Hebrews 10
10
1რადგანაც რჯული მომავალ სიკეთეთა აჩრდილია და არა თვით მოვლენათა პირველსახე, ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები ერთი და იმავე ყოველწლიური მსხვერპლით, რომელსაც მუდმივად სწირავენ, 2თორემ შეწყვეტდნენ შესაწირავს, რადგან შემწირველებს, თუ ერთხელ განიწმიდებოდნენ, აღარ ექნებოდათ ცოდვების არავითარი განცდა. 3მაგრამ ამ შესაწირავებში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება, 4რადგან შეუძლებელია ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა. 5ამიტომ ამბობს ის ქვეყნიერებაზე მოსვლისას: „მსხვერპლსა და შესაწირავს არ ინებებ, მაგრამ სხეული განმიმზადე მე. #ფს 39:7-9. 6აღსავლენები და ცოდვის გამოსასყიდი არ მოგწონს. 7მაშინ ვთქვი მე: ‘აჰა, მოვდივარ, წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო.’“ 8ზემოთ რომ თქვა: „არც მსხვერპლები, არც შესაწირავები, არც აღსავლენები, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რომლებსაც სწირავენ რჯულის თანახმად, არ ინებე და არც მოიწონე,“ 9მაშინ დასძინა: „აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო.“ – ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე. 10ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.
11და ყოველი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და მრავალგზის სწირავს იმავე მსხვერპლს, რომელსაც არასოდეს არ ძალუძს ცოდვების გაუქმება. #გამ 29:38. 12მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღმერთის მარჯვნივ. #ფს 109:1. 13და მას მერე ელის, სანამ მისი მტრები მის ფეხთა კვარცხლბეკად იქცევიან. 14რადგან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი. 15წმიდა სულიც გვიმოწმებს ჩვენ, რადგან ამ ნათქვამის შემდეგ: 16„აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ მათ იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი, მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებში და ჩავწერ მათს გონებაში, #იერ 31:33. 17და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებსა და მათ ურჯულოებას.“ #იერ 31:34. 18ხოლო სადაც ეს მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი ცოდვებისთვის.
19ამრიგად, ძმებო, რაკი გვაქვს გაბედულება იესოს სისხლით სიწმიდეში შესვლისა 20ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდაში გავლით, – თავისი ხორცის მეშვეობით, – 21და გვყავს მღვდელმთავარი ღმერთის სახლზე, – 22მივეახლოთ მას მართალი გულით, სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან განწმედილი გულებითა და სუფთა წყლის პკურებით განბანილი სხეულებით. #ლევ 8:30; ეზკ 36:25. 23მტკიცედ მივყვეთ იმედის აღსარებას, რადგან აღმთქმელი სარწმუნოა. 24ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. 25ნუ მივატოვებთ ჩვენს შეკრებებს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნევოთ ერთმანეთი მით უფრო, რაც უფრო ვატყობთ იმ დღის მოახლოებას.
26რადგან, თუ კიდევ ნებსით ვცოდავთ მას შემდეგ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის, 27არამედ სამსჯავროს საშინელი მოლოდინი და აგზნებული ცეცხლი მოწინააღმდეგეთა შთასანთქმელად.#ესა 26:11. 28თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს,#რჯ 17:6; 19:15. 29როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელავს ღმერთის ძეს და რიოშად აქცევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყოფს მადლის სულს? #გამ 24:8. 30რადგან ჩვენ ვიცნობთ მას, ვინც თქვა: „ჩემია შურისგება, მე მივუზღავ.“ და კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ხალხს.“ #რჯ 32:35,36. 31საშიშია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა!
32გაიხსენეთ უწინდელი დღეები, როცა განათლდით და დაითმინეთ ტანჯვის დიდი განსაცდელი: 33ხან შეურაცხყოფასა და ჭირში იყავით სხვათა სასეიროდ ქცეულნი, ხან კი მათი თანაზიარნი იყავით, ვისაც ასე ექცეოდნენ, 34რადგან თქვენ თანაუგრძნობდით ბორკილებში მყოფთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იღებდით, რაკი იცოდით, რომ ზეცაში გაქვთ უკეთესი და წარუვალი ქონება. 35მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გამბედაობას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს. 36მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღმერთის ნება და მიიღოთ აღთქმული. 37რადგან „კიდევ ცოტა, ძალზე ცოტაც და მოვა, რომელიც უნდა მოვიდეს და არ დააყოვნებს.#აბკ 2:3,4. 38ჩემი მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკან შებრუნდება, მას ჩემი სული არ მოიწონებს.“ 39ჩვენ კი უკან მიქცეულთა შორის არა ვართ, რომ დავიღუპოთ, არამედ მორწმუნენი ვართ სიცოცხლის გადასარჩენად.
Currently Selected:
Hebrews 10: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013