Galatians 1
1
1პავლე, მოციქული არა კაცთაგან, არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტესი და მამა ღმერთის მიერ, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი, 2და ჩემთან მყოფი ყველა ძმა – გალატიის ეკლესიებს: 3მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან, 4რომელმაც თავისი თავი გასცა ჩვენი ცოდვებისათვის, რათა ვეხსენით ამ ბოროტი საუკუნისაგან ჩვენი მამა ღმერთის ნებით, 5რომელსაც ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
6მიკვირს, რომ ასე მალე გადადიხართ მისაგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით, სხვა სახარებაზე. 7თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება. 8მაგრამ თუნდაც ჩვენ, ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რაც ჩვენ გახარეთ, შეჩვენებულ იყოს. 9როგორც წინასწარაც ვთქვი, ახლაც კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის, რაც მიიღეთ, შეჩვენებული იყოს.
10ადამიანებს ვაწონებ თავს თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ადამიანებს ვაამო? ისევ ადამიანებისთვის თავის მოწონებას რომ ვცდილობდე, ქრისტეს მონა არ ვიქნებოდი.
11ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმებო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებ, არ არის კაცისმიერი. 12რადგან არ მიმიღია და არ მისწავლია მე იგი კაცისაგან, არამედ მივიღე იესო ქრისტეს გამოცხადებით.
13რადგან გსმენიათ თქვენ ჩემი წინანდელი ქცევა იუდაიზმში, რომ მე სასტიკად ვდევნიდი ღმერთის ეკლესიას და ვარბევდი მას. #საქ 8:3; 22:4,5; 26:9-11. 14და იუდაიზმის მიმდევრობაში მრავალ ჩემს თანატოლს აღვემატებოდი ჩემს მოდგმაში, რადგან ჩემი მამების გადმოცემების უდიდესი მოშურნე ვიყავი. #საქ 22:3. 15ხოლო როცა ესათნოვა ღმერთს, რომელმაც გამომარჩია დედის მუცლიდანვე და მომიწოდა თავისი მადლით, #საქ 9:3-6; 22:6-10; 26:13-18. 16გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რომ მეხარებინა იგი წარმართთათვის, როდი დავეთათბირე მაშინ ხორცსა და სისხლს, 17და არც იერუსალიმში ავსულვარ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბიის მხარეