Matthew 12
12
1იმ დროს, შაბათ დღეს, მიდიოდა იესო ყანებზე. მის მოწაფეებს მოშივდათ და დაიწყეს თავთავების წყვეტა და ჭამა.#რჯ 23:25. 2ფარისევლებმა დაინახეს ეს და უთხრეს მას: „აჰა, შენი მოწაფეები აკეთებენ, რის გაკეთებაც არ ეგების შაბათს.“ 3მან კი უთხრა მათ: „არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როდესაც მოშივდა მას და მასთან მყოფთ?#1მფ 21:1-6. 4როგორ შევიდა ღმერთის სახლში და ჭამა საწინაშეო პურები, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მასთან მყოფთ, არამედ მხოლოდ მღვდლებს?#ლევ 24:9. 5ანდა არ წაგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, მაგრამ უდანაშაულონი არიან?#რცხ 28:9,10. 6გეუბნებით თქვენ, რომ აქ არის ის, რაც ტაძარზე უმეტესია. 7რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი,’ მაშინ აღარ განიკითხავდით უდანაშაულოებს.#მთ 9:13; ოს 6:6. 8რადგან კაცის ძე შაბათის უფალიც არის.“
9და წავიდა იქიდან და მივიდა მათ სინაგოგაში. 10და აჰა, იყო იქ ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: „შეიძლება შაბათს განკურნება?“ 11ხოლო მან უთხრა მათ: „ვინ არის თქვენს შორის ისეთი, რომელსაც ერთი ცხვარი ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, ხელი არ ჩაავლოს და არ ამოიყვანოს?#ლკ 14:5. 12ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე! ამგვარად, შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება.“ 13მაშინ უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე შენი ხელი!“ მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე. 14ფარისეველნი კი გამოვიდნენ და დაიწყეს თათბირი მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.
15ხოლო იესომ შეიტყო ეს და გაეცალა იქაურობას. და დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ყველა განკურნა, 16და აუკრძალა მათ მისი გაცხადება. 17რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: 18„აჰა, მსახური ჩემი, რომელიც მე ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მე მოვიწონე. ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამსჯავროს წარმართებს.#ესა 42:1-4. 19არ იდავებს და არც იყვირებს, და არც ქუჩებში გაიგონებენ მის ხმას. 20დაბზარულ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე სამართალს გამარჯვებამდე არ მიიყვანს 21და მის სახელს მიენდობიან წარმართნი.“
22მაშინ მოიყვანეს მასთან ეშმაკეული ბრმა და მუნჯი და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯმა დაინახა და ალაპარაკდა. 23და გაკვირვებული იყო მთელი ხალხი და ამბობდა: „ნუთუ ეს დავითის ძეა?“ 24ხოლო ეს რომ ფარისევლებმა გაიგეს, თქვეს: „ნამდვილად ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის, ძალით განდევნის ეშმაკებს.“#მთ 9:34; 10:25. 25იესო მიხვდა მათ ფიქრებს და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, თავის თავის წინააღმდეგ გათიშული, გაუდაბურდება, და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც გაითიშება თავის თავის წინააღმდეგ, ვერ გაძლებს. 26და თუ სატანა სატანას სდევნის, თავისი თავის წინააღმდეგ გათიშულა და როგორღა გაძლებს მისი სამეფო? 27თუ მე ბელზებულით განვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვისით განდევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები. 28ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სასუფეველი. 29ანდა, განა შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ქონება, თუ ჯერ ძლიერს არ შეკრავს? და მაშინ გაძარცვავს მის სახლს. 30ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია, და ვინც ჩემთან არ კრებს, ის ფანტავს.#მრკ 9:40. 31ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ. 32ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას. ხოლო თუ ვინმე სულიწმიდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება მას არც ამ საუკუნეში და არც მომავალში.#ლკ 12:10.
33ან კეთილი ხე შექმენით და მისი ნაყოფიც კეთილი იქნება, ან ცუდი ხე შექმენით და მისი ნაყოფიც ცუდი იქნება. რადგან ხე ნაყოფით იცნობა.#მთ 7:20; ლკ 6:44. 34იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როდესაც ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი.#მთ 3:7; 15:18; 23:33; ლკ 3:7; 6:45. 35კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან გამოაქვს სიკეთე, ბოროტ კაცს კი ბოროტი საგანძურიდან გამოაქვს ბოროტება. 36გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ სამსჯავროს დღეს. 37რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით განისჯები.“
38მაშინ უთხრა მას ზოგიერთმა მწიგნობართა და ფარისეველთაგან: „მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან.“#მთ 16:1; მრკ 8:11; ლკ 11:16. 39ხოლო მან მიუგო და უთხრა: „ბოროტი და მოღალატე თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.#მთ 16:4; მრკ 8:12. 40რადგან, როგორც იონა იყო ვეშაპის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს დედამიწის გულში.#იო 1:17. 41ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და აჰა, აქ იონაზე მეტია.#იო 3:5. 42სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობასთან და მსჯავრს დასდებს მას, რადგან იგი მიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ სოლომონზე მეტია.#3მფ 10:1-10; 2ნშ 9:1-12.
43როდესაც უწმიდური სული გამოდის ადამიანისგან, დადის ურწყულ ადგილებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს. 44მაშინ ამბობს: ‘დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.’ და როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს, 45მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უფრო ბოროტს და შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ თაობასაც.“
46როდესაც ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა ხალხს, აჰა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები, რომელთაც ლაპარაკი სურდათ მასთან. 47უთხრა მას ვიღაცამ: „აჰა, შენი დედა და შენი ძმები დგანან გარეთ და შენთან ლაპარაკი სურთ.“ 48მან კი მიუგო და უთხრა ამის მთქმელს: „ვინ არის ჩემი დედა და ვინ არიან ჩემი ძმები?“ 49და გაიწოდა ხელი თავისი მოწაფეებისკენ და თქვა: „აჰა, ჩემი დედა და ჩემი ძმები; 50რადგან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას აღასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც.“
Currently Selected:
Matthew 12: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013