YouVersion Logo
Search Icon

Amos 5

5
1ისმინე ეს სიტყვა, ისრაელის სახლო; რადგან თქვენზე მინდა აღვამაღლო ეს გოდება: 2ისრაელის ქალწული დაეცა, ვეღარ დგება; მიწაზეა გართხმული, და არავინაა მისი წამომყენებელი. 3რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ათასის გამომყვან ქალაქს, ასიღა შერჩება, და ვისაც ასი გამოჰყავდა, ათიღა შერჩება ისრაელის სახლიდან. 4რადგან ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის სახლს: მეძებეთ და ცოცხალი გადარჩებით. 5ნუ ეძებთ ბეთელს და გილგალში ნუ მიდიხართ, ბეერ-შებაყში ნუ დაიარებით; რადგან გილგალს დატყვევებულს წაიყვანენ, ბეთელი აოხრდება. 6ეძებეთ უფალი და ცოცხალი გადარჩებით, რათა უფალი იოსების სახლს მშანთქმელი ცეცხლივით არ მოედოს, რომლის ჩამქრობიც არავინ იქნება ბეთელში – 7ჰოი, თქვენ, სამართალს რომ აბზინდად აქცევთ და სიმართლეს მიწაზე თელავთ! 8რომელმაც შექმნა ხომლი და ორიონი, რომელიც კუნაპატ ღამეს აისად აქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს; რომელიც მოუხმობს ზღვის წყლებს და მიწის პირზე მოაქცევს – უფალია მისი სახელი.#იობ 9:9; 38:31. 9დაქცევით დაატყდება თავს ძლიერს და ეწევა დაქცევა ციხესიმაგრეს. 10მოიძულეს სამსჯავროში მამხილებელი და წრფელად მოუბარი შეიძაგეს. 11ამიტომ, რაკი თრგუნავთ ბეჩავ ხალხს და უკანასკნელ ლუკმას აცლით პირიდან, თლილი ქვით იშენებთ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებთ; საუცხოო ვენახებს გააშენებთ, მაგრამ ვერ შესვამთ მათ ღვინოს. 12რადგან ვუწყი უამრავი შენი დანაშაული და მძიმე ცოდვები: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და სამსჯავროდან დევნით ღარიბ-ღატაკთ. 13ამიტომაც დუმს ბრძენი კაცი ასეთ დროში, რადგან ეს ცუდი დროებაა. 14ეძიეთ სიკეთე და არა ბოროტება, რათა ცოცხალი გადარჩეთ; ყოვლისშემძლე უფალი ღმერთიც თქვენთან იქნება, როგორც თქვენ ამბობთ. 15შეიძულეთ ბოროტი და კეთილი შეიყვარეთ; დაამკვიდრეთ სამსჯავროში სამართალი, ვინძლო შეიწყალოს უფალმა, ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა, იოსების ნატამალი! 16რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი ცაბაოთი: ყველა ქუჩაზე გლოვა იქნება, და იტყვიან ყველა შუკაში: ვაი! ვაიო! მოუხმობენ მუშა კაცს საგოდებლად და გლოვისთვის – მოტირალთ. 17ყველა ვენახში გლოვა იქნება, როცა მე გავივლი შენს წიაღში, – ამბობს უფალი. 18ვაი, უფლის დღის მონატრულთ! რისთვის გინდათ უფლის დღე? ბნელია ის და არა ნათელი, 19ისევეა, როგორც ლომისგან გაქცეულ კაცს რომ დათვი დახვდეს, ან შინ მისული რომ კედელს მიეყრდნოს და გველმა დაგესლოს. 20განა ბნელი არ არის უფლის დღე და არა ნათელი? წყვდიადია ის და ნათების ციალი არ არის მასში.
21მძულს და მეზიზღება თქვენი დღესასწაულები, სუნთქვა მეკვრის თქვენს ზეიმებზე.#ესა 1:11-14. 22სრულადდასაწველი და პურეული ძღვენიც რომ აღმივლინოთ, არ მივიღებ მათ და ზედაც არ შევხედავ თქვენს ნასუქალ მოზვრებს, სამადლობელო მსხვერპლად რომ მწირავთ. 23მომაცილეთ თქვენი სიმღერების ხმა, თქვენი ქნარის ხმის მოსმენა აღარ მსურს. 24წყალივით იდინოს სამართალმა და იყოს სიმართლე დაუწყვეტელი ნაკადულივით. 25განა მოგქონდა ჩემთან მსხვერპლი და პურეული ძღვენი 40 წლის მანძილზე უდაბნოში, ისრაელის სახლო?#საქ 7:42,43. 26დაატარებდით თქვენს მეფე-კერპ საქუთს და ვარსკვლავ-ღმერთ კაივანს, თქვენსავე ნაკეთებს. 27ამიტომაც დამასკოს იქით გადაგასახლებთ, – ამბობს უფალი, ყოვლისმპყრობელი ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.

Currently Selected:

Amos 5: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in