YouVersion Logo
Search Icon

James 3

3
1ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ, 2რადგან ჩვენ ყველანი ბევრს ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია; მას შეუძლია, ალაგმოს მთელი სხეულიც. 3აჰა, ცხენებს ლაგამს ამოვდებთ, რათა დაგვემორჩილონ, და ვმართავთ მთელ მათ სხეულს. 4აჰა, ხომალდები, რა დიდებიც არ უნდა იყვნენ და როგორმა ძლიერმა ქარებმაც არ ატორტმანონ, პატარა საჭე იქით მიაბრუნებს მათ, საითაც მესაჭე მოინდომებს. 5ასევეა ენაც – პატარა ასოა და შეუძლია ბევრი რამ დაიქადოს. აჰა, მცირე ცეცხლი რამდენ ტყეს ბუგავს. 6ენაც ცეცხლია, უსამართლობის სამყარო. ენა ჩვენს ასოებს შორისაა მოთავსებული, მთელი სხეულის წამბილწავი და მთელი ჩვენი არსებობის სვლა-გეზის დამანგრეველი, და თვით ჯოჯოხეთისაგან აგზნებული. 7რადგან მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა ყოველგვარი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია ადამიანური ბუნების მიერ. 8ენის მოთვინიერება კი ადამიანთაგან არავის არ შეუძლია – დაუოკებელი ბოროტებაა და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე. 9მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მითვე ვწყევლით ღმერთის ხატად შექმნილ ადამიანებს. #დაბ 1:26. 10ერთი და იმავე პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევაც და წყევლაც. არ ეგების, ჩემო ძმებო, ასე რომ ხდება. 11განა ერთი წყაროსთვალიდან გამოედინება ტკბილი და მწარე? 12განა შეუძლია, ჩემო ძმებო, ლეღვის ხეს ზეთისხილი მოისხას, ანდა ვაზს – ლეღვი? ასევე მლაშე ვერ წარმოშობს მტკნარ წყალს.
13ვინ არის თქვენს შორის ბრძენი და განსწავლული? კეთილი საქციელით აჩვენოს, რომ მისი საქმენი ბრძნული მოთმინებით არის ქმნილი. 14მაგრამ თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ იტრაბახებთ და ნუ იცრუებთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ. 15ეს არ არის გარდამოვლენილი სიბრძნე, არამედ მიწიერი, მშვინვიერი, ეშმაკისეული. 16რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტი საქმეა. 17ხოლო მაღლიდან გარდამომავალი სიბრძნე, პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, თვინიერი, მომთმენი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო. 18ხოლო სიმართლის ნაყოფი მშვიდობისმყოფელთ ეთესებათ მშვიდობიანად.

Currently Selected:

James 3: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in