, შეწევნით და შევკრიბე ისრაელის ძენი, რათა ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ.
28აი, წინამძღოლნი მათი საგვარეულოებისა და უხუცესობის მიხედვით, ჩემთან ერთად რომ წამოვიდნენ ბაბილონიდან მეფე არტაქსერქსეს მეფობის დროს:
29ფინხასის ძეთაგან – გერშომი; ითამარის ძეთაგან – გამაელი; დავითის ძეთაგან – ხატუში შექანიას [ძე];
30ფაროშის ძეთაგან – ზაქარია და მასთან ერთად ჩაწერილი ას ორმოცდაათი კაცი;
31ფახათმოაბის ძეთაგან – ელიეჰონაი ზერახიას [ძე] და მასთან ერთად ორასი კაცი;
32ზათუს ძეთაგან – შექანია იახაზიელის [ძე] და მასთან ერთად სამასი კაცი; ყადინის ძეთაგან – ყობედ იონათანის [ძე] და მასთან ერთად ორას ორმოცდაათი კაცი;
33ყელამის ძეთაგან – ესაია ყათალიას [ძე] და მასთან ერთად სამოცდაათი კაცი;
34შეფატიას ძეთაგან – ზერახია მიქაელის [ძე] და მასთან ერთად სამოცდაათი კაცი;
35იოაბის ძეთაგან – ყობადია იეხიელის [ძე] და მასთან ერთად ორას თორმეტი კაცი;
36ბანის ძეთაგან – შელომითი იოსიფიას [ძე] და მასთან ერთად ას სამოცი კაცი;
37ბებაის ძეთაგან – ზაქარია ბებაის [ძე] და მასთან ერთად ოცდა რვა კაცი;
38ყაზგადის ძეთაგან – იოხანანი ჰაკატანის [ძე] და მასთან ერთად ას ათი კაცი;
39ადონიკამის ძეთაგან – უკანასკნელნი; და აი, მათი სახელები: ელიფელეტი, იეყუელი და მათთან ერთად სამოცდაათი კაცი;
40ბიგვაის ძეთაგან – ყუთაი ისტალკურუსის [ძე] და მასთან ერთად სამოცდაათი კაცი.
41შევკრიბე ისინი თერასად წოდებულ მდინარესთან, სამი დღე დავყავით იქ და მე დავათვალიერე ისინი.
42მაგრამ მღვდელთა და ლევიანთაგან ვერავინ ვპოვე იქ.
43მაშინ შევუთვალე ელეაზარს, იდუელს, მაყასმასს, ელნათანს, შემაყიას, იარიბს, ნათანს, ელნათანს, ზაქარიას და მეშულამს, წინამძღვრებსა და სწავლულთ,
44რომ მოსულიყვნენ ყიდოსთან, განძთსაცავის ადგილის წინამძღოლთან,
45და ვუბრძანე მათ: უთხარით-მეთქი ყიდოს, მის ძმებსა და განძთსაცავის ადგილას მყოფთ, მღვდელმსახურნი გამოგვიგზავნონ ჩვენი უფლის სახლისთვის.
46და მოგვგვარეს კიდეც, მტკიცე ხელით ჩვენი უფლისა, მცოდნე კაცნი, მახლის, ლევის ძის, ისრაელის ძის, შერებიას შთამომავალნი – მისი ძენი და ძმანი, თვრამეტი კაცი;
47ხაშაბია და ანუნუსი და მისი ძმა ესაია, ხანანიას ძეთაგან, და მათი ძენი, ოცი კაცი;
48ტაძრის მსახურთაგან, დავითმა და წინამძღოლებმა მსახურებად რომ მისცეს ლევიანებს, ორას ოცი კაცი, თვითოეულის სახელის აღნუსხვით.
49და გამოვუცხადე იქ ჭაბუკებს, რომ ემარხულათ ჩვენი უფლის წინაშე,
50რათა კეთილი მგზავრობა გამოგვეთხოვა მისგან ჩვენთვის, ჩვენი თანამგზავრების, შვილებისა და საქონლისათვის.
51რადგანაც მრცხვენოდა მეფისთვის მეთხოვა ქვეითნი, მხედრები და გამყოლები ჩვენს დასაცავად მტრებისაგან,
52ვინაიდან მეფეს ვუთხარით, რომ ჩვენი უფლის ძალმოსილება მის მაძიებლებთან იქნებოდა ყველა კეთილ საქმეში.
53კვლავ შევევედრეთ ჩვენს უფალს ყოველივე ამისათვის და დიდი წყალობა მივიღეთ მისგან.
54გამოვყავი მღვდლების წინამძღვართაგან თორმეტი კაცი, შერებია, ხაშაბია და მათთან ერთად მათივე ძმებისაგან ათი კაცი.
55და ავუწონე მათ ოქრო-ვერცხლი და ჩვენი უფლის სახლის წმიდა ჭურჭელი, თვით მეფის, მისი მრჩევლების, დიდებულებისა და მთელი ისრაელის მიერ მიძღვნილი;
56ავუწონე და გადავეცი ექვსას ორმოცდაათი ვერცხლის ტალანტი, ასი ტალანტის ვერცხლის ჭურჭელი, ასი ოქროს ტალანტი, ოცი ოქროს ნივთი და ოქროსავე მბზინავი წმიდა სპილენძის თორმეტი ჭურჭელი.
57და ვუთხარი მათ: „თქვენც წმიდანი ხართ უფლის წინაშე, ეს ჭურჭელიც და ოქრო-ვერცხლიც; მაშ, ილოცეთ უფლის, ჩვენი მამა-პაპის უფლის მიმართ.
58იფხიზლეთ და გაუფრთხილდით მათ, ვიდრე არ ჩააბარებთ მღვდლების წინამძღვრებს, ლევიანებს და ისრაელის საგვარეულოთა წინამძღოლებს იერუსალიმში, ჩვენი უფლის სახლის საჭურჭლეში“.
59მღვდლებმა და ლევიანებმა, ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი რომ მიიღეს იერუსალიმში, უფლის ტაძარში შეიტანეს ისინი.
60დავიძარით მდინარე თერასიდან პირველი თვის მეთორმეტე დღეს და შევედით იერუსალიმში ჩვენი უფლის მტკიცე ხელით, რომელიც გვიფარავდა და მტრისაგან გვიცავდა ჩვენ, და ასე მოვაღწიეთ იერუსალიმს.
61აქ, მესამე დღეს, ჩვენი აწონილი ოქრო-ვერცხლი გადაეცა უფლის სახლში მღვდელ მერემოთს, ურიას ძეს.
62მასთან ერთად იყო ელეაზარი, ფინხასის ძე; იქვე იყვნენ ლევიანები – იოზაბადი, იესოს ძე და მოეთი, ბინუის ძე; ყველაფერი ჩააბარეს რიცხვით და წონით და იმავდროულად ჩაწერილ იქნა მათი წონაც.
63ხოლო ტყვეობიდან დაბრუნებულებმა შესწირეს მსხვერპლი უფალს, ისრაელის ღმერთს: თორმეტი კურატი მთელი ისრაელისთვის, ოთხმოცდათექვსმეტი ვერძი, სამოცდათორმეტი კრავი, თორმეტი თხა გადარჩენის აღსანიშნავად, და ყოველივე ეს იყო მსხვერპლი უფლისა.
64მეფის განკარგულებანი გადასცეს სამეფოს გამგებლებსა და კოილე-სირიისა და ფინიკიის მთავრებს, რომლებმაც პატივი მიაგეს ხალხსა და უფლის ტაძარს.
65როცა ყოველივე ეს აღსრულდა, მოვიდნენ ჩემთან წინამძღოლები და მითხრეს:
66„არ განეშორა ისრაელის ერი, მთავრები, მღვდლები და ლევიანები ამ ქვეყნის უცხო ტომებს და მათ უწმინდურებას. ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, იებუსელებს, მოაბელებს, ეგვიპტელებს და ედომელებს,
67რადგან თვითონაც და მათი ძენიც შეეუღლნენ მათ ასულებს და შეერია წმიდა თესლი უცხო თესლს, აქაურ ხალხებს; ხოლო წინამძღოლნი და დიდებულნი ამ უსჯულოების მონაწილენი გახდნენ იმთავითვე“.
68ამის გამგონემ შემოვიძარცვე ტანსაცმელი და სამღვდელო შესამოსელი, თმა-წვერს ვიგლეჯდი და ვიჯექი მწუხარე და შეჭირვებული.
69შემომეხვივნენ ისრაელის უფლის სიტყვით აღძრულნი, როცა უსჯულოების გამო ვგოდებდი და მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე ვიჯექი შეურვებული.
70ნამარხულევი რომ ავდექი შემოხეული ტანსაცმლით და სამღვდელო შესამოსელით, მუხლი მოვიყარე და ხელაპყრობით მივმართე უფალს:
71„უფალო, მრცხვენია და ვძრწი შენი სახის წინაშე;
72რადგანაც ცოდვები თავზე გადაგვდის და ჩვენმა უგუნურებამ ზეცას უწია.
73მამა-პაპის დროიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე დიდ ცოდვაში ვართ დანთქმულნი.
74როგორც ჩვენი, ისე მამა-პაპათა ცოდვების გამო ჩვენს ძმებთან, ჩვენს მეფეებსა და ჩვენს მღვდლებთან ერთად ქვეყნიერების მეფეთა ხელში ჩაგვყარე მახვილით ამოსაწყვეტად, საძარცვავად და საგინებლად დღევანდელ დღემდე.
75მაგრამ რაოდენი მოწყალება მოიღე ჩვენზე ამჟამად, რათა შეგვენარჩუნებინა, უფალო, ჩვენი ფესვი და სახელი შენი საწმიდრის ადგილას;
76შენ მოგვივლინე ნათელი ჩვენი უფლის სახლში და დროულად გვიწყალობე საზრდო ჩვენი მონობის ჟამს.
77მონობაშიაც არ მივუტოვებივართ ჩვენს უფალს, არამედ მადლი მოგვფინა სპარსელ მეფეთა წინაშე,
78რათა მოეცათ ჩვენთვის საზრდო, განედიდებინათ ჩვენი უფლის ტაძარი და აღდგენილიყო დაქცეული სიონი, ხოლო ჩვენ დავმკვიდრებულიყავით იუდასა და იერუსალიმში.
79„აწ რაღა გვეთქმის, უფალო, ყოველივე ამის მქონებელთ? დავარღვიეთ შენი ბრძანებულებანი, რომელნიც მოგვეცი შენი მონა-მორჩილი წინასწარმეტყველთა ხელით და გვითხარი:
80‘ქვეყანა, რომელშიაც შედიხართ, რათა დაიმკვიდროთ იგი, წაბილწულია ქვეყნიერების უცხოელთა სიბილწით, და მათი უწმინდურებითაა სავსე;
81ასე რომ, ამიერიდან თქვენს ასულთ ცოლად ნუ მისცემთ მათ ვაჟებს და ნურც თქვენს ვაჟებს მოჰგვრით მათ ასულთ ცოლად;
82ნურასოდეს დაუზავდებით მათ, რათა გაძლიერდეთ, იგემოთ სიკეთენი ამ მიწისა და თქვენს შვილებს საუკუნო სამკვიდროდ მისცეთ იგი’.
83რაც მოგვდის, ჩვენი უკეთური საქმეებისა და ჩვენი დიდი ცოდვების გამო მოგვდის.
84შენ შეგვიმსუბუქე, უფალო, ჩვენი ცოდვები და მოგვეცი ასეთი ფესვი, მაგრამ ჩვენ კვლავ მივიქეცით, რათა დაგვერღვია შენი სჯული და შევრეოდით ამ ქვეყნის ხალხთა უწმინდურებას.
85ისე ხომ არ გაგვირისხდი, რომ ამოგვწყვიტო და აღარც ჩვენი ფესვი დარჩეს, აღარც თესლი და აღარც სახელი?
86ჭეშმარიტი ხარ, უფალო ისრაელისა, რადგანაც ფესვად დავრჩით დღევანდელ დღემდე.
87მაგრამ აწ კვლავ უსჯულოებაში დანთქმულნი ვართ შენს წინაშე, თუმცა არ კი უნდა ვყოფილიყავით შენს პირისპირ“.
88როცა ეზრა ლოცულობდა, აღსარებას ამბობდა და ტიროდა ტაძრის წინ მიწას განრთხმული, გარს შემოადგა იერუსალიმიდან დიდძალი ხალხი: ქალები, კაცები და ბავშვები, და იყო დიდი გოდება ხალხში.
89შეღაღადა იექონიამ, იეელოსის ძემ, ისრაელის ძეთაგან, და უთხრა ეზრას: „ჩვენ ვცოდეთ უფალს და შევეუღლეთ ამ ქვეყნის უცხო ტომთა ქალებს; და, აი, ახლა შენი იმედი აქვს ისრაელს.
90შევფიცოთ უფალს, რომ გავუშვებთ უცხოტომელ ცოლებს თავიანთი შვილებითურთ, როგორც განსაჯე შენ და საღვთო სჯულის ყველა მორჩილმა.
91აღდექ და აღასრულე ეს შენი საქმე, და შენთან ერთად როგორმე ჩვენც შევძლებთ ამას“.
92აღდგა ეზრა, დააფიცა მთელი ისრაელის მღვდლების და ლევიანების წინამღძოლნი, რომ ასე მოიქცეოდნენ, და მათაც შეჰფიცეს.
Iliyochaguliwa sasa
მეორე ეზრა 8: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002