YouVersion Logo
Search Icon

Judges 1

1
1იესოს სიკვდილის შემდეგ ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს: „ჩვენგან პირველი ვინ უნდა გავიდეს ქანაანელებთან საომრად?“ 2და თქვა უფალმა: „იუდა უნდა გავიდეს; აჰა, მას ვაძლევ ხელთ იმ მიწა-წყალს.“ 3მაშინ უთხრა იუდამ სიმეონს, თავის ძმას: „გამოდი ჩემთან ერთად ჩემს წილხვედრში და ვეომოთ ქანაანელთ; მე კი შენს წილხვდრში წამოვალ შენთან ერთად.“ და წავიდა სიმეონი მასთან ერთად. 4და გავიდა იუდა და უფალმა ხელში ჩაუგდო ქანაანელნი და ფერიზელნი. და მოსრა ისინი ბეზეკში – 10 ათასი კაცი. 5ბეზეკში ისინი შეეჯახნენ ადონი-ბეზეკს. შეებნენ მას და დაამარცხეს ქანაანელნი და ფერიზელნი. 6და გაიქცა ადონი-ბეზეკი და დაედევნენ უკან, შეიპყრეს იგი, და დააჭრეს ხელ-ფეხზე ცერის თითები. 7და თქვა ადონი-ბეზეკმა: „ხელ-ფეხზე ცერებდაჭრილი 70 მეფე ჩემი სუფრის ქვეშ აგროვებდა ნამუსრევს. რასაც მე ვაკეთებდი, იგივე მომაგო მე ღმერთმა.“ და წაიყვანეს ის იერუსალიმში და იქ მოკვდა.
8შეუტიეს იუდას ძეთ იერუსალიმს და აიღეს იგი, და მოსრეს იგი მახვილის პირით, და ქალაქი ცეცხლს მისცეს.
9შემდეგ იუდას ძენი საომრად წავიდნენ ქანაანელებთან, რომლებიც მკვიდრობდნენ მთებში, ნეგებსა და ბარის დაბლობებში. 10და გაილაშქრა იუდამ ქანაანელებზე, ხებრონში რომ მკვიდრობდნენ (უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა) და დაამარცხეს მათ შეშაი, ახიმანი და თალმაი.
11და გაილაშქრეს იქიდან დებირის მკვიდრებზე (დებირს უწინ კირიათ-სეფერი ერქვა). 12და თქვა ქალებმა: „ვინც სძლევს კირიათ-სეფერს და აიღებს, მას ცოლად მივცემ ყაქსას, ჩემს ასულს.“ 13და აიღო იგი ღოთნიელმა, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძემ, და ცოლად მისცა მას ქალებმა ყაქსა, თავისი ასული. 14მივიდა ახსა და ღოთნიელი დაიყოლია, რომ მისი მამისგან მიწის ნაკვეთი გამოეთხოვა.
„რა გინდა?“ – ჰკითხა ქალებმა ახსას, როცა ის სახედრიდან ჩამოხდა. 15და უთხრა ახსამ მამას: „მომეცი კურთხევა! და რაკი გვალვიან სამხრეთის მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევებიც მომეცი.“ და მისცა მას ქალებმა როგორც ზემო, ისე ქვემო წყალსატევები.
16და ძენი კენიელისა, მოსეს სიმამრისა, ამოჰყვნენ ფინიკების ქალაქიდან იუდას ძეებს იუდას უდაბნოში, რომელიც ყარადის სამხრეთითაა, და წავიდნენ და დაემკვიდრნენ იმ ხალხთან.
