Sirach (Ecclesiasticus) 24
24
1სიბრძნე თავს განიდიდებს და თავის ხალხში იქება. 2უზენაესი საკრებულოში გახსნის ბაგეებს და მისი მხედრობის წინაშე შეიქებს თავს: 3მე გამოვედი უზენაესის პირიდან და ნისლივით დავფარე დედამიწა. 4მწვერვალზე დავდგი კარავი და ჩემი ტახტი – სვეტზე ღრუბლისა. 5მარტომ მოვიარე ცარგვალი და მოვვლე სიღრმენი უფსკრულისა. 6ზღვის ტალღებსა და მთელი დედამიწის ზურგზე, ყველა ხალხსა და ტომზე განვავრცე ჩემი ძალა. 7ყველგან ვეძებდი, სად განმესვენა და ვის სამკვიდროში დამევანა. 8მაშინ მიბრძანა ყოვლის შემოქმედმა და ჩემმა დამბადებელმა, განსასვენი კარავი მომიჩინა და მითხრა: „იაკობში დაივანე და ისრაელში დამკვიდრდი.“ 9საუკუნეთა უწინარეს, დასაბამითვე შემქმნა მე და უკუნისამდე არ დავმთავრდები. 10წმიდა კარავში ვმსახურებდი მის წინაშე და ასე დავმკვიდრდი სიონში. 11ასევე მომასვენა თავის საყვარელ ქალაქში და იერუსალიმში დაეფუძნა ჩემი ძალაუფლება. 12ფესვი გავიდგი სახელგანთქმულ ხალხში, რომელიც წილად ხვდა უფალს. 13ავმაღლდი, როგორც კედარი ლიბანში და როგორც კიპარისი ერმონის მთაზე. 14ავმაღლდი, როგორც ფინიკი ენგადში და როგორც ვარდნარი იერიხოში, როგორც კენარი ზეთისხილი ველზე და როგორც ჭადარი, ავმაღლდი. 15კეთილსურნელება ვაკმიე, როგორც დარიჩინმა თუ ასპალათოსმა და, როგორც რჩეულმა გუნდრუკმა, ამო სურნელი მოვფინე, როგორც ხალბანემ, ონიქსმა თუ სტაკტემ, როგორც საკმევლის კვამლმა კარავში. 16გავშალე რტოები როგორც ტერებინთოსმა, დიდებისა და მადლის რტოებია ჩემი რტოები. 17მე ვშობე მადლი, როგორც ვაზმა, და ჩემმა ყვავილებმა გამოიღეს დიდებისა და სიუხვის ნაყოფი. 18#24:18 ეს მუხლი აკლია ბერძნულ დედანს. 19მოდით ჩემთან, ჩემო მსურველნო, და გაძეხით ჩემი ნაყოფით. 20რადგანაც ჩემი გახსენება თაფლზე უტკბესია და ჩემი ფლობა გოლეულზე უამესი. 21ჩემს მჭამელთ კვლავ მოშივდებათ და ჩემი მსმელნი კვლავაც იგრძნობენ წყურვილს. 22ჩემს მსმენელთ არ შერცხვებათ და არ შესცოდავენ ჩემში მომუშავენი.
23ყოველივე ეს წიგნია უზენაესი ღმერთის აღთქმისა, რჯული, მოსემ რომ გვიანდერძა, იაკობის საკრებულოს სამკვიდროდ. 24#24:24 ეს მუხლი აკლია ბერძნულ დედანს. 25ის გვავსებს სიბრძნით, როგორც ფისონი და როგორც ტიგროსი მწიფობისას. 26ის გვავსებს გონიერებით, როგორც ევფრატი და როგორც იორდანე მკისას. 27ის ასხივებს სწავლას, როგორც ნათელი და როგორც გეონი რთვლობისას. 28პირველმა ვერ შეიცნო იგი სრულად და ასევე ვერ ჩასწვდება უკანასკნელიც. 29რადგანაც ზღვაზე უვრცესია მისი აზრი და უფსკრულზე უღრმესი – მისი ზრახვა. 30მე კი, როგრც რუსხმული და მდინარის არხი, წალკოტში გაველ, 31და ვთქვი: „მოდი, მოვრწყავ ჩემს ბაღს და ჩემს კვლებს დავარწყულებ.“ და, აი, ჩემი არხი მდინარედ იქცა, მდინარე კი – ზღვად. 32კვლავ განთიადივით ვიბრწყინებ სწავლით და კიდით-კიდემდე მოვფენ მის ნათელს. 33კვლავაც გამოვასხივებ სწავლას, როგორც ქადაგებას, და საუკუნოდ დავუტოვებ მას თაობებს. 34ხომ ხედავთ, მარტო ჩემთვის კი არ მიღვწია, არამედ ყველა მძებნელისათვის.
Currently Selected:
Sirach (Ecclesiasticus) 24: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013