YouVersion Logo
Search Icon

Matthew 13

13
1იმავე დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და დაჯდა ზღვის პირას. 2და მოგროვდა მასთან დიდძალი ხალხი, ისე რომ იგი ავიდა და ჩაჯდა ნავში, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა.#ლკ 5:1-3. 3და ბევრს ელაპარაკებოდა მათ იგავებით და უთხრა: „აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. 4თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დაეცა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი. 5ზოგი კლდოვან ნიადაგზე დაეცა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, რადგან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა. 6მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 7ზოგი ეკლებში ჩაცვივდა. გაიზარდა ეკლები და მოაშთო ისინი. 8ზოგი კი კარგ მიწაზე დაეცა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა 60 და ზოგმა 30. 9ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!“
10მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს მას: „რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?“ 11მან მიუგო და უთხრა მათ: „იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებათა ცოდნა, მათ კი არა აქვთ მიცემული. 12რადგან, ვისაც აქვს, მას მიეცემა და ექნება სიუხვე, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.#მთ 25:29; მრკ 4:25; ლკ 8:18; 19:26. 13იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ მხედველნი ვერ ხედავენ, მსმენელთ არ ესმით და ვერ ხვდებიან. 14და სრულდება მათზე ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: ‘სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ მიხვდებით, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ.#ესა 6:9,10. 15რადგან დაეხშო ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალით ვერ დაინახონ და ყურით ვერ მოისმინონ, გულით არ გაიგონ და არ მოიქცნენ, და არ განვკურნო ისინი.’ 16ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ.#ლკ 10:23,24. 17ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს.
18თქვენ მოისმინეთ მთესველის იგავი. 19ყველასთან, ვისაც ესმის სიტყვა სასუფეველზე და ვერ იგებს მის მნიშვნელობას, მიდის ბოროტი და სტაცებს მის გულში ჩათესილს: აი, რას ნიშნავს გზის პირას დათესილი. 20ხოლო კლდოვანზე დათესილი არის ის, ვინც სიტყვას მოისმენს და მაშინვე სიხარულით მიიღებს მას, 21მაგრამ არა აქვს ფესვები და ხანმოკლედ რჩება მასში. რაჟამს დადგება გასაჭირი ან დევნა სიტყვის გამო, მაშინვე დაბრკოლდება. 22ხოლო ეკლებში დათესილი არის ის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ ამ ქვეყნის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო ხდება. 23ხოლო კარგ მიწაზე დათესილი არის ის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება, და სწორედ ის არის ნაყოფიერი. და ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს.“
24სხვა იგავი წარუდგინა მათ და უთხრა: „ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. 25მაგრამ როდესაც ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალს შორის ღვარძლი ჩათესა და წავიდა. 26ხოლო როდესაც ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, მაშინ იჩინა ღვარძლმა თავი. 27მივიდნენ მონები და უთხრეს ოჯახის უფროსს: ‘ბატონო! განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდანღა გაუჩნდა მას ღვარძი?’ 28მან კი უთხრა მათ: ‘მტერმა კაცმა გააკეთა ეს.’ ხოლო მონებმა უთხრეს მას: ‘გინდა, წავალთ და გავმარგლით?’ 29მან თქვა: ‘არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოძირკვოთ. 30დააცადეთ, გაიზარდოს ორივე ერთად მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკალთ: ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი. ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ.’“
31სხვა იგავიც წარუდგინა მათ და უთხრა: „ცათა სასუფეველი ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბაღჩაში. 32იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა იზრდება, ყოველ მწვანილეულზე დიდია და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებში პოულობენ თავშესაფარს.“ 33სხვა იგავი უთხრა მათ: „ცათა სასუფეველი ჰგავს საფუარს, რომელიც ქალმა აიღო და დაფარა სამ საწყაო ფქვილში, და მთლიანად გაფუვდა.“
34ყოველივე ამას იესო იგავებით ეუბნებოდა ხალხს და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა. 35რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „იგავებით გავხსნი ჩემს პირს. აღმოვთქვამ, რაც სამყაროს დასაბამიდან დაფარულია.“#ფს 78:2.
36მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „გაგვიმარტე ყანის ღვარძლის იგავი.“ 37მან მიუგო და უთხრა: „კეთილი თესლის მთესველი კაცის ძეა; 38ყანა ქვეყნიერებაა; კეთილი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი – ბოროტის ძენი; 39მტერი, რომელმაც ის დათესა, არის ეშმაკი; მკა კი არის საუკუნის აღსასრული, ხოლო მომკალნი ანგელოზები არიან. 40ამგვარად, როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება საუკუნის აღსასრულს. 41მოავლენს კაცის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სასუფევლიდან ყოველ საცთურსა და ურჯულოების ყველა მოქმედს, 42და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა. 43მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
44ცათა სასუფეველი ჰგავს ყანაში დაფარულ განძს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, და სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია, და ყიდულობს იმ ყანას. 45კიდევ: ცათა სასუფეველი ჰგავს მოვაჭრე კაცს, რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებს. 46ხოლო როდესაც წააწყდება ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და მას შეიძენს. 47კიდევ: ცათა სასუფეველი ჰგავს ბადეს, ზღვაში გადასროლილს და ყოველგვარი თევზის შემგროვებელს, 48რომელსაც, როცა ივსება, გამოათრევენ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გარეთ გადაყრიან. 49ასე იქნება ამ სოფლის აღსასრულის ჟამს: გამოვლენ ანგელოზები და განაცალკევებენ ბოროტებს მართლებისაგან. 50და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
51გაიგეთ ეს ყოველივე?“ მათ მიუგეს: „დიახ.“ 52მან კი უთხრა მათ: „ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, ჰგავს ადამიანს – ოჯახის უფროსს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველიც და ახალიც.“
53და როდესაც დაასრულა იგავები იესომ, გაეცალა იქაურობას. 54მივიდა თავის მშობლიურ ქალაქში და ასწავლიდა მათს სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: „საიდანა აქვს მას ეს სიბრძნე და ძალნი? 55განა ეს ხუროს ძე არ არის? დედამისს განა მარიამი არა ჰქვია, მის ძმებს კი – იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა? 56განა მისი დები ყველანი ჩვენს შორის არ არიან? საიდან აქვს ამას ეს ყოველივე?“ 57და დაეჭვდნენ მასში. იესომ კი უთხრა მათ: „არსად არ არის წინასწარმეტყველი უპატიოდ, გარდა თავისი მამულისა და საკუთარი სახლისა.“ 58და არ მოუხდენია იქ ბევრი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.

Currently Selected:

Matthew 13: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in