Chapa ya Youversion
Ikoni ya Utafutaji

მეორე ეზრა 9

9
1წამოდგა ეზრა ტაძრის ეზოდან და გაემართა იეჰოხანანის, ელიაშიბის ძის სადგომისაკენ.
2იქ ყოფნისას არც პური უჭამია და არც წყალი უსვამს, გლოვობდა ხალხის დიდი უსჯულოების გამო.
3მთელს იუდასა და იერუსალიმში ეუწყა ტყვეობიდან ყველა გამოსულს, თავი მოეყარათ იერუსალიმში.
4ვინც არ მოვიდოდა ორი თუ სამი დღის განმავლობაში, უხუცესთა წინამძღოლების სამართლით მთელი ქონება ჩამოერთმეოდა, თვითონ კი გაძევებულ იქნებოდა ტყვედყოფილთა კრებულისაგან.
5სამ დღეში ყველანი შეიკრიბნენ იერუსალიმში იუდასა და ბენიამინის ტომიდან, – ეს იყო მეცხრე თვის მეოცე დღეს.
6ისხდა მთელი ხალხი ეზოში და ცახცახებდა, რადგან ზამთარი იდგა.
7წამოდგა ეზრა და უთხრა მათ: „თქვენ დაარღვიეთ სჯული, რაკიღა უცხო ტომის ქალები შეირთეთ ცოლად, და უმრავლეთ ცოდვა ისრაელს.
8ახლა აღსარება უთხარით და ადიდეთ უფალი, ჩვენი მამა-პაპის ღმერთი;
9აღასრულეთ მისი ნება და განეშორეთ ქვეყნის ხალხებს და უცხო ტომის ცოლებს“.
10ხმა აიმაღლა მთელმა ხალხმა და შეღაღადა: „როგორც თქვი, ესე მოვიქცევით.
11მაგრამ ხალხმრავლობაა და ზამთარი დგას, არ შეგვიძლია ვიდგეთ ღია ცის ქვეშ, ეს არც ერთი დღის საქმეა და არც ორისა, რადგანაც ურიცხვი ცოდვა მიგვიძღვის ამ მხრივ.
12ამიტომაც დადგენილ იქნენ ხალხის წინამძღოლნი, და ყველა, ვისაც ჩვენში უცხო ტომის ქალი ჰყავს ცოლად, თავის დროს გამოცხადდეს მათთან,
13თვითოეული ადგილის უხუცესისა და მსაჯულის თანხლებით, ვიდრე არ დაცხრება უფლის რისხვა ჩვენზე ამ საქმის გამო“.
14თავს იდვეს ეს იონათანმა, ყასაელის ძემ, და იახზეიამ, თიკვას ძემ, ხოლო მეშულამი, ლევი და შაბეთაი შეეწეოდნენ მათ.
15და ყველაფერი ამის მიხედვით აღასრულეს ტყვეობიდან გამოსულებმა.
16ეზრა მღვდელმა სახელდებით ამოირჩია საგვარეულოთა წინამძღვარნი, და შეიკრიბნენ ისინი მეათე თვის ახალმთვარობისას საქმის გასარჩევად.
17და დასრულდა იმათი საქმის გამოძიება, ვისაც ცოლად ჰყავდა უცხო ტომის ქალი, პირველი თვის ახალმთვარობისას.
18აღმოჩნდა, რომ შეკრებილ მღვდელთაგან უცხო ტომის ცოლები ჰყავდათ:
19იოცედეკის ძის, იესოს ძეთა და ძმათაგან – მაყასეიას და ელეაზარს, იარიბს და იოდანს,
20რომლებმაც ფიცი დადეს, რომ გაუშვებდნენ ცოლებს და მოიყვანეს ვერძები თავიანთი ცოდვების მისატევებლად.
21იმერის ძეთაგან – ხანანი და ზებადია, მაყასეია და შემაყია, იეხიელი და ყაზარია;
22ფაშხურის ძეთაგან – ელიოყენაი, მაყასეია, ისმაელი, ნათანაელი, გედალია, ელყასა;
23ლევიანთაგან – იოზაბდი და შიმყი, კელაია (იგივე კელიტა) და ფეთახია, იუდა და იონა;
24მგალობელთაგან – ელიაშიბი და ზაქური;
25მეკარეთაგან – შალუმი და ტელემი;
26ისრაელისგან, ფარყოშის ძეთაგან – რამია და იზია, მალქია და მიამინი, ელეაზარი, ხაშაბია და ბენაია;
27ყელამის ძეთაგან – მათანია და ზაქარია, იეხიელი და ყაბდი, იერემოთი და ელია;
28ზათუს ძეთაგან – ელიოყენაი, ელიაშიბი, ოთონია, იერემოთი, ზაბადი და ზერდაია;
29ბებაის ძეთაგან – იოხანანი და ხანანია, ზაბდი და ემათისი;
