Romans 7
7
1განა არ იცით, ძმებო – რადგან რჯულის მცოდნეებს გელაპარაკებით, – რომ რჯული ბატონობს ადამიანზე, ვიდრე ის ცოცხალია? 2რადგან ქმრიანი ქალი რჯულით არის დაკავშირებული ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმართან დაკავშირებული რჯულისაგან. 3ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა კაცისა გახდება, მრუში ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ შეერაცხება.
4ამრიგად, ჩემო ძმებო, თქვენც რჯულისათვის მოკვდით ქრისტეს სხეულით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, რათა ნაყოფი მივუტანოთ ღმერთს. 5რადგან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მიერ ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, სიკვდილის ნაყოფის გამოსაღებად. 6ახლა კი, რჯულისათვის მკვდრები, გავთავისუფლდით მისგან, რითაც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა ძველად დაწერილით.
7მაშ, რაღას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც. ოღონდ სხვანაირად ვერ შევიცნობდი ცოდვას, თუ არა რჯულის მეოხებით, რადგან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: „არ ისურვო.“ #გამ 20:17; რჯ 5:21. 8ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი. რადგან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია. 9ოდესღაც მე ვცხოვრობდი რჯულის გარეშე. ხოლო როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა, 10მე კი მოვკვდი. ხოლო მცნება, რომელიც მოცემული იყო სასიცოცხლოდ, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის, 11რადგან ცოდვამ მცნებისაგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომიტანა სიკვდილი მისი მეშვეობით. #დაბ 3:13. 12ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.
13ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. მაგრამ ცოდვა რომ გამოვლენილიყო ცოდვად, სიკეთის მეშვეობით ჩემთვის სიკვდილი მოიტანა, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი გამოჩნდეს მცნების მეშვეობით. 14რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვას მიყიდული. 15რადგან რას ვაკეთებ, არ ვიცი. იმიტომ, რომ იმას არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ, რაც მძაგს, იმას ვაკეთებ. #გლტ 5:17. 16ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ ის კეთილია. 17ამიტომ მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. 18რადგან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი. ამრიგად, კეთილის სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთების შესაძლებლობა კი – არა, 19რადგან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. 20ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული.
21ასე აღმოვაჩენ იმ წესს, რომ როცა კეთილის კეთება მინდა, მაიძულებს ბოროტი ვქმნა, 22რადგან ჩემი შინაგანი ადამიანი ელტვის ღმერთის რჯულს. 23მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მაქცევს ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. 24უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? 25მადლი ღმერთს ჩვენი უფალი ქრისტე იესოს მეშვეობით! აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღმერთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს.
Currently Selected:
Romans 7: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013