YouVersion Logo
Search Icon

Leviticus 26

26
1არ გაიკეთოთ კერპები, და ქანდაკებები და სვეტები არ აღიმართოთ, და გამოსახულებიანი ქვა არ დადგათ თქვენს ქვეყანაში სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.#ლევ 19:4; გამ 20:4; რჯ 5:8; 16:21,22; 27:1. 2ჩემი შაბათები დაიცავით და მოწიწებით მოეპყარით ჩემ საწმიდარს. მე ვარ უფალი.
3თუ ივლით ჩემი წესებით და ჩემს მცნებებს დაიცავთ და აღასრულებთ, #რჯ 11:13-15; 28:1-14. 4მე მოგივლენთ წვიმებს დროულად და მიწა გამოიღებს მოსავალს, და ხე ბაღ-ვენახთა მოგცემთ თავის ნაყოფს, 5რთვლობამდე გასტანს თქვენი კალოობა, და რთვლობა – ხვნა-თესვამდე; და შეჭამთ თქვენს პურს მაძღრისად, და იცხოვრებთ მშვიდად თქვენს ქვეყანაში. 6დავამყარებ მშვიდობას ქვეყანაში და მშვიდად და უშფოთველად დაწვებით. განვდევნი სასტიკ მხეცებს ქვეყნიდან. და მახვილი არ გადაივლის თქვენს ქვეყანაზე. 7განდევნით თქვენს მტრებს და დაეცემიან თქვენს წინაშე მახვილით. 8ხუთი თქვენგანი განდევნის ასს და ასი თქვენგანი – 10 ათასს, და დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე მახვილით. 9მოგხედავთ თქვენ, და ნაყოფიერს გაგხდით და გაგამრავლებთ, და განვამტკიცებ ჩემს აღთქმას თქვენთან. 10ჭამეთ შარშან დაგროვილი, და გადაყარეთ ძველი, ახალს რომ მოკრებთ. 11ჩემს სავანეს თქვენში დავიდგამ, და არ მოგიძულებთ თქვენ ჩემი სული. 12ვივლი თქვენს შორის და მე ვიქნები თქვენი ღმერთი, და თქვენ იქნებით ჩემი ხალხი.#2კო 6:16. 13მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა არ ყოფილიყავით იქ მონები. მე დავწყვიტე აპეურები თქვენი უღლისა და წამოგიყვანეთ თავაღმართულნი.
14თუ არ დამემორჩილებით და არ აღასრულებთ ყველა ამ მცნებებს,#რჯ 28:15-68. 15და თუ უკუაგებთ ჩემს წესებს, თუ ჩემს სამართალს შეიძულებთ, არ აღასრულებთ ჩემს ყოველ მცნებას და ჩემს აღთქმას დაარღვევთ, 16მეც ასევე მოგექცევით თქვენ: მოვავლენ თქვენზე საშინელებას, მღიერებას და ციებ-ცხელებას, რომელნიც ქანცავენ თვალებს და აწამებენ სულს. ამაოდ დათესავთ თქვენს თესლს, რადგან თქვენი მტრები შეჭამენ მას. 17მოვაქცევ ჩემს სახეს თქვენსკენ და განიგმირებით თქვენი მტრების წინაშე, და იბატონებენ თქვენზე თქვენი მოძულენი, და გაიქცევით, თუმცა მადევარი არ გეყოლებათ. 18და თუ მაინც არ გამიგონებთ, შვიდჯერ გავზრდი სასჯელს თქვენი ცოდვების გამო. 19გავტეხავ თქვენი სიჯიუტის ძალას, რკინად ვაქცევ თქვენს ცას და სპილენძად – თქვენს მიწას, 20ფუჭად დაილევა თქვენი ძალ-ღონე, რადგან არ გამოიღებს თქვენი მიწა თავის მოსავალს, და ხე თქვენი მიწისა არ გამოიღებს თავის ნაყოფს.
21და თუ მაინც წამოხვალთ ჩემს წინააღმდეგ და არ მომისმენთ, შვიდმაგად გავზრდი თქვენს გვემას თქვენი ცოდვების გამო. 22მოგისევთ ველის ნადირს, რომლებიც მოსპობენ თქვენს შვილებს, და ამოგიწყვეტენ საქონელს, გამოგლევენ და გაუკაცრიელდება თქვენი გზები.
23და თუ ამითაც არ გამოსწორდებით და განაგრძობთ წინააღმდეგობას, 24მეც ვიქნები თქვენს წინააღმდეგ და გგვემთ შვიდმაგად თქვენი ცოდვების გამო. 25მოვავლენ თქვენზე შურისმგებელ მახვილს აღთქმის შურისგებისათვის. და თუ დაიმალებით თქვენს ქალაქებში, მაშინ მოვავლენ შავ ჭირს თქვენში და მტრის ხელში ჩაცვივდებით. 26ისე გაგიქრობთ პურის სახსარს, რომ ათი ქალი გამოაცხობს თქვენთვის პურს ერთ თონეში, წონით მოგცემენ თქვენს პურს, ჭამთ და ვერ გაძღებით.
