Romans 11
11
1მაშ, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც! რადგან მეც ისრაელელი ვარ, აბრაამის შთამომავალი, ბენიამინის ტომიდან. #ფლპ 3:5. 2არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორ ჩივის ისრაელზე ღმერთის წინაშე და ამბობს: 3„უფალო! შენი წინასწარმეტყველნი დახოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს. დავრჩი მე მარტო და ჩემს მოკვლას ცდილობენ.“ #3მფ 19:10,14. 4მაგრამ რას ეუბნება მას ღმერთის პასუხი? – „დავიტოვე მე ჩემთვის 7 ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაყალის წინაშე.“ #3მფ 19:18. 5ასევე ამჟამადაც არსებობს ნატამალი, მადლით ამორჩეული. 6ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნება მადლი. რადგან საქმეებით რომ იყოს, ეს უკვე მადლი აღარ არის. მაშინ მადლიც აღარ იქნებოდა მადლი.
7მაშ რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ მიაღწია. მხოლოდ რჩეულებმა მიაღწიეს, დანარჩენებს კი გული დაეხშოთ. 8როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე.“ #რჯ 29:4; ესა 29:10. 9ხოლო დავითი ამბობს: „მათი სუფრა იყოს მახე, ბადე და საცდური და მათდა მისაგებელი, #ფს 68:23,24. 10დაიბინდოს მათი თვალები, რათა ვერ ხედავდნენ, ხოლო მათი ხერხემალი სამუდამოდ მრუდი იყოს.“
11მაშ ვკითხულობ: იმისთვის წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დაცემით ხსნა ეღირსათ წარმართებს, რათა აღძრულიყო მათში შური. 12და თუ მათი დაცემა ქვეყნიერების სიმდიდრეა და მათი დამცრობა – წარმართთა განძი, რამდენად მეტი იქნება მათი სავსება.
13ხოლო თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ. 14ნეტა შემძლებოდა შურის გაღვივება ჩემს ახლობლებში და ზოგიერთი მათგანის ხსნა. 15რადგან, თუ მათი განდევნა ქვეყნიერების შერიგებაა ღმერთთან, მაშ რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა სიცოცხლე მკვდრეთით? 16თუ პირველგამომცხვარი წმიდაა, მაშ, მთელი ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ, რტოც.
17ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველურო ზეთისხილო, დაემყენ მათ ადგილას და გახდი ბაღის ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი, 18ნუ იამპარტავნებ სხვა რტოთა წინაშე. ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ. 19შენ იტყვი: „რტოები გადატყდნენ, რათა მე დავემყნო!“ 20კეთილი. ისინი გადატყდნენ, რადგან არ სწამდათ, შენ კი რწმენით დგახარ. ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს. 21რადგან, თუ ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი რტოები, შენც არ დაგინდობს. 22ამრიგად, ხედავ ღმერთის სახიერებას და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სიკეთეს შენზე, თუ იდგები მის სიკეთეში, თუ არა და, შენც მოიკვეთები. 23და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ იდგებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ დამყნობა. 24ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე ბაღის ზეთისხილს, მით უმეტეს, ესენი, ბუნებრივნი, დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს.
25რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: მანამდე ექნება ნაწილობრივი სიბრმავე ისრაელს, ვიდრე მთელი წარმართობა არ მივა ღმერთთან. 26და ასე, მთელი ისრაელი გადარჩება, როგორც წერია: „მოვა სიონიდან მხსნელი და უღვთოებას ააცილებს იაკობს. #ესა 59:20,21. 27ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს.“ #ესა 27:9. 28დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის; ხოლო ამორჩევის მიხედვით – საყვარელნი, მამების გულისათვის. 29რადგან უცვალებელია ღმერთის მადლის ნიჭი და მოწოდება. 30ისევე, როგორც თქვენც ოდესღაც ეურჩებოდით ღმერთს, ახლა კი შეწყალებულნი ხართ მათი ურჩობით, 31ისე, ახლა ისინი ურჩობენ იმისათვის, რომ ისინიც შეწყალებულნი იქნენ იმ წყალობით, რომელიც თქვენ გეძლევათ. 32რადგან ყველანი ურჩობაში მოაქცია ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს.
33ო, ვინ შეიცნობს ღმერთის სიბრძნისა და შემეცნების სიმდიდრეს! როგორი ჩაუწვდომელია მისი განსჯანი და მიუკვლეველი მისი გზები! #ესა 55:8. 34რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი? #ესა 40:13. 35ან წინასწარ ვინ მისცა მას, რომ მიეზღოს სამაგიერო? #იობ 41:11. 36რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე! ამინ. #1კო 8:6.
Currently Selected:
Romans 11: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013