Sirach (Ecclesiasticus) 23
23
1უფალო, ჩემი სიცოცხლის მამაო და მეუფეო, ნუ მიმაგდებ მათ ნებაზე და ნუ დაუშვებ, რომ დავეცე მათ მიერ. 2ვინ მიუჩენს წკეპლას ჩემს ზრახვებს და სიბრძნის მოძღვარს – ჩემს გულს, რომ არ დაინდონ ჩემი ქცევა და ჩემი შეცოდებანი; 3რომ არ იმრავლოს ჩემმა უმეცრებამ და არ იმატონ ჩემმა ცოდვებმა; რომ არ დავემხო წინააღმდგომთა წინაშე და არ იხაროს ჩემზე მტერმა. 4უფალო, ჩემი სიცოცხლის ღმერთო და მამაო, განარიდე ჩემს მზერას ამპარტავნება, 5და განმაშორე გულისთქმა. 6ნუ დამიმონებს ღორმუცელობა და ვნებათაღელვა, ნუ მიმცემ უტიფარ სულს.
7ისმინეთ, შვილებო, როგორ დაიურვოთ თქვენი ბაგე; ვინც ყურად იღებს, ბოროტს განერიდება. 8შემცოდეს თავისივე ბაგე ატყვევებს და ავსიტყვა და თავგასული მისი მეოხებით წაიფორთხილებს. 9ნუ მიაჩვევ ფიცს შენს ბაგეს და ჩვევად ნუ გაიხდი წმიდის სახელის ხსენებას. 10რადგან როგორც მონას, წამდაუწუმ რომ სჯიან, არ დაელევა იარები, ასე გამუდმებით მოფიცარი და წმიდის სახელის მახსენებელიც ვერ განიწმიდება ცოდვისაგან. 11ხშირ-ხშირად მოფიცარი ურჯულოებით აღივსება და მის სახლს არ ასცდება შოლტი; თუ სცოდა, მისი ცოდვა მასთანვე იქნება; თუ ფიცი არად ჩააგდო, მისი ცოდვა გაორმაგდება, ხოლო თუ ტყუილად დაიფიცა, თავს ვერ იმართლებს და მის სახლს თავს დაატყდება უბედურება.
12არის სიტყვა სიკვდილით მოსილი; ნურც სმენია იაკობის სამემკვიდრეოს. რადგანაც ღვთისმოსავნი თავს არიდებენ მას, რომ ცოდვაში არ ჩაიდგან ფეხი. 13ნუ მიაჩვევ ბაგეს ბილწსიტყვაობას, რადგანაც მასშია ცოდვის მიზეზი. 14გახსოვდეს დედ-მამა, როცა დიდებულთა შორის ზიხარ, რათა თავი არ დაგავიწყდეს მათ წინაშე და, ჩვეულებისამებრ, სისულელე არ ჩაიდინო, თორემ ინატრებ: ნეტავი არ დავბადებულიყავიო, და გაჩენის დღეს დაიწყევლი. 15ლანძღვა-გინებას მიჩვეული ადამიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ გამოსწორდება.
16ორი თვისება ამრავლებს ცოდვას, მესამე კი რისხვას დაგატეხს თავზე. 17აღგზნებული სული, როგორც ანთებული ცეცხლი, მანამ არ ჩაქრება, სანამ არ დაიშრიტება. ხორციელ გულისთქმას აყოლილი კაცი მანამ არ დაცხრება, სანამ ცეცხლი არ დაფერფლავს. 18თავისი სარეცლის მიმართ შემცოდე კაცი ფიქრობს: ვინ მიყურებს? ირგვლივ წყვდიადია და კედლებიც მიფარავენ, ასე რომ, ვერავინ მხედავს, მაშ რისი უნდა მეშინოდეს? უზენაესი აღარ გაიხსენებს ჩემს ცოდვებს. 19მხოლოდ კაცის თვალი აშინებს და არ კი იცის, რომ უფლის თვალი მზეზე ათასჯერ ნათელია, კაცის ყველა გზას დამზერს და დაფარულიც არ დაემალება. 20მისთვის ყველაფერი ცნობილი იყო შესაქმემდეც და შესაქმის შემდეგაც. 21შემცოდე ქალაქის ქუჩებში დაისჯება და იქ შეიპყრობენ, სადაც არ ელის. 22ასევე ქალიც, მეუღლეს რომ მიატოვებს და სხვისაგან გააჩენს მემკვიდრეს. 23რადგან, ჯერ ერთი, უზენაესის კანონს ეურჩება; და მეორეც, ქმრის წინაშე სცოდა; მესამეც, იმრუშა და სხვა კაცისაგან შვა შვილები. 24საკრებულოს წინაშე გამოიყვანენ და გამოიძიებენ მისი შვილების ამბავს. 25მისი ნაშიერი ფესვს ვერ გაიდგამს და ნაყოფს ვერ გამოიღებს მისი რტოები. 26საწყევრად დატოვებს ხსოვნას და არ წარიხოცება მისი სირცხვილი. 27დანარჩენები კი მიხვდებიან, რომ ვერაფერი შეედრება უფლის შიშს და არაფერია უფრო ტკბილი, ვიდრე მისი მცნებების დაცვა.
Currently Selected:
Sirach (Ecclesiasticus) 23: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013