27და თუ ამის შემდეგაც არ გამიგონებთ და იქნებით ჩემს წინააღმდეგ, 28მეც წამოვალ სისასტიკით თქვენს წინააღმდეგ და დაგსჯით შვიდმაგად თქვენი ცოდვების გამო. 29თქვენი ვაჟებისა და ასულების ხორცს შეჭამთ. 30გავანადგურებ თქვენს მაღლობებს#26:30 წარმართთა მსხვერპლშესაწირი ადგილები, რომლებსაც მაღალ ბორცვებსა და გორაკებზე აწყობდნენ. და დავაქცევ თქვენი მზის კერპებს, და დავყრი თქვენს გვამებს თქვენს დამსხვრეულ კერპებზე, და შეგიძულებთ ჩემი სული. 31უდაბნოდ ვაქცევ თქვენს ქალაქებს, და ავაოხრებ თქვენს საკურთხევლებს, და აღარ ვიყნოსავ თქვენს მსხვერპლთა კეთილსურნელებას. 32ავაოხრებ თქვენს ქვეყანას ისე, რომ გაოგნდებიან იქ ჩასახლებული თქვენი მტრები; 33გაგფანტავთ ხალხებს შორის და ვიშიშვლებ მახვილს თქვენს კვალდაკვალ; გადაიქცევა თქვენი ქვეყანა უდაბნოდ და თქვენი ქალაქები – ნანგრევებად.
34მაშინ აინაზღაურებს თავის შაბათებს მიწა უკაცრიელების ჟამს; და როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ დაისვენებს მიწა და იკმარებს თავის შაბათებს. 35თავისი უკაცრიელების ჟამს დაისვენებს იმდენს, რამდენიც არ დაუსვენია თქვენს შაბათებში, როცა თქვენ მკვიდრობდით იქ. 36და ვინც თქვენგან გადარჩება, გულებში შთავნერგავ სიმხდალეს მათი მტრების ქვეყანაში, და ფოთლის შრიალის ხმაც კი შეაშინებს მათ, და გაიქცევიან, როგორც გაურბიან მახვილს, და დაეცემიან, როცა არავინ იქნება მათი მადევარი. 37ერთმანეთზე წაიბორძიკებენ, როგორც მახვილისაგან გაქცეულნი, თუმცა მდევნელი არავინ იქნება. და არ გექნებათ ძალა, რომ გაუძლოთ თქვენს მტერს. 38დაიღუპებით ხალხთა შორის და შთაგნთქავთ მიწა თქვენი მტრებისა. 39და თქვენგან გადარჩენილნი ჩამოხმებიან თავიანთი ცოდვებისაგან თქვენი მტრების ქვეყანაში, და თავიანთი მამების ცოდვების გამო ჩამოხმებიან.
40და აღიარებენ თავიანთ დანაშაულს და თავიანთი მამების ბრალს, რომ მიმუხთლეს, და რომ წავიდნენ ჩემს წინააღმდეგ. 41და მეც წავალ მათ წინააღმდეგ, და მივიყვან მათ მათი მტრების ქვეყანაში. მაშინ დაითრგუნება მათი წინადაუცვეთელი გული, მაშინ იგემებენ ისინი თავიანთ დანაშაულს. 42და გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან, და ჩემს აღთქმას ისააკთან, და ჩემს აღთქმას აბრაამთან, და ამ ქვეყანასაც გავიხსენებ, #დაბ 17:7,8; 26:3,4; 28:13,14. 43როცა მიწა მიტოვებული იქნება მათგან და დაკმაყოფილდება თავისი შაბათებისთვის მათგან გაუკაცრიელების ჟამს, და იგემებენ თავიანთ დანაშაულს, რადგან სამართალი უკუაგდეს და ჩემი წესები მოიძულეს.
44და მაინც, მტრების ქვეყანაში მათი ყოფნისას არ მოვიბეზრებ და არ მოვიძულებ მათ იმ ზომამდე, რომ სრულიად მოვსპო ისინი და დავარღვიო ჩემი აღთქმა მათთან, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი. 45და გავიხსენებ აღთქმას მათ წინაპრებთან, რომლებიც გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან ხალხების თვალწინ, რათა ვიყო მათი ღმერთი; მე ვარ უფალი.“
46ესაა წესები და სამართალი და რჯული, რომელიც დაადგინა უფალმა მასა და ისრაელიანთა შორის, სინაის მთაზე, მოსეს მეშვეობით.

Currently Selected:

Leviticus 26: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in