YouVersion Logo
Search Icon

Sirach (Ecclesiasticus) 50

50
1სიმონმა, ონიასის ძემ, დიდმა მღვდელმა, შეაკეთა სახლი და თავისი სიცოცხლის განმავლობაში გაამაგრა ტაძარი. 2მის მიერ დაედო საფუძველი ორმაგ სიმაღლეს – აღიმართა ტაძრის მაღალი გალავანი. 3მის დროს დაიკლო წყალსაცავმა, დაპატარავდა ზღვისხელა ტბა. 4ხალხისთვის რომ უბედურება აეცილებინა თავიდან, ალყისგან თავდასაცავად გაამაგრა ქალაქი. 5რა დიდებული სანახავი იყო, ხალხით გარშემორტყმული რომ გამოდიოდა კრეტსაბმელიდან. 6როგორც ღრუბლებში ცისკრის ვარსკვლავი, როგორც მთვარე გავსების დღეებში; 7როგორც მზე, თავს რომ დანათის უზენაესის ტაძარს; როგორც დიდების ღრუბლებში შუქმფენი ცისარტყელა. 8როგორც ვარდის კოკორი გაზაფხულზე; როგორც შროშანი წყლის პირას; როგორც საკმევლის ხის ტოტი ზაფხულის დღეს; 9როგორც საკმეველი, რომელიც იწვის საცეცხლურში; როგორც ოქროს ჭურჭელი, პატიოსანი თვლებით შემკული; 10როგორც ზეთისხილის ხე, ნაყოფით დახუნძლული; როგორც კიპარისი, ღრუბლებამდე ამაღლებული, 11როცა დიდების სამოსს ისხამდა და იმოსებოდა დიდებული სამკაულებით, წმიდა საკურთხეველზე ასვლისას დიდებას ჰფენდა მთელ ტაძარს. 12როცა საკურთხევლის კერასთან მდგარი წილობს იღებდა მღვდლების ხელიდან, ირგვლივ გვირგვინივით შემოსდგომოდნენ ძმები და როგორც ლიბანის კედარს პალმის რტონი, გარს ეხვივნენ. 13აარონის ძენი თავიანთი დიდებითა და საუფლო შესაწირავით ხელში, ისრაელის მთელი საკრებულოს წინაშე. 14საკურთხეველზე მსახურების დასასრულს ძღვენს მიართმევდა უზენაეს ყოვლისმპყრობელს, 15სამსხვერპლო თასისაკენ იწვდიდა ხელს, ყურძნის სისხლს ასხამდა შიგ და საკურთხევლის კვარცხლბეკზე ღვრიდა, რათა სამყაროს უზენაესი მეუფე დამტკბარიყო მისი ყნოსვით. 16მაშინ შეჰღაღადებდნენ აარონის ძენი, ჩაჰბერავდნენ ნაჭედ საყვირებს და გასახსენებლად აიმაღლებდნენ ხმას უზენაესის წინაშე. 17მაშინ მთელი ხალხი სწრაფად ემხობოდა პირქვე, რათა თაყვანი ეცა თავისი უფლისათვის, უზენაესი და ყოვლისმპყრობელი ღმრთისთვის. 18მგალობლები ქებას ასხამდნენ თავიანთი ხმებით და ტაძარში გუგუნებდა ტკბილი საგალობელი. 19ხალხი ევედრებოდა უზენაეს უფალს და ლოცულობდა მისი მოწყალების წინაშე, ვიდრე ისმოდა უფლის ქება, და ასე მთავრდებოდა ღვთისმსახურება. 20მერე ჩამოსვლისას ხელს გაიწვდიდა ისრაელის მთელი საკრებულოს თავზე, რათა უფლის მიერ ეკურთხებინა ხალხი თავისი ბაგით და მოწიწებით წარმოეთქვა მისი სახელი. 21ხალხი ხელახლა ემხობოდა პირქვე, რათა უზენაესისაგან მიეღო კურთხევა. 22მაშ, ადიდეთ სამყაროს გამრიგე ღმერთი, ყოველგან დიად საქმეთა შემოქმედი, დედის საშოდანვე რომ გვიგრძელებს სიცოცხლის ყავლს და თავისი წყალობისამებრ გვექცევა. 23დაე, სიხარული მოჰფინოს ჩვენს გულს და იყოს მშვიდობა ისრაელში დღეიდან უკუნისამდე. 24მოწყალება ნუ მოგვაკლოს და გვიხსნას ჩვენს დღეებში. 25ორი ხალხი მოიძულა ჩემმა სულმა, მესამეს კი არც ეთქმის ხალხი. 26სეყირის მთის მკვიდრნი, ფილისტიმელნი და შექემის ბრიყვი მცხოვრებნი. 27მოძღვრება ცოდნისა და გონიერებისა გადმოსცა ამ წიგნში იესო იერუსალიმელმა, შვილიშვილმა ელეაზარისა და ძემ ზირაქისა, ვინც წვიმასავით გვაწვიმა თავისი გულის სიბრძნე. 28ნეტავი იმას, ვინც თავს გაიწაფავს მასში და ვინც გულში ჩაიდებს, განიბრძნობა. 29ხოლო ვინც აღასრულებს, ყოვლისმძლე გახდება, რადგანაც უფლის ნათელი არის მისი გზა.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in