YouVersion Logo
Search Icon

Sirach (Ecclesiasticus) 39

39
1მხოლოდ ის, ვინც თავის სულს უძღვნის უზენაესის რჯულზე ფიქრს, ხელს მიჰყოფს წინაპართა სიბრძნის ძიებას და წინასწარმეტყველებაში გაიწაფავს თავს; 2შეითვისებს სახელოვან კაცთა თქმულებებს და იგავთა ნართაულ აზრს ჩაუღრმავდება; 3გამოიკვლევს ანდაზების ფარულ არსს და იგავთა გამოცანების წვდომას ეცდება; 4დიდებულთა შორის იმსახურებს და წარუდგება წინამძღოლს; უცხო ტომთა მხარეში იმოგზაურებს, რადგანაც სიკეთეც და ბოროტებაც განუცდია კაცთა შორის; 5თავის გულს იქით წარმართავს, რომ დილაადრიან მიიქცეს უფლის მიმართ, რომელმაც შექმნა იგი; უზენაესის წინაშე ილოცებს და სავედრებლად გახსნის ბაგეებს, რათა ცოდვათა მიტევება შესთხოვოს მას; 6თუ დიადი უფალი ინებებს, აღივსება გონების სულით, თავისი სიბრძნის სიტყვებს აწვიმებს და ლოცვისას ადიდებს უფალს. 7კეთილად წარმართავს თავის ნებას და გონებას და ეცდება გაიცხადოს უფლის საიდუმლონი; 8გამოაბრწყინვებს განსწავლით შეძენილ ცოდნას და უფლის აღთქმისეული რჯულით იამაყებს; 9მრავალნი შეაქებენ მის ცოდნას და არ დაივიწყებენ უკუნისამდე; არ წაიშლება მისი ხსოვნა და მისი სახელი ცოცხლად გადაეცემა თაობებიდან თაობებს; 10ხალხები ადიდებენ მის სიბრძნეს და საკრებულო გვახარებს მის ქებას; 11სიცოცხლეში ათასებზე უფრო დიდ სახელს მოიხვეჭს და არც სიკვდილის შემდეგ მოაკლდება დიდება. 12კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, რაზედაც მიფიქრია; სავსე ვარ, როგორც მთვარე აღვსებისას. 13მისმინეთ, ღვთისმოსავო შვილებო, და გაიფურჩქნეთ წყლის პირას გაშლილი ვარდივით; 14ლიბანის ნაძვივით აფრქვიეთ კეთილსურნელება, აყვავდით, როგორც შროშანი, მოჰფინეთ სურნელი და იგალობეთ საგალიბელი; ყოველი საქმით აკურთხეთ უფალი; 15განადიდეთ მისი სახელი, მადლი მიაგეთ ქება-დიდებით, ბაგეთა გალობით და ბარბითთა ხმობით, მადლობისას კი ასე წარმოთქვით: 16რა მშვენიერია უფლის ყოველი საქმე, რა დროულად აღსრულდება ყოველი ბრძანება მისი. ნუ იტყვი: ეს რა არის? ან: რისთვის არის? რადგანაც თავის დროზე გაირკვევა ყოველი. 17მისი სიტყვისამებრ, ზვინივით დადგა წყალი; და მის ბაგეთა წარმონათქვამით გაჩნდა წყალთა შესაკრებელი. 18მისი ბრძანებითაა ყველაფერი, რაც თვითონ მოსწონს, და ვერავინ დააკნინებს მისი მაცხოვრების ძალას. 19მის წინაშეა ყველა ხორციელის საქმე, და ვერაფერი დაემალება მის თვალს. 20უკუნითი უკუნისამდე განჭვრეტს ყველაფერს და არა არის რა მისთვის საოცარი. 21ნუ იტყვი: რა არის ეს? ან: რისთვის არის? რადგანაც ყველაფერი ისე შეიქმნა, როგორც ჯერ არს. 22კურთხევა მისი მდინარესავით ფარავს და წარღვნასავით არწყულებს ხმელეთს. 23თუმცა მის რისხვასაც განიცდიან ხალხები, როგორც ოდესღაც, მლაშობად რომ აქცია წყლები. 24ღვთისმოსავთათვის სწორია მისი გზები, ურჯულოთათვის კი – დამაბრკოლებელი. 25დასაბამითვე კეთილთათვის შექმნა სიკეთე, უკეთურთათვის კი – ბოროტება.
26აი, რა არის არსებითი ადამიანის სიცოცხლისათვის: წყალი და ცეცხლი, რკინა და მარილი, ხორბლის ფქვილი და რძე, თაფლი და ყურძნის წვენი, ზეთი და სამოსი; 27ყოველივე ეს ღვთისმოსავთა სასიკეთოდაა, ცოდვილთ კი საზიანოდ ექცევა. 28ზოგი ქარი ნაცვლის მისაგებად ქრის და თავისი მძვინვარებით ამძაფრებს თავისსავე ძალას; ვერაფერი დაუდგება წინ მის კვეთებას, თანდათანობით რომ აცხრობს თავისი შემოქმედის რისხვას. 29ცეცხლი და სეტყვა, შიმშილი და სიკვდილი – ყოველივე ეს სანაცვლოს მისაგებადაა შექმნილი. 30მხეცთა ღოჯები და მორიელნი, ქვეწარმავალნი და მახვილი ნაცვალს მიაგებენ ურჯულოთ მათ დასაღუპად. 31სიხარულით ასრულებენ უფლის ბრძანებას, თუ საჭიროა, მზად არიან მიწაზე, და როცა დრო მოაწევს, არ გადავლენ მის სიტყვას. 32ამიტომაც იმთავითვე გადავწყვიტე, კარგად ავწონ-დავწონე და შემდეგ დავწერე, 33რომ მშვენიერია უფლის ყოველი საქმე, და თავის დროზე გვიბოძებს ყველაფერს, რაც საჭიროა. 34მაშ, ნუ იტყვი: ეს ამაზე უარესიაო; რადგანაც თავის დროზე სასიკეთოდ იქცევა ყოველი. 35აწ კი იგალობეთ მთელი გულით და ბაგით, აკურთხეთ უფლის სახელი.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in