30ბანის ძეთაგან – მეშულამი, მალუქი, ყადაია, იაშუბი, შეალი და იერემოთი;
31ყიდოს ძეთაგან – ნაათუსი და მოოსიასი, ლაკუნუსი და ნაიდუსი, ბესკასპასმისი და სესთელი, ბელნუუსი და მენაშეასი.
32ხანანის ძეთაგან – ელიონასი და ყასაიასი, მელქიასი, საბაიასი და სიმონ ქოსამეუსი.
33ხაშუმის ძეთაგან – მათენაი და მათათა, ზაბადი და ელიფელეტი, მენაშე და შიმყი;
34ბანის ძეთაგან – იერემია, მაყადაი, ყამრამი, იოელი, მამდაი, ბედეია, ვანია, კარაბასიონ, ელიაშიბი, მაქნადებაი, ელიასისი, ბინუი, ელიალისი, შიმყი, შელემია, ნეთანია; ეზორას ძეთაგან – შეშაი, ყაზარელი, ყაზაელი, შემაყია, ამარია, იოსები;
35ნებოს ძეთაგან – მათითია, ზაბადი, ყიდო, იოელი და ბენაია.
36ყველა ესენი ცხოვრობდნენ უცხო ტომის ცოლებთან და გაუშვეს ისინი ბავშვებიანად.
37და დამკვიდრდნენ მღვდლები, ლევიანები და ისრაელიანები იერუსალიმში და სოფლად, მეშვიდე თვის ახალმთვარობისას, ხოლო ისრაელიანები – თავ-თავიანთ ადგილას.
38მთელმა ხალხმა ერთად მოიყარა თავი აღმოსავლეთის ბჭესთან, გაშლილ ადგილას.
39და სთხოვეს ეზრას, მღვდელმთავარსა და მკითხველს, გამოეტანა მოსეს სჯული, ბოძებული უფლის, ისრაელის ღმერთის მიერ.
40გამოუტანა მღვდელმთავარმა ეზრამ სჯული მთელ ხალხს, კაციდან ქალამდე, და ყველა მღვდელს, რათა მოესმინათ იგი მეშვიდე თვის ახალმთვარობისას.
41კითხულობდა ტაძრის ბჭესთან, გაშლილ ადგილას, ცისკრიდან შუადღემდე, კაცებისა და ქალების წინაშე, და მთელი ხალხი უსმენდა სჯულს.
42და შედგა ეზრა, მღვდელი და მკითხველი, გამზადებულ ფიცარნაგზე.
43მხარმარჯვნივ ედგნენ მათათია, შემაყი, ყანაია, ყაზარია, ურია, ხიზკია და ბალსამუსი;
44ხოლო ხელმარცხნივ – ფედაია, მისაელი, მალქია, ლოთასუბუსი, ნაბარია და ზაქარია.
45აიღო ეზრამ სჯულის წიგნი ხალხის თვალწინ და დიდებით დაჯდა ყველას წინაშე.
46სჯულს რომ ხსნიდა, ყველა წელგამართული იდგა; და აკურთხა ეზრამ უფალი ღმერთი, უზენაესი ღმერთი საბაოთ, ყოვლისმპყრობელი.
47მთელმა ხალხმა ერთხმად შეჰღაღადა: „ამინ!“ ხელაპყრობილი დაემხო მიწაზე და თაყვანი სცა უფალს.
48ლევიანები – იესო და ანიუთი, შერებია და იამინი, ყაკუბი და შაბეთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარია, იოზაბდი, ხანანი და ფელაია ხალხის წინაშე კითხულობდნენ უფლის სჯულს და იმავდროულად, კიდევაც განმარტავდნენ მას.
49და უთხრა ატარატესმა ეზრას, მღვდელმთავარსა და მკითხველს, და ლევიანებს, ყველაფერს რომ ასწავლიდნენ ხალხს:
50„წმიდაა ეს დღე უფლისათვის“ – და ყველანი ტიროდნენ, როცა უსმენდნენ სჯულს –
51„მაშ, წადით, ჭამეთ ნოყიერი და სვით ტკბილი, და წყალობას ნუ მოაკლებთ უპოვართ,
52ვინაიდან წმიდაა ეს დღე უფლისათვის და ნუ მწუხარებთ, რადგან უფალი განგადიდებთ თქვენ“.
53ლევიანებიც შეაგონებდნენ ხალხს და ამბობდნენ: წმიდაა ეს დღე და ნუ მწუხარებთო.
54წავიდნენ ყველანი, რათა ესვათ და ეჭამათ, ელხინათ და გაეკითხათ უპოვარნი; და ხარობდნენ დიდად,
55რადგანაც გამსჭვალულნი იყვნენ სიტყვებით, საკრებულოში რომ ესწავლათ.

Kuonyesha

Shirikisha

Nakili

None

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia