YouVersion Logo
Search Icon

Exodus 9

9
1და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე თქვა-თქო უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს. 2თუ უარს იტყვი გაშვებაზე და კვლავ დააკავებ, 3აჰა, უფლის ხელი იქნება შენს საქონელზე, მინდვრად რომ გყავს – ცხენებზე, ვირებზე, აქლემებზე, ძროხაზე, ცხვარზე და თხებზე – გაჩნდება ძალზე მძიმე ჭირი. 4განარჩევს უფალი ისრაელიანთა საქონელს და ეგვიპტელთა საქონელს ერთმანეთისგან და არაფერი დაეხოცებათ ისრაელიანთ.’“ 5და დანიშნა უფალმა ჟამი და თქვა: „ხვალ აღასრულებს ამ საქმეს უფალი ქვეყანაში.“ 6და აღასრულა უფალმა ეს საქმე მეორე დღეს და გაწყდა ეგვიპტელთა საქონელი, ხოლო ისრაელიანთა საქონელს არც ერთი სული არ დაჰკლებია. 7გაგზავნა ფარაონმა შესატყობად და აჰა, არც ერთი სული არ იყო დაღუპული ისრაელის საქონელიდან. გაქვავდა ფარაონის გული და არ გაუშვა ხალხი.
8და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „აიღეთ სავსე პეშვი ქურის ნაცარი და ცისკენ ააფრქვიოს მოსემ ფარაონის თვალწინ. 9და მტვრად მოეფინება იგი მთელს ეგვიპტის ქვეყანას, და გამოაყრის კაცსა და პირუტყვს ჩირქოვანი მუწუკი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.“ 10და აიღეს ქურის ნაცარი და წარდგნენ ფარაონის წინაშე და ააფრქვია ის მოსემ ზეცისკენ და გამოაყარა ჩირქოვანი მუწუკი კაცსა და პირუტყვს.#გცხ 16:2. 11და ვერ შეძლეს გრძნეულებმა დგომა მოსეს წინაშე გამონაყარის გამო, რადგან გამონაყარი ჰქონდა მათაც და ყოველ ეგვიპტელს. 12და გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს, და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს მოსესთვის.
13და უთხრა უფალმა მოსეს: „ადექი დილაადრიანად, წარუდექი ფარაონს და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს. 14თორემ ამჯერად ყოველგვარ სენს შევყრი შენს გულს, შენს მსახურებს და შენს ხალხს, რათა იცოდეთ, რომ არავინ არის ჩემი სწორი მთელს ქვეყანაზე, 15რადგან, ახლა რომ მომეღერებინა ჩემი ხელი, ხომ მოგსრავდით შენ და შენს ხალხს შავი ჭირით, და წარიხოცებოდით ამ ქვეყნიდან, 16მაგრამ იმისათვის დაგარჩინე, რომ გაჩვენო ჩემი ძალა, რომ ემცნოს ჩემი სახელი მთელ ქვეყანას.#რომ 9:17. 17აქამდე აბუჩად იგდებ ჩემს ერს და არ უშვებ მათ. 18აჰა, დავუშენ ხვალ ამ დროს ძალზე ძლიერ სეტყვას, რომლის მსგავსიც არ ყოფილა ეგვიპტეში აქამდე დღიდან მისი დაფუძნებისა.’“ 19ახლა კი გაგზავნე და შეკრიბე შენი ჯოგი და ყველაფერი, რაც მინდვრადა გყავს. ყოველი ადამიანი და პირუტყვი, რომელიც გარეთ დარჩება და ჭერს არ შეეფარება, დაისეტყვება და მოისპობა. 20და ვინც შეუშინდა უფლის სიტყვას ფარაონის მსახურთაგან, ჭერქვეშ შეაფარა თავისი მსახურები და პირუტყვი; 21ხოლო ვინც არად ჩააგდო უფლის სიტყვა, მინდორში დატოვა თავისი მსახურები და საქონელი.
22და უთხრა უფალმა მოსეს: „ცისკენ მიაღერე ხელი და დაისეტყვება მთელი ეგვიპტე – ადამიანები, პირუტყვი და ბალახი ველისა ეგვიპტის ქვეყანაში.“ 23და მიაღერა მოსემ ცისკენ თავისი კვერთხი და გამოსცა უფალმა გრგვინვა და სეტყვა, და წამოვიდა ცეცხლი ქვეყანაზე და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა. 24მოდიოდა სეტყვა და ცეცხლი გიზგიზებდა მასში, ძალზე ძლიერი იყო სეტყვა, მისი მსგავსი არ ყოფილა ეგვიპტელთა მთელ ქვეყანაში, იმ დღიდან, რაც იქ ხალხი დასახლდა.#გცხ 8:7; 16:21. 25და გაანადგურა სეტყვამ ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე ყველაფერი, რაც კი გარეთ დარჩა, ადამიანიდან პირუტყვამდე. ბალახი ველისა გაანადგურა სეტყვამ, და ყოველი ხეც ველისა დალეწა. 26მხოლოდ გოშენის ქვეყანა, სადაც ისრაელიანები იყვნენ, არ დაისეტყვა.
27და გაგზავნა ფარაონმა და უხმო მოსეს და აარონს, და უთხრა: „შევცდი ამჯერად. უფალი მართალია, მე და ჩემი ხალხი კი – დამნაშავენი. 28შეევედრეთ უფალს და დაცხრეს ღვთის გრგვინვა და სეტყვა, და გაგიშვებთ, მეტს აღარ დაგაყოვნებთ.“ 29უთხრა მას მოსემ: „ქალაქიდან გასვლისას გავიწვდი ხელებს უფლისაკენ, გრგვინვა დაცხრება და სეტყვა აღარ იქნება, რათა გაიგო, რომ უფლისაა ქვეყანა. 30მაგრამ შენ და შენს მსახურებს, ვიცი, ჯერაც არ შეგეშინდებათ უფალი ღმერთისა.“ 31სელი და ქერი განადგურდა, რადგან ქერი ამოთავთავებული იყო, სელი კი ყვაოდა. 32ხოლო ხორბალი და ასლი არ განადგურდა, რადგან გვიანებია ისინი. 33და გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქგარეთ, და გაიწოდა ხელები უფლისაკენ. გრგვინვა და სეტყვა შეწყდა და წვიმა აღარ იღვრებოდა მიწაზე. 34და დაინახა ფარაონმა, რომ შეწყდა წვიმა და სეტყვა, და გრგვინვა, და კვლავ შესცოდა. და გაიქვავეს გული მან და მისმა მსახურებმა. 35გასასტიკდა გული ფარაონისა და არ გაუშვა ისრაელიანები, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს მოსეს პირით.

Currently Selected:

Exodus 9: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in