YouVersion Logo
Search Icon

Matthew 9

9
1და ჩაჯდა ნავში, გავიდა გაღმა და მივიდა თავის ქალაქში. 2და აჰა, მიუყვანეს მას ლოგინზე მწოლიარე დამბლადაცემული. და როდესაც იხილა იესომ მათი რწმენა, უთხრა დამბლადაცემულს: „გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.“
3მაშინ ზოგიერთმა მწიგნობართაგან თავისთვის თქვა: „ღმერთს გმობს ეს კაცი.“ 4და მიხვდა იესო მათ ფიქრებს და უთხრა: „რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს? 5რისი თქმა უფრო ადვილია: ‘მოგეტევა შენი ცოდვები,’ თუ თქმა: ‘ადექი და იარე?’ 6ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს ხელმწიფება დედამიწაზე ცოდვების მიტევებისა,“ – უთხრა დამბლადაცემულს: „ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში.“
7ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში. 8ამის შემყურე ხალხს უკვირდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ხელმწიფება მისცა ადამიანებს.
9იქაურობას რომ გაშორდა, დაინახა იესომ კაცი, რომელიც საბაჟოსთან იჯდა, სახელად მათე, და უთხრა მას: „გამომყევი მე.“ ისიც წამოდგა და გაჰყვა მას. 10და როდესაც სუფრასთან იჯდა მასთან სახლში, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და დაჯდა იესოსა და მის მოწაფეთა გვერდით.#ლკ 15:1,2. 11ეს რომ ფარისევლებმა დაინახეს, უთხრეს მის მოწაფეებს: „რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“ 12ეს რომ გაიგონა, მან თქვა: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არ სჭირდებათ, არამედ სნეულებს. 13წადით და შეისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი;’ მართალთა მოსახმობად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა.“#მთ 12:7; ოს 6:6.
14მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: „რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“ 15და უთხრა მათ იესომ: „განა შეუძლიათ იგლოვონ მექორწილეებმა, ვიდრე სიძე მათთან არის? მაგრამ დადგება დღეები, როდესაც სიძე წაერთმევათ მათ და მაშინ იმარხულებენ. 16არავინ აკერებს ძველ ტანსაცმელს ახალი ქსოვილის საკერებელს, რადგან ახლადდაკერებული მოეხევა სამოსს და უარეს ნახევს გააჩენს. 17არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, რადგან ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც გაფუჭდება. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე გადარჩება.“
18როცა ამას ეუბნებოდა მათ, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: „ეს-ესაა ქალიშვილი მომიკვდა, მაგრამ მოდი, დაადე მას ხელი და იცოცხლებს.“ 19და წამოდგა იესო, გაჰყვა მას და მასთან ერთად მისი მოწაფეებიც. 20და აჰა, ერთი ქალი, რომელიც 12 წლის მანძილზე იტანჯებოდა სისხლდენით, უკანიდან მიუახლოვდა მას და შეეხო მისი სამოსის კალთას. 21რადგან თავისთვის ამბობდა: „მის სამოსსაც რომ შევეხო, განვიკურნები.“ 22ხოლო იესო შემობრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა შენ.“ და მაშინვე განიკურნა ქალი. 23მივიდა იესო მთავრის სახლში, დაინახა იქ მესტვირეები და შეშფოთებული ხალხი, 24და უთხრა მათ: „გაშორდით აქაურობას, რადგან გოგონა არ მომკვდარა, არამედ სძინავს.“ და დასცინოდნენ მას. 25და როდესაც გაიყვანეს ხალხი გარეთ, შევიდა, მოჰკიდა ხელი ხელზე და წამოდგა გოგონა. 26და მთელ იმ მხარეს მოედო ეს ამბავი.
27და როდესაც იესო იქიდან მოდიოდა, ორი ბრმა აედევნა ყვირილით, და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, დავითის ძევ!“ 28სახლში შესულს, მიადგნენ ბრმები და ეუბნება მათ იესო: „გწამთ, რომ შემიძლია ამის გაკეთება?“ ეუბნებიან მას: „დიახ, უფალო!“ 29მაშინ შეეხო მათ თვალებს და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!“ 30და აეხილათ მათ თვალები. და მკაცრად გააფრთხილა ისინი იესომ და უთხრა: „იცოდეთ, არავინ გაიგოს.“ 31მათ კი, როდესაც გავიდნენ, მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი.
32ისინი რომ გავიდნენ, მიუყვანეს მას ეშმაკეული მუნჯი კაცი. 33და როცა ეშმაკი განდევნა, მუნჯმა ენა ამოიდგა. და უკვირდა ხალხს და ამბობდა: „ასეთი რამ არასოდეს მომხდარა ისრაელში.“ 34ფარისევლები კი ამბობდნენ: „ეშმაკთა მთავრით განდევნის ეშმაკებს.“#მთ 10:25; 12:24; მრკ 3:22; ლკ 11:15.
35და დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და დაბაში, ასწავლიდა მათს სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას.#მთ 4:23; მრკ 1:39; ლკ 4:44. 36ხალხის სიმრავლე რომ დაინახა, შეებრალა ისინი, რადგან დამაშვრალნი და უმწეონი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები.#რცხ 27:17; 3მფ 22:17; 2ნშ 18:16; ეზკ 34:5; მრკ 6:34. 37მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი – მცირენი.#ლკ 10:2. 38ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.“

Currently Selected:

Matthew 9: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in