YouVersion Logo
Search Icon

Joshua 24

24
1და შეჰყარა იესომ ისრაელის ყველა ტომი შექემში, და მოუხმო ისრაელის უხუცესებს, და მის ერისთავებს, და მის მსაჯულებსა და მის მოხელეებს, და ისინი წარდგნენ ღვთის წინაშე. 2და უთხრა იესომ მთელ ხალხს: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘დასაბამიდან მდინარის გაღმა ცხოვრობდნენ თქვენი მამები: თერახი, მამა აბრაამისა და მამა ნახორისა, და ემსახურებოდნენ სხვა ღმერთებს.#დაბ 11:27. 3და წამოვიყვანე თქვენი მამა, აბრაამი, მდინარის გაღმიდან და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, და გავამრავლე მისი თესლი, და მივეცი მას ისააკი,#დაბ 12:1-9; დაბ 21:1-3. 4და ისააკს მივეცი იაკობი და ესავი. და მივეცი ესავს სეყირის მთა დასამკვიდრებლად, ხოლო იაკობი და მისი ძენი ეგვიპტეში ჩავიდნენ.#დაბ 25:24-26; დაბ 36:8; რჯ 2:5; დაბ 46:1-7. 5და გავაგზავნე მოსე და აარონი, და ვგვემე ეგვიპტე იმით, რაც მოვიმოქმედე მის შუაგულში, და მერე გამოგიყვანეთ თქვენ.#გამ 3:1—12:42. 6და გამოგიყვანეთ თქვენ და თქვენი მამები ეგვიპტიდან. და როდესაც თქვენ ზღვას მოადექით, და ეგვიპტელნი, უკან რომ დაედევნენ თქვენს მამებს ეტლებითა და მხედრებით, და მეწამულ ზღვასთან რომ წამოეწივნენ,#გამ 14:1-31. 7შეჰღაღადეს უფალს თქვენმა მამებმა, და მანაც მოავლინა წყვდიადი თქვენსა და ეგვიპტელებს შუა, და მოაქცია მათზე ზღვა, რომელმაც დაფარა ისინი. და თქვენმა თვალმა იხილა, რაც მოვიმოქმედე მე ეგვიპტეში. და თქვენ დიდხანს ცხოვრობდით უდაბნოში. 8და მოგიყვანეთ თქვენ ამორეველთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ იყო; მათ ბრძოლა გაგიმართეს, მაგრამ მე ხელში ჩაგაგდებინეთ ისინი; თქვენ დაიმკვიდრეთ მათი ქვეყანა, და მე აღვგავე ისინი თქვენგან.#რცხ 21:21-35. 9ადგა მოაბის მეფე ბალაკი, ძე ციფორისა, და შეებრძოლა ისრაელს, და მიავლინა და მოუხმო ბალაამ ბეყორის ძეს თქვენს დასაწყევლად.#რცხ 22:1—24:25. 10და არ ვინებე ბალაამის მოსმენა და მან დაგლოცათ. და ასე გიხსენით მე მისი ხელიდან. 11თქვენ გადალახეთ იორდანე და მიადექით იერიხოს. და ბრძოლა გაგიმართეს თქვენ იერიხოს პატრონებმა: ამორეველებმა, ფერიზელებმა, ქანაანელებმა, ხეთელებმა, გირგაშელებმა, ხიველებმა და იებუსელებმა, და მე ხელში ჩაგიგდე ისინი.#ისნ 3:14-17; ისნ 6:1-21. 12კრაზანები გამოვუშვი თქვენს წინ და მათ განდევნეს თქვენგან ორი ამორეველი მეფე – არა შენი მახვილით და არა შენი მშვილდით.#გამ 23:28; რჯ 7:20. 13და მოგეცით თქვენ ქვეყანა, რომელზეც არ გიშრომიათ, და ქალაქები, რომლებიც თქვენ არ გიშენებიათ, და თქვენ ცხოვრობთ მათში. და საზრდოობთ ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც თქვენ არ გაგიშენებიათ.’#რჯ 6:10,11.
14მაშ გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად; განიშორეთ ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდნენ თქვენი მამები მდინარის გაღმა და ეგვიპტეში, და ემსახურეთ მხოლოდ უფალს. 15და თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის მსახურება, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ: ღმერთებს, ვისაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ მდინარის გაღმა, თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც თქვენ ცხოვრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფალს მოვემსახურებით.“
16და მიუგო ხალხმა, და თქვა: „ღმერთმა დაგვიფაროს, რომ უფალი მივატოვოთ და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ! 17რადგან უფალი არის ჩვენი ღმერთი, მან გამოგვიყვანა ჩვენ და ჩვენი მამები ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, და ჩვენს თვალწინ მოიმოქმედა დიდი სასწაულები, და გვიცავდა მთელ გზაზე, რომელზეც დავდიოდით, და ყველა ხალხებში, რომელთა შორისაც ჩვენ გავიარეთ. 18და განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორეველებიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც უნდა ვემსახუროთ უფალს, რადგან ის არის ჩვენი ღმერთი.“
19და უთხრა იესომ ხალხს: „ვერ შეძლებთ უფლის მომსახურებას, რადგან წმიდა ღმერთია იგი, შურისმგებელი ღმერთია იგი, არ გაპატიებთ თქვენს დანაშაულსა და ცოდვებს. 20თუ მიატოვებთ უფალს და მოემსახურებით უცხო ღმერთებს, კვლავ ბოროტებას დაგათევთ თავს უფალი. და მოგსპობთ, მას შემდეგ, რაც სიკეთე გიყოთ.“ 21და მიუგო ხალხმა იესოს: არა, რადგან უფალს უნდა ვემსახუროთო. 22და უთხრა იესომ ხალხს: „მოწმენი ხართ თქვენი თავისა, რომ თქვენ თვითონ ირჩევთ უფალს, რათა ემსახუროთ მას?“ და თქვეს: „მოწმენი ვართ!“ 23„მაშ განიშორეთ უცხო ღმერთები, რომლებიც ჯერ კიდევ თქვენთვის გყავთ, და მიაბრუნეთ თქვენი გული უფლის, ისრაელის ღმერთისაკენ.“ 24და უთხრა ხალხმა იესოს: „უფლის, ჩვენი ღმერთის, მსახურებაში ვიქნებით და ყურს დავუგდებთ მის ხმას.“ 25ასე დადო იესომ აღთქმა იმ დღეს ხალხთან, და წესი და სამართალი მისცა მათ შექემში. 26და ჩაწერა იესომ ეს სიტყვები ღვთის რჯულის წიგნში, და აიღო დიდი ლოდი და აღმართა იქ, მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა. 27და უთხრა იესომ მთელ ხალხს: „აჰა, ეს ლოდი იყოს ჩვენს მოწმედ, რადგან მან მოისმინა ყველა სიტყვა, რომელიც უფალმა გვითხრა ჩვენ; და იქნება ის თქვენს წინააღმდეგ მოწმედ, თუ უარყოფთ თქვენს ღმერთს.“ 28და გაისტუმრა იესომ ხალხი, თითოეული თავის სამკვიდროში.
29და ამ ამბის შემდეგ მოკვდა იესო ნავეს ძე, უფლის მსახური, ას ათი წლისა. 30და დამარხეს იგი მის სამკვიდრო მიწაზე, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე რომ არის, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.#ისნ 19:49,50.
31და ემსახურებოდა ისრაელი უფალს იესოს მთელს დღეებში და უხუცესთა მთელს დღეებში, რომელნიც ცხოვრობდნენ იესოს მერეც და, რომელთაც იხილეს უფლის ყოველი საქმე, რაც ისრაელისთვის მოიმოქმედა.
32და იოსების ძვლები, ისრაელის ძეებმა რომ ამოიტანეს ეგვიპტიდან, დაკრძალეს შექემში, იმ მინდვრის ნაკვეთზე, რომელიც ნაყიდი ჰქონდა იაკობს შექემის მამის, ხამორის ძეთაგან, ას კესიტად, და ერგო იოსების ძეთ სამკვიდროდ.#დაბ 33:19; 50:24,25; გამ 13:19; იო 4:5; საქ 7:16.
33და მოკვდა ელეაზარი, აარონის ძე, და დამარხეს იგი მისი ძის, ფინეხასის ბორცვზე, რომელიც მიეცა მას ეფრემის მთაში.

Currently Selected:

Joshua 24: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy