Letter of Jeremiah 1
1
ასლი ეპისტოლესი, რომელიც იერემიამ გაუგზავნა ტყვეებს, ბაბილონელთა მეფეს რომ უნდა წაესხა ბაბილონში.
1იმ ცოდვების გამო, რომლებითაც შესცოდეთ ღმერთს, ბაბილონელთა მეფე ნაბუქოდონოსორი ტყვეებად წაგასხამთ ბაბილონში.
2ბაბილონში რომ ჩახვალთ, დიდხანს, მრავალი წლის მანძილზე დარჩებით იქ, ვიდრე მეშვიდე თაობამდე, შემდეგ კი მშვიდობით გამოგიყვანთ იქიდან. 3მალე იხილავთ ბაბილონში ოქროს, ვერცხლისა და ხის ღმერთებს, რომლებსაც მხრებით დაატარებს ხალხი და რომლებიც შიშის ზარს სცემენ წარმართთ. 4ფრთილად იყავით, რომ თვითონაც უცხოელებს არ დაემსგავსოთ და მათსავით არ შეგიპყროთ შიშმა, როდესაც დაინახავთ ღმერთების სათაყვანებლად მათ წინაშე და მათ უკან ძირს განრთხმულ ბრბოს. 5არამედ გულში თქვით: „შენ უნდა გცემდეთ თაყვანს, უფალო.“ 6რადგანაც თქვენთანაა ჩემი ანგელოზი და ის იფარავს თქვენს სულებს. 7მათი ენა ხელოსნის ხელითაა გამოთლილი, მათი ტანი კი – ოქროთი და ვერცხლით ნაფერი, მაგრამ ცრუნი არიან და ლაპარაკი არ შეუძლიათ.
8სამკაულთა მოყვარული ყმაწვილი ქალი რომ გინახავთ, ისე უმკობენ თავს ოქროსაგან ნაკეთები გვირგვინებით თავიანთ ღმერთებს. 9ზოგჯერ ისედაც ხდება, რომ ქურუმები თვითონვე ჰპარავენ ოქრო-ვერცხლს თავიანთ ღმერთებს და მას საკუთარი საჭიროებისათვის იყენებენ, ან კიდევ საროსკიპოებში ახარჯავენ მეძავებს. 10როგორც ადამიანებს, ისე ამკობენ სამოსით ოქროს, ვერცხლისა და ხის ღმერთებს, რომლებსაც ჟანგისა და ჩრჩილისგანაც კი ვერ დაუცავთ თავი, 11თუმცაღა ძოწეულის მოსასხამი მოსავთ, რომლიდანაც გულმოდგინედ სწმენდენ მტვერს, სქლად რომ ედებად საკერპოში. 12ხელთ ქვეყნის მსაჯულებივით უპყრიათ კვერთხი, მაგრამ ისიც კი არ შეუძლიათ, რომ მათ წინაშე შემცოდეთ მზე დაუბნელონ. 13მარჯვენაში მახვილი და ცული ჩაუბღუჯავთ, მაგრამ არც ბრძოლის თავი აქვთ და არც იმისა, რომ ავაზაკებისგან დაიხსნან თავი. 14ამის მიხედვით შეიცნობთ, რომ ღმერთები არ არიან; მაშ, ნუ შეგეშინდებათ მათი. 15ვინაიდან როგორც გატეხილი ჭურჭელი აღარას არგია პატრონს, ისე მათი ღმერთებიც, საკერპოში რომ ჩამწკრივებულან, 16სადაც მტვრით ევსებათ თვალები, შემომსვლელთა ფეხს რომ მოჰყვება. 17მეფის შეურაცხმყოფელისა არ იყოს, ცხრაკლიტულში რომ ამწყვდევენ, როგორც სიკვდილმისჯილს, ისე იცავენ ქურუმები მათ საკერპოებს კარ-ფანჯრებით, ბოქლომებით და ურდულებით, რომ ავაზაკებმა არ გაძარცვონ. 18მათ უფრო მეტ სანთელს უნთებენ, ვიდრე თავიანთ თავს, თუმცაღა ღმერთებს არც ერთის დანახვის თავი არ აქვთ. 19რაღა ისინი და რაღა სახლის კოჭები, მატლები რომ უხრავენ გულს; ასევე ხრავენ, მათი სამოსითურთ, ღმერთებსაც, მაგრამ ისინი ვერაფერსაც ვერ გრძნობენ. 20საკერპოს კვამლს გაუმურავს მათი სახე. 21ღამურები, მერცხლები და ფრინველები, ხოლო ზოგჯერ კატებიც კი ასხდებიან თავსა და ტანზე. 22ამით მიხვდებით, რომ ღმერთები არ არიან; მაშ, ნუ შეგეშინდებათ მათი.
23თუ არავინ გაწმინდა სილამაზისათვის გარს შემოკრული ოქრო, ისიც აღარ ბრწყინავს; და როცა ასხამდნენ, მაშინაც ვერ გრძნობდნენ ამას. 24მამასისხლად არიან ნაყიდნი, მაგრამ სული კი არ უდგათ. 25მხრებზე მოუდგიათ უფეხონი, თავიანთ უმწეობას რომ ამჟღავნებენ კაცთა წინაშე, და შერცხვენილნი არიან მათი მსახურნიც, რადგან თუ კერპები ძირს დაუვარდათ, თავისით ხომ ვეღარ შესძლებენ წამოდგომას; 26ხოლო თუ ვინმემ წამოაყენა, ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ახერხებენ; თუ მოხრი, წელში ვეღარ იმართებიან, და ძღვენსაც თუ ისე მიართმევ მათ, როგორც მკვდრებს. 27მათთვის შეწირულ მსხვერპლს ქურუმები თავიანთ სასარგებლოდ ყიდიან, მათი ცოლები კი მსხვერპლის ნაწილს ამარილებენ, მაგრამ არც უპოვართა და არც საპყართათვის არ იმეტებენ რასმე. თვით უწმინდურსა და მელოგინე ქალებსაც კი შეუძლიათ, რომ მსხვერპლს შეეხონ. 28ამით მიხვდებით, რომ ღმერთები არ არიან და არ შეგეშინდებათ მათი. 29როგორ შეიძლება ღმერთებად იწოდებოდნენ, თუკი ქალებსაც შეუძლიათ მსხვერპლს სწირავდნენ ოქროს, ვერცხლის და ხის ღვთაებებს? 30მათ საკერპოებში ეტლებით დაგრიალებენ კვართებჩამოძონძილი, თავშიშველი და თმა-წვერ მოპარსული ქურუმები. 31ისე ხმამაღლა ბღავიან თავიანთ ღვთაებათა წინაშე, როგორც მავანნი – მკვდრის ქელეხში. 32ღმერთების ესა თუ ის შესამოსელი ქურუმებს შინ მიაქვთ და თავიანთ ცოლ-შვილს მოსავენ იმით. 33მათი ღმერთები ვერც ბოროტისმყოფელს მიუზღავენ სანაცვლოს და ვერც კეთილისმყოფელს; არც მეფის დასმა შეუძლიათ ტახტზე და არც მისი ჩამოგდება ტახტიდან. 34არამცთუ კაცის გამდიდრება, ისიც კი არ შეუძლიათ, რომ ბრინჯაოს ფული მისცენ მას. ვინმემ რომ აღთქმა დადოს და არ შეასრულოს, ვერ მოჰკითხავენ. 35ვერც სიკვდილისგან იხსნიან კაცს და ვერც უმწეოს დაიცავენ მძლავრობისგან. 36ვერც თვალისჩინს დაუბრუნებენ ბრმას და ვერც გაჭირვებულს შეეწევიან. 37ქვრივ-ოხერს ვერ შეიწყალებენ და კეთილს ვერ უყოფენ ობოლს. 38მთის ლოდებს ჰგვანან ხისგან გამოთლილნი და ოქრო-ვერცხლით მოვარაყებულნი; ასე რომ, თვით მათ მსახურთაც კი არცხვენენ. 39როგორღა უნდა შეირაცხონ ანდა იწოდონ ღმერთებად? 40თვით ქალდეველნიც კი მკრეხელურად ექცევიან მათ: მუნჯსა და უენოს რომ დაინახავენ, ბელოსსთან მიჰყავთ და ევედრებიან, ენა ამოდგმევინეო, თითქოს ბელოსს ესმოდეს რამე. 41ამის შემყურენი ხელს მაინც ვერ იღებენ თავიანთ ღმერთებზე, იმდენად უტვინონი არიან. 42ქუჩებში სხედან მათი ქალები, წელზე ლერწმის სარტყელი შემოურტყამთ და ფიჭვის საკმეველს აკმევენ. 43როცა ერთ მათგანს გამვლელი კაცი წაიყვანს და გვერდით მოიწვენს, თავის მეზობელს დაუწყებს დაცინვას, რომ მისნაირი პატივი არ ხვდა წილად არავის გაუგლეჯია მისი სარტყელი. 44სიყალბეა ყველაფერი, რაც ამ ღვთაებებს ეხება; მაშ, როგორღა შეიძლება ღმერთებად შეირაცხონ ანდა იწოდონ? 45რა იქნებიან დურგლებისა და ოქრომჭედლების ნახელავნი, გარდა იმისა, რასაც მათი ხელოსნები ისურვებენ? 46თვით ამ ხელოსანთა სიცოცხლესაც არ ეთქმის დღეგრძელი, და როგორ შეიძლება მათი ხელიდან გამოსულნი უკვდავ ღმერთებად მიგვაჩნდეს?
47ასე რომ, მხოლოდ სიცრუე და სირცხვილი დაუტოვეს თავიანთ შთამომავლობას. 48როგორც კი ომი ატყდება ან უბედურება დაატყდებათ თავზე, ქურუმები ერთმანეთში ბჭობენ, სად გაიხიზნონ თავიანთ კერპებთან ერთად. 49როგორ ვერ მიმხვდარან, რომ არ შეიძლება ღმერთებად რაცხავდნენ იმათ, ვისაც ომისა და უბედურებისაგან ვერ დაუხსნია თავისი თავი. 50ხისაგან არიან გამოთლილნი და ოქრო-ვერცხლით ნაფერნი: ამით მიხვდებით, რომ ცრუნი არიან. ყველა ხალხმა და ყველა მეფემ უნდა იცოდეს, რომ ღმერთები კი არ არიან, არამედ ხელთქმნილი კერპები, და ღმერთის ხელი არ ურევია მათ შექმნაში. 51მაშ, ვისთვისღა უნდა იყოს გაუგებარი, რომ ღმერთები არ არიან? 52ქვეყანას ტახტზე ვერ დაუსვამენ მეფეს და ხალხს სათავეში ვერ ჩაუყენებენ ბელადს. 53ვერც სამართალს გააჩენენ და ვერც დაჩაგრულს დაიცავენ, ვინაიდან თვითონაც უმწეონი არიან; რაღა ისინი და რაღა ყორნები ცისა და მიწის შუა. 54როდესაც ხისგან გამოთლილი და ოქრო-ვერცხლით ნაფერი ღმერთების სახლს ცეცხლი უჩნდება, ქურუმები კისრისტეხით გარბიან თავის გადასარჩენად, თვითონ ღმერთები კი, როგორც სახლის შუაკოჭები, ნახშირად იქცევიან. 55ვერც მეფეს და ვერც მომხდურს ვერ აღუდგებიან წინ. 56როგორღა შეიძლება ღმერთებად რაცხავდე ან აღიარებდე მათ?
57ხისაგან გამოთლილი და ოქრო-ვერცხლით ნაფერი ღმერთები ვერც ქურდებისა და ყაჩაღებისაგან დაიცავენ თავს, რადგანაც მძარცველნი მათზე ძლიერნი არიან, ოქრო-ვრცხლსა და ძვირფას სამოსს ჰპარავენ მათ და ნადავლით დატვირთულნი მიდიან, ღმერთებს კი ისიც არ შეუძლიათ, რომ თავიანთ თავს უშველონ. 58ასე რომ, მამაცი მეფე ან ოჯახისათვის სასარგებლო რამ ნივთი ამ ცრუ ღმერთებზე უმჯობესია; სახლის კარი, რომელიც ქონებას იცავს, ან მეფის სასახლის ხის სვეტები გერჩიოთ ამ ცრუ ღმერთებს. 59მზე, მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც ანათებენ და ამრიგად ასრულებენ თავიანთ დანიშნულებას, მორჩილნი ჩანან. 60ასევე ელვაც, როცა ელავს, ყველგან ნათლად ჩანს, და ქარიც ყოველ მხარესა ჰქრის. 61და ღრუბლებიც, როცა ღმერთი უბრძანებს, მთელი დედამიწის ზურგს გადაუარონ, მორჩილად ასრულებენ მის ბრძანებას, ისევე, როგორც მთებისა და ტყეების გადასაბუგად ცით მოვლენილი ცეცხლი. 62ესენი კი არც სახით და არც ძალით არ ჰგვანან მათ. 63ამიტომ არ უნდა ირაცხებოდნენ და არც იწოდებოდნენ ღმერთებად, ვინაიდან არც იმისი თავი აქვთ, რომ სამართალი გაუჩინონ, და არც იმისა, რომ კეთილი უყონ ხალხს. 64ამრიგად, რაკიღა იცით, რომ ღმერთები არ არიან, არც უნდა გეშინოდეთ მათი. 65მეფეებს ვერ შეაჩვენებენ და ვერც აკურთხებენ. 66ვერც ნიშებს გვიჩვენებენ ცაში თუ ხალხის წინაშე; ვერც მზესავით იბრწყინებენ და ვერც მთვარესავით მოგვფენენ შუქს. 67მხეცები უფრო მძლენი არიან: ის მაინც შეუძლიათ, რომ ბუნაგებს შეეფარონ და ასე უშველონ თავს. 68ამრიგად, არაფერი არ მოწმობს, რომ ისინი ღმერთები არიან; მაშ ნუ შეგეშინდებათ მათი. 69როგორც საფრთხობელა ვერაფერს იცავს ბოსტანში, ისე ხისგან გამოთლილი და ოქრო-ვერცხლით ნაფერი ღმერთებიც. 70წარმოიდგინეთ ეკლის ბუჩქი, ყველა ჩიტი ზედ რომ აჯდება, ან სიბნელეში მიგდებული გვამი, – აი, კიდევ რა შეიძლება შევადაროთ ამ ხისაგან გამოთლილსა და ოქრო-ვერცხლით ნაფერ ღმერთებს.
71შეხედეთ მათ მოელვარე ძოწეულის სამოსს, ზედ რომ ალპებათ, და დარწმუნდებით, რომ ღმერთები არ არიან; ბოლოს ასევე დალპებიან თვითონაც და სირცხვილად დარჩებიან ქვეყნად. 72ასე რომ, უმჯობესია მართალი კაცი, რომელსაც კერპები არა ჰყავს, რადგანაც შორს იქნება სირცხვილისაგან.
Currently Selected:
Letter of Jeremiah 1: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013