1 John 5
5
1ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღმერთისგან არის შობილი; და ყველას, ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს. 2ღმერთის შვილები რომ გვიყვარს, იმით ვიგებთ, რომ გვიყვარს ღმერთი და ვიცავთ მის მცნებებს. 3რადგან ღმერთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები არ არის მძიმე. #იო 14:15. 4რადგან ყოველი ღმერთისგან შობილი სძლევს ქვეყნიერებას. და ეს არის ძლევა, რომელიც სძლევს ქვეყნიერებას, ჩვენი რწმენა. 5ვინ არის ქვეყნიერების მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?
6ეს არის, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით, იესო ქრისტე, მარტო წყლით კი არა, არამედ წყლითა და სისხლით. სული მოწმობს ამას, რადგან სული ჭეშმარიტებაა. 7რადგან სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ: 8სული, წყალი და სისხლი. და ეს სამი ერთია. 9თუ კაცთა მოწმობას ვიწყნარებთ, ღმერთის მოწმობა უფრო დიდია; რადგან ეს არის ღმერთის მოწმობა, ვინაიდან დაამოწმა თავის ძეზე. 10ღმერთის ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა. ვისაც ღმერთი არ სწამს, ცრუდ გამოჰყავს ის, რადგან არ იწამა მოწმობა, რომლითაც ღმერთმა დაამოწმა თავის ძეზე. 11ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია. #იო 3:36. 12ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლეც არა აქვს.
13ამას გწერთ თქვენ, ღმერთის ძის სახელის მორწმუნეებს, რათა იცოდეთ, რომ ღმერთის ძის სახელის რწმენით გაქვთ თქვენ საუკუნო სიცოცხლე. 14და ეს არის გამბედაობა, რომელიც გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რაიმეს ვითხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. 15ხოლო თუ ვიცით, რომ ის გვისმენს, რასაც ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ მიღებული გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ. 16თუ ვინმე ხედავს თავის ძმას, შემცოდეს არამომაკვდინებელი ცოდვით, ილოცოს და იგი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებლად შემცოდეს. არის მომაკვდინებელი ცოდვა, მასზე არ ვამბობ, რომ ილოცოს. 17ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ არის არამომაკვდინებელი ცოდვა. 18ვიცით, რომ ღმერთისაგან შობილნი არ სცოდავენ; არამედ ის, ვინც ღმერთისაგან იშვა, იცავს მათ და ბოროტება არ ეკარება მათ. 19ვიცით, რომ ღმერთისაგან ვართ, და რომ მთელი ქვეყნიერება ბოროტში ძევს. 20ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ჭეშმარიტში, მის ძე იესო ქრისტეში. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე. 21შვილებო! დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან. ამინ.
Currently Selected:
1 John 5: ქბსვ
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა