Sirach (Ecclesiasticus) 38
38
1იმდენი პატივი მიაგე მკურნალს, რამდენადაც გჭირდება, რადგანაც უფალმა შექმნა იგი. 2ვინაიდან მკურნალობა უზენაესისაგან არის და ნიჭიც მეუფისგან ეძლევა მას. 3ცოდნა აამაღლებს მკურნალს და დიდებულთა შორის მოუხვეჭს პატივს. 4უფალმა მიწისაგან შექმნა წამლები და გონიერი კაცი არ უგულებელყოფს მათ. 5განა ხისაგან არ დატკბა წყალი, რათა საცნაური გამხდარიყო ძალა უფლისა? 6ხალხსაც იმიტომ მისცა ცოდნა, რომ მის სასწაულთა გამო ედიდებინათ იგი. 7მათი წყალობით მკურნალობს და ტკივილებს უამებს ხალხს, და მეწამლეც მათგან ამზადებს ნაზავს. 8არასოდეს დასრულდება მისი ქმედება და მისი მეოხებით სუფევს მშვიდობა დედამიწაზე. 9შვილო, დაუდევრად ნუ მოექცევი შენს სნეულებას, არამედ უფალს შეევედრე და ის განგკურნავს. 10განუდექ ცდუნებას, ხელი გაისწორე და ყოველგვარი ცოდვისაგან განიწმიდე გული. 11მიეცი კეთილსურნელება, სამახსოვრო მსხვერპლად – გამტკიცული ფქვილი, და მსუყე-ყავ შესაწირავი, როგორი შეძლებაც გაქვს. 12მიეცი ადგილი მკურნალს, რადგან ისიც უფალმა შექმნა, და ნუ განიშორებ, ვინაიდან გჭირდება იგი. 13არის დრო, როცა შენი განკურნება მათ ხელშია. 14რადგან ისინიც უფალს ევედრებიან, შეგვეწიე, რომ მოვუფონოთ სნეულს და სიცოცხლე შევუნარჩუნოთო. 15ვინც თავისი შემოქმედის წინაშე სცოდავს, დაე, ჩავარდეს მკურნალის ხელში.
16მიცვალებულს ცრემლი აფრქვიე, შვილო, მოთქმით იტირე, როგორც ტირის სიმწრით შეძრული, საკადრისად შემოსე და დაუმარხავს ნუ დატოვებ. 17მწარე იყოს გოდება და ცხელი – ცრემლი; იგლოვე, როგორც მას შეშვენის ერთი თუ ორი დღე, რომ აირიდო ცილისწამება; და გაიქარვე დარდი. 18რადგანაც დარდი სიკვდილსაც იწვევს და გულისწუხილი ძალის დამშრეტია. 19უბედურებისაგან განუყრელია მწუხარება და გულის მომკვლელია ღატაკის ყოფა. 20გულით ნუ მიეცემი მწუხარებას, გახსოვდეს აღსასრული და განირიდე იგი. 21ნუ დაივიწყებ ამას, რადგანაც დაბრუნება შეუძლებელია, ვერც მკვდარს არგებ რასმე და თავს კი გაიტანჯავ. 22გახსოვდეს, რომ მისი ხვედრი არც შენ აგცდება; გუშინ – მისი, დღეს – შენი. 23მკვდრის გასვენების შემდეგ ნუღარ შეაწუხებ მის ხსოვნას; როდესაც სული ამოხდება, თავი ინუგეშე და ნუღარ სწუხხარ. 24წიგნიერი ცოდნის შეძენას მოცალეობის ხელსაყრელი ჟამი სჭირდება, და მხოლოდ საქმეთაგან თავისუფალი თუ ეზიარება სიბრძნეს. 25როგორ გახდება ბრძენი, ვისაც გუთანი უჭირავს, თავს იწონებს შოლტის ტყლაშუნით, ხარებს მიერეკება, მთელი ცხოვრება მათსავით შრომობს და მხოლოდ მოზვრები აკერია პირზე? 26მისი საფიქრალი კვლების გავლებაა და საზრუნავი – ხბორების საკვები. 27იგივე ითქმის ყველა ხუროსა თუ ხუროთმოძღვარზე, ვერც დღისით და ვერც ღამით რომ ვერ მოუცლია; ბეჭდის თვლების მთლელი მხოლოდ იმას ცდილობს, რომ უფრო ნატიფად და ნაირფერად იყოს ნათალი და ღამეების თეთრად მთეველმა დროულად დაასრულოს საქმე. 28ასევეა მჭედელიც, გრდემლთან მიმჯდარი და რკინის ნაკეთობაზე ჩაფიქრებული; ცეცხლის კვამლი უფიტავს სხეულს, ნიადაგ ებრძვის ქურის მხურვალებას, ყურთასმენას უხშობს უროს ბაგუნი, თვალი კი ყალიბზე უჭირავს, მისი საფიქრალი ისაა, რომ მალე დაასრულოს ნაკეთობა და, ღამეების მთეველმა, სრულყოფილად შეამკოს იგი. 29ასეა მეთუნეც, თავის საქმეს რომ უზის და ფეხებით აბრუნებს ბორბალს, თავს დაჰკანკალებს საქმეს და მთელი თავისი ნახელავი აღრიცხული აქვს; 30ხელით ზელს თიხას, ხოლო ფეხებით მის სიმკვრივეს არბილებს; ერთი სული აქვს, როდის მორჩება მოჭიქვას, რომ ბოლოს ღუმელი გაწმინდოს და გაასუფთაოს. 31ყველას თავისი მარჯვენის იმედი აქვს და თითოეული ბრძენია თავის საქმეში. 32მათ გარეშე ვერ აშენდება ქალაქი, ვერც ხალხი დასახლდება და იცხოვრებს იქ. 33მაგრამ მათ არც სახალხო საბჭოში უხმობენ და არც სხდომებზე იწვევენ; არც მსაჯულის სავარძელში სხედან და არც მსჯავრის გამოტანაზე მსჯელობენ, 34არც კანონებში იქექებიან, არც განაჩენი გამოაქვთ და არც იგავთა აზრს ჩხრეკენ, მაგრამ საფუძველს კი უყრიან ამქვეყნიურ ყოფას და – ხელი მოგვიმართეო, შესთხოვენ ღმერთს.
Currently Selected:
Sirach (Ecclesiasticus) 38: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013