YouVersion Logo
Search Icon

Sirach (Ecclesiasticus) 26

26
1კეთილი ცოლი ქმარს აბედნიერებს და აორმაგებს მისი დღეების რიცხვს. 2სათნო ცოლი ქმრის სიხარულია და სიმშვიდით აღავსებს მის წლებს. 3კეთილი ცოლი კეთილი ხვედრია, წილად რომ ხვდება უფლის მოშიშს. 4მდიდარია თუ ღარიბი, გული საგულესა აქვს, სახე კი – მუდამ მხიარული.
5სამი რამ აშინებს ჩემს გულს, მეოთხის გამო კი ვლოცულობ: ქალაქის მითქმა-მოთქმა; ბრბოს ამბოხი და ცილისწამება; ყოველივე ეს სიკვდილზე საზარელია. 6მაგრამ გულის ხეთქვაა და მწუხარება ცოლი, რომელიც სხვა ქალზე ეჭვიანობს. მისი ენის შოლტი ყველას გადასწვდება. 7ხარის მორყეული უღელია კაპასი ცოლი: მის მომყვანს გინდ მორიელი აგიყვანია. 8უბედურებაა ლოთი ცოლი: ვერ დაემალება თავის სირცხვილს. 9ქალის ავხორცობა თვალების ფახულით და წამწამებით გამოიცნობა. 10თავაშვებულ ქალიშვილს დარაჯი მიუჩინე, რომ დრო არ იხელთოს თავისდა საზიანოდ. 11ერიდე უტიფარ თვალს და ნუ გაიკვირვებ, თუ შენს წინააღმდეგ შესცოდავს. 12როგორც მწყურვალი მგზავრი ეწაფება წყაროს, რომელსაც წააწყდება, ისიც ყველა პალოსთან ჩამოჯდება და ისრისთვის გახსნის კაპარჭს.
13მოსიყვარულე ცოლი ახარებს ქმარს და მისი გონიერება ამკვრივებს მის ძვლებს. 14თვინიერი ცოლი უფლის წყალობაა და ფასდაუდებელია ზრდილი სული. 15მადლის მადლია უმანკო ცოლი და ვერაფერი შეედრება უმწიკვლო სულს. 16როგორც ამომავალი მზე უფლის ცაზე, იგივეა კარგი ცოლის სილამაზე მის მიერ დაწკრიალებულ სახლში. 17როგორც სანთელი წმიდა სასანთლეზე, იგივეა სახის სილამაზე კენარ ტანზე. 18როგორც ოქროს სვეტი ვერცხლის კვარცხლბეკზე, იგივეა ლამაზი ფეხი, მტკიცე ტერფზე. 19ორი სადარდელი აქვს ჩემს გულს, მესამე კი მაშფოთებს: ღარიბი მეომრის გაჭირვება და გონიერთა მასხარად აგდება; სამართლიანის ცოდვად მიქცევა, მახვილისთვის რომ ამზადებს უფალი. 20იშვიათად, რომ ვაჭარმა გაუძლოს ცდუნებას და მიკიტანმა ცოდვისაგან დაიხსნას თავი.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in