Hosea 14
14
1მსჯავრი დაედება სამარიას, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს; მახვილით დაეცემიან ისინი; მათი ძენი აიკუწებიან, და მათი ორსულნი გაიფატრებიან. 2მოიქეც, ისრაელ, შენი უფალი ღმერთისკენ, რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე. 3შეიგონეთ სიტყვები და მოიქეცით უფლისკენ. უთხარით მას: „სრულიად აგვხადე უკეთურება, მიგვიღე ჩვენ კეთილად, ჩვენ კი ჩვენი ბაგეების ნაყოფს შემოგწირავთ. 4ვეღარ გვიხსნის აშური, ცხენებზე აღარ ავმხედრდებით და ჩვენს ღმერთებად აღარ შევრაცხავთ ჩვენსავე ნახელავს, რადგან მხოლოდ შენში ჰპოვებს სიბრალულს ობოლი.“ 5განვკურნავ მათ განდგომას და გულით შევიყვარებ მათ, რადგან გაივლის ჩემი რისხვა მათდამი. 6ვიქნები ცვარი ისრაელისათვის; აყვავდება, როგორც შროშანი და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს. 7განზე წავლენ მისი რტოები, ზეთისხილის ბრწყინვალება ექნება და ლიბანის სურნელი. 8დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომნი; სიცოცხლეს მიანიჭებენ ხორბალს და ვაზივით აყვავილდებიან; ლიბანის ღვინოსავით გაითქვამს სახელს. 9რაღა მესაქმება, ეფრემ, კერპებთან? მე შევიწყნარე და მივხედავ მას; მე ამწვანებული კვიპაროსი ვარ, ჩემგან გექნება შენ ნაყოფი. 10ვინც ბრძენია, შეიგრძნოს ეს, ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი დადიან მასზე; განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე.
Currently Selected:
Hosea 14: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა