Exodus 10
10
1და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი ფარაონთან, რადგან ეს მე ვიყავი, გული რომ გავუქვავე მას და მის მსახურებს, რათა გამოვავლინო ჩემი სასწაულები მათ შორის. 2რათა უამბო შენს შვილსა და შვილთაშვილს, როგორ გავუსწორდი ეგვიპტეს და რა სასწაულები მოვუვლინე მას, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი.“
3და მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან, და უთხრეს: „ასე თქვა უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: ‘როდემდის უნდა მეურჩებოდე? გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახუროს. 4თუ კიდევ იურჩებ და არ გაუშვებ ჩემს ერს, აჰა, ხვალვე კალიას მივუსევ შენს მიწა-წყალს. 5დაფარავს იგი მიწისპირს და შეუძლებელი იქნება ხილვა მიწისა, და შეჭამს გადარჩენილ ნატამალს, რაც სეტყვას გადაგირჩა; გადაჭამს ყველა ხეს, ველად რომ ხარობს. 6აავსებენ შენს სახლებს და შენს მსახურთა და ყველა ეგვიპტელის სახლს, რაც არ უხილავთ შენს მამებს და შენს მამათა მამებს დღიდან ქვეყანაზე მათი მყოფობისა დღემდე.’“ გაბრუნდა მოსე და გამოვიდა ფარაონისგან.
7და უთხრეს ფარაონს მსახურებმა: „როდემდე იყოს იგი ჩვენთვის დაბრკოლებად? გაუშვი ეს ხალხი და ემსახურონ უფალს, თავიანთ ღმერთს. ნუთუ ჯერაც ვერ მიმხვდარხარ, რომ იღუპება ეგვიპტე?“ 8დააბრუნეს მოსე და აარონი ფარაონთან და მან უთხრა მათ: „წადით, ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს. ვინ და ვინ არიან გამსვლელნი?“ 9და თქვა მოსემ: „ჩვენი ჭაბუკებითურთ და ჩვენი მოხუცებითურთ წავალთ, ჩვენი ძეებითურთ და ჩვენი ასულებითურთ, ჩვენი ცხვარ-ძროხიანად, რადგან უფლის დღესასწაული გვაქვს.“ 10და უთხრა ფარაონმა მათ: „ისე უფალი იყოს თქვენთან, როგორც მე გაგიშვათ თქვენი ბავშვებიანად. იცოდეთ, ბოროტს ეპირებით! 11ასე არ იქნება! მამაკაცები წადით და თაყვანი ეცით უფალს, რაკი ამას ესწრაფით.“ და გაყარეს ისინი ფარაონისგან.
12და უთხრა უფალმა მოსეს: „მოუღერე ხელი ეგვიპტის ქვეყანას კალიის გამოსახმობად, რათა შეესიოს იგი ეგვიპტეს და გადაჭამოს ყოველი ბალახი მიწისა და ყოველივე, რაც სეტყვას გადაურჩა.“ 13და მოუღერა კვერთხი მოსემ ეგვიპტის ქვეყანას და ადინა უფალმა აღმოსავლეთის ქარი ქვეყნად მთელს იმ დღესა და მთელ იმ ღამეს. დადგა დილა და აღმოსავლეთის ქარმა მოიყოლია კალია. 14შეესია უთვალავი კალია ეგვიპტის ქვეყანას და მოეფინა მის ყოველ კუთხეს. არც მანამდე ყოფილა ამდენი კალია და არც მერე იქნება.#გცხ 9:2,3. 15და დაფარა მთელი მიწის პირი და გადაშავდა მიწა, და გადაჭამა მან ქვეყნის მთელი ბალახი და ყოველი ნაყოფი ხისა, რომელიც სეტყვას გადაურჩა. და ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე არ შერჩენილა სიმწვანე ხეს და ველის ბალახს. 16სასწრაფოდ უხმო ფარაონმა მოსეს და აარონს, და უთხრა: „შევცოდე უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და თქვენს წინაშე. 17ახლა ერთხელ კიდევ მომიტევეთ ჩემი ცოდვა და შეევედრეთ უფალს, თქვენს ღმერთს, რომ ამარიდოს ეს სიკვდილი.“ 18და გამოვიდა იგი ფარაონისგან, და შეევედრა უფალს. 19და შეაქცია უფალმა დასავლეთის ძალზე ძლიერი ქარი და წაიღო კალია და ჩაყარა მეწამულ ზღვაში. ერთი კალიაც არსად დარჩენილა ეგვიპტის მიწა-წყალზე. 20და გაასასტიკა უფალმა ფარაონის გული, და არ გაუშვა ისრაელიანები.
21უთხრა უფალმა მოსეს: „მიაღერე ხელი ცისკენ, რომ სიბნელე დააწვეს ეგვიპტის ქვეყანას, უკუნი წყვდიადი.“ 22მიაღერა მოსემ ხელი ცისკენ და იყო უკუნი წყვდიადი მთელს ეგვიპტის ქვეყანაში სამ დღეს.#ფს 105:28; გცხ 16:10. 23ვერ ხედავდნენ ერთმანეთს და არავინ დაძრულა ადგილიდან სამ დღეს. ყოველ ისრაელის ძეს კი ჰქონდა სინათლე თავის სადგომში. 24და მოიხმო ფარაონმა მოსე, და უთხრა: „წადით, ემსახურეთ უფალს, ოღონდ თქვენი ცხვარი და ძროხა დარჩეს, თქვენი ბავშვები კი გამოგყვნენ.“ 25და უთხრა მოსემ: „შენც უნდა მოგვცე ჩვენს ხელთ სამსხვერპლოები და სრულადდასაწველები, რათა მსხვერპლად შევწიროთ ჩვენს უფალ ღმერთს. 26ჩვენი ჯოგებიც უნდა წამოვიდეს ჩვენთან ერთად, ჩლიქიც არ უნდა დარჩეს, და მათგან გამოვარჩევთ იქ შესაწირავს ჩვენი უფალი ღმერთისათვის. ვიდრე იქ არ მივალთ, არ ვიცით, რით ვემსახუროთ უფალს.“ 27და გაასასტიკა უფალმა ფარაონის გული, და არ ინება მათი გაშვება. 28და უთხრა მას ფარაონმა: „თავიდან მომწყდი და გაფრთხილდი, აღარ დამენახო, თორემ იმ დღესვე მოკვდები, რა დღესაც დამენახვები.“ 29და თქვა მოსემ: „სწორს ამბობ. მე აღარ დაგენახვები.“
Currently Selected:
Exodus 10: ქბსვ
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა