Romans 13
13
1ყველა დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. რადგან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებული ხელმწიფებანი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი. 2ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღმერთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი სასჯელს დაიტეხენ თავზე. 3რადგან უფროსნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან. 4რადგან იგი ღმერთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღმერთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე. 5ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის შიშის გამო, არამედ სინდისის გამოც. 6სწორედ ამისათვის იხდით ხარკს, რადგან ისინი ღმერთის მსახურები არიან და დღენიადაგ ამ მსახურებას ასრულებენ. #მთ 22:21; მრკ 12:17; ლკ 20:25. 7ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, ვისაც შიში – შიში, ვისაც პატივი – პატივი.
8არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, რადგან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს. 9რადგან მცნებები: „არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ ინდომო“ და სხვებიც ყველა შედიან ამ სიტყვაში: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ #გამ 20:13-15,17; რჯ 5:17-19,21; ლევ 19:18. 10სიყვარული არავითარ ბოროტებას არ მიაყენებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის სისავსეა.
11მაშ ასე, იცოდეთ, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. რადგან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ. 12ღამემ გაიარა და დღე მოახლოვდა. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ სინათლის საჭურველი. 13მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით, 14არამედ შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით.
Currently Selected:
Romans 13: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013