YouVersion Logo
Search Icon

Zechariah 1

1
1დარიოსის მეფობის მეორე წლის მერვე თვეს იყო უფლის სიტყვა წინასწარმეტყველ ზაქარიას მიმართ, ძისა ბერექიასი, ძისა ყიდოსი:#ეზრ 4:24—5:1; 6:14. 2დიდი განრისხებით განურისხდა უფალი თქვენს მამებს. 3უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: მოიქეცით ჩემსკენ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და მეც მოვიქცევი თქვენსკენ, – ამბობს ცაბაოთ უფალი. 4ნუ იქნებით, როგორც თქვენი მამები, რომელთაც მოუწოდებდნენ უწინდელი წინასწარმეტყველნი და ეუბნებოდნენ: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მოიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან და ბოროტი საქმეებისგან!“ მაგრამ არ მისმენდნენ და არ მიგონებდნენ, – ამბობს უფალი. 5სადღა არიან თქვენი მამები? და განა წინასწარმეტყველნიც საუკუნოდ ცოცხლობენ? 6მაგრამ ჩემი სიტყვები და მცნებები, რომლებიც ვუანდერძე ჩემს მსახურთ, წინასწარმეტყველთ, ხომ მისწვდა თქვენს მამებს? ისინი მიუბრუნდნენ ერთმანეთს და უთხრეს: „როგორც განიზრახა ცაბაოთ უფალმა მოგვქცეოდა ჩვენი გზებისა და საქმეების გამო, ისეც მოგვექცა.“
7მეთერთმეტე თვის, ანუ შებატის თვის, ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა წინასწარმეტყველ ზაქარიასადმი, ძისა ბერექიასი, ძისა ყიდოსი. 8ვიხილე ღამით: აჰა, მხედარი ზის წითელ ცხენზე და დგას იგი მირტის ხეებში, შუა ველზე, მის უკან კი სხვა ცხენებია: წითელი, ჩალა და თეთრი.#გცხ 6:4; გცხ 6:2. 9და ვთქვი: „ვინ არიან ესენი, ჩემო ბატონო?“ მითხრა ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: „მე გაჩვენებ, ვინც არიან ესენი.“ 10ხმა გაიღო კაცმა, მირტის ხეებში რომ იდგა, და თქვა: „ესენი არიან, რომლებიც მოავლინა უფალმა ქვეყნის შემოსავლელად.“ 11მიუგეს უფლის ანგელოზს, მირტის ხეთა შორის რომ იდგა, და უთხრეს: „შემოვიარეთ ქვეყანა და, აჰა, მთელი ქვეყანა დასახლებული და დამშვიდებულია.“ 12მიუგო უფლის ანგელოზმა და თქვა: „ცაბაოთ უფალო! როდემდის არ მოიღებ მოწყალებას იერუსალიმზე და იუდას ქალაქებზე, რომლებიც უკვე 70 წელია, რაც შერისხული გყავს?“ 13მიუგო უფალმა ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა, კეთილი სიტყვები, ნუგეშის სიტყვები. 14მითხრა ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა: მოუწოდე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: დიდი შურით ვარ აღძრული იერუსალიმისა და სიონის მიმართ. 15დიდი რისხვით ვარ განრისხებული ნებივრად მცხოვრებ ხალხებზე; რადგან ოდნავ განვრისხდი და – მოუმატეს მათ ბოროტებას. 16ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მოწყალებით მივხედე იერუსალიმს; იქ აიგება ჩემი ტაძარი, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და ლარი გაიჭიმება იერუსალიმზე. 17კიდევ მოუწოდე და თქვი: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: „კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით და კვლავ შეიწყალებს უფალი სიონს და კვლავ აირჩევს იერუსალიმს.“
18ავახილე თვალი და, აჰა, ოთხი რქაა. 19ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: „რა არის ეს?“ მითხრა: „ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისრაელი და იერუსალიმი.“ 20და დამანახვა უფალმა ოთხი მჭედელი. 21და მე ვთქვი: „რის გაკეთებას აპირებენ ესენი?“ ასე მითხრა: „ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისე რომ არავის აუწევია თავი მაღლა. ეს მჭედლები კი მოსულნი არიან დასაშინებლად, იმ ხალხთა რქების დასახრელად, რომელთაც რქა აღუმართავთ იუდეის ქვეყნის წინააღმდეგ, მის გასაფანტავად.“

Currently Selected:

Zechariah 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy