YouVersion Logo
Search Icon

Matthew 10

10
1და მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ძალაუფლება უწმიდურ სულებზე, მათ განსადევნად და ყოველგვარი სენისა და ყოველგვარი უძლურების განსაკურნებლად. 2ხოლო 12 მოციქულის სახელებია: პირველი – სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე, 3ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მებაჟე, იაკობ ალფეს ძე და თადეოსი, 4სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
5ეს 12 მიავლინა იესომ, დაარიგა და უთხრა: „წარმართთა გზებზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ. 6არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან. 7და როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი.#ლკ 10:4-12. 8სნეულები განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანები განწმიდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდ გაეცით. 9ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს ნუ წაიღებთ თან თქვენი სარტყლებით. 10ნურც გუდას გზისთვის, ნურც ორ პერანგს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, რადგან ღირსია მშრომელი თავისი საზრდოსი.#1კო 9:14; 1ტმ 5:18. 11რომელ ქალაქში ან დაბაშიც შეხვალთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსი, და დარჩით მასთან, ვიდრე გამოხვიდოდეთ, 12ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უსურვეთ მშვიდობა. 13და თუ სახლი ღირსი იქნება, დაე მიუვიდეს მას თქვენი მშვიდობა. ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდეთ. 14ხოლო თუ ვინმე არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენს თქვენს სიტყვებს, ამ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას, დაიბერტყეთ მტვერი თქვენს ფეხთაგან.#საქ 13:51. 15ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განსჯის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.#მთ 11:24; დაბ 19:24-28.
16აჰა, მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგლებს შორის. მაშ იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.#ლკ 10:3. 17მოერიდეთ ადამიანებს, რადგან ისინი გადაგცემენ სინედრიონს და თავიანთ სინაგოგებში გაგამათრახებენ თქვენ.#მრკ 13:9-11; ლკ 12:11,12; 21:12-15. 18და წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19ხოლო როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, რა თქვათ, ან როგორ თქვათ, რადგან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ. 20რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში. 21ძმა ძმას გასცემს სასიკვდილოდ და მამა – შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.#მრკ 13:12; ლკ 21:16. 22და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო. ხოლო ბოლომდე მომთმენი გადარჩება.#მთ 24:9,13; მრკ 13:13; ლკ 21:17. 23როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორეში გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ დაასრულებთ ისრაელის ქალაქების მოვლას, რომ მოვა კაცის ძე. 24არ არის მოწაფე მოძღვარზე მეტი, და არც მონა თავის ბატონზე მეტი.#ლკ 6:40; იო 13:16; 15:20. 25საკმარისია მოწაფისათვის იყოს ისეთი, როგორიც მისი მოძღვარია და მონისათვის – როგორიც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, განა უარესს არ იტყვიან მის შინაურებზე?#მთ 9:34; 12:24; მრკ 3:22; ლკ 11:15.
26ამიტომ ნუ გეშინიათ მათი, რადგან არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდება და დამალული, რაც არ გახდება ცნობილი.#მრკ 4:22; ლკ 8:17. 27რასაც თქვენ სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ჩურჩულით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ. 28ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ ძალუძს. გეშინოდეთ უფრო მეტად მისი, ვისაც შეუძლია დაღუპვა სულისაც და სხეულისაც გეენაში. 29განა ერთ ასარად არ იყიდება ორი ბეღურა? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის გარეშე. 30ხოლო თქვენს თავზე თმებიც კი დათვლილია. 31ნუ გეშინიათ: თქვენ ამ ბეღურებზე ბევრად უფრო ძვირფასნი ხართ.
32ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. 33ხოლო ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.#2ტმ 2:12.
34ნუ იფიქრებთ, რომ მიწაზე მშვიდობის მოსაფენად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი. 35რადგან მოვედი, რათა გავყო ადამიანი თავისი მამისაგან, ასული – თავისი დედისაგან და რძალი – თავისი დედამთილისაგან.#მიქ 7:6. 36და საკუთარი შინაურები იქნებიან ადამიანის მტრები. 37ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი. 38ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ის არ არის ჩემი ღირსი.#მთ 16:24; მრკ 8:34; ლკ 9:23. 39თავისი სიცოცხლის მომპოვებელი, დაღუპავს მას, ხოლო თავისი სიცოცხლის ჩემს გამო დამღუპველი, ჰპოვებს მას.#მთ 16:25; მრკ 8:35; ლკ 9:24; 17:33; იო 12:25.
40ვინც თქვენ მიგიღებთ, ის მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის ჩემს მომავლინებელს მიიღებს.#ლკ 9:48; 10:16; იო 13:20; მრკ 9:37. 41ვინც წინასწარმეტყველს მიიღებს წინასწარმეტყველის სახელით, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს, და ვინც მართალს მიიღებს მართლის სახელით, მართლის საზღაურს მიიღებს. 42და ვინც შეასმევს ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური.“

Currently Selected:

Matthew 10: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in