17და წავიდა იუდა სიმეონთან, თავის ძმასთან, ერთად და მოსრეს მათ ქანაანელნი, ცეფათის მკვიდრნი; და დაარისხეს ის ქალაქი, და უწოდეს იმ ქალაქს სახელად ხორმა. 18და აიღო იუდამ ღაზა და მისი შემოგარენი, აშკელონი და მისი შემოგარენი, ყეკრონი და მისი შემოგარენი. 19უფალი იყო იუდასთან და დაიმკვიდრა მან მთები, მაგრამ ბარელები ვერ აჰყარა, რადგან მათ რკინის ეტლები ჰქონდათ. 20და მისცეს ქალებს ხებრონი, როგორც მოსეს ჰქონდა ნათქვამი, და აჰყარა ქალებმა იქიდან სამი ძე ყანაკისა.#ისნ 15:13,14.
21ხოლო იებუსელები, რომლებიც იერუსალიმში ცხოვრობდნენ, ვერ აჰყარეს ბენიამინის ძეთ, და დღევანდლამდე ცხოვრობენ იებუსელნი ბენიამინის მოდგმასთან ერთად იერუსალიმში.#ისნ 15:63; 2მფ 5:6; 1ნშ 11:4.
22იოსების სახლმაც შეუტია ბეთელს, და უფალი იყო მასთან. 23იდგა და ზვერავდა იოსების სახლი ბეთელს (ძველად ამ ქალაქს ერქვა ლუზი). 24და დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამოსული კაცი და უთხრეს: „გვიჩვენე, როგორ შევაღწიოთ ქალაქში და სიკეთეს გიზამთო სიკეთისათვის.“ 25და უჩვენა მან ქალაქის შესასვლელი; და მოსრეს ქალაქი მახვილის პირით, და ის კაცი და მთელი მისი სახლეული გაუშვეს. 26წავიდა ის კაცი ხეთელთა ქვეყანაში, და ააშენა ქალაქი, და სახელად უწოდა ლუზი. და შერჩა მას ეს სახელი დღევანდელ დღემდე.
27და მანაშეს არ აუყრია მკვიდრნი ბეთ-შეანისა და მისი სოფლებისა, და თაყანაქისა და მისი სოფლებისა, და მკვიდრნი დორისა და მისი სოფლებისა, და მკვიდრნი იბლეყამისა და მისი სოფლებისა, და მკვიდრნი მეგიდოსი და მისი სოფლებისა; და დარჩნენ ქანაანელნი ამ ქვეყანაში საცხოვრებლად.#ისნ 17:11-13. 28და როცა მომძლავრდა ისრაელი, ქანაანელნი მოხარკედ გაიხადა, აყრით კი არ აუყრია.
29და არც ეფრემს აუყრია ქანაანელნი, გეზერის მკვიდრნი, და ქანაანელნი მკვიდრობდნენ მათ შორის გეზერში.#ისნ 16:10.
30არც ზებულუნს აუყრია კიტრონისა და ნაჰალოლის მკვიდრნი; ქანაანელნი მკვიდრობდნენ მათ შორის და მოხარკედ გაუხდნენ.
31არც აშერს აუყრია ყაქოს და ციდონის, ახლაბის, აქზიბის, ხელბას, აფიკისა და რეხობის მკვიდრნი. 32და ცხოვრობდნენ აშერიანები ქანაანელთა შორის, რადგან ვერ აჰყარა ისინი.
33არც ნაფთალის აუყრია ბეთ-შემეშის და ბეთ-ყანათის მკვიდრნი. და დაემკვიდრა ქანაანში, ამ ქვეყნის მკვიდრთა შორის; და ბეთ-შემეშისა და ბეთ-ყანათის მკვიდრნი მოხარკეებად გაუხდნენ.
34და მთებში შეკუნჭეს ამორეველებმა დანელები და ბარში აღარ უშვებდნენ. 35და დაიწყეს ამორეველებმა ხარ-ხერესის მთაზე ცხოვრება, აიალონსა და შაყალბიმში; მაგრამ დამძიმდა ხელი იოსების სახლისა და მოხარკეებად გაიხადა ისინი.
36და ამორეველთა საზღვარი ყაკრაბიმის მაღლობზე, სელაზე და მის მაღლა გადიოდა.

Currently Selected:

Judges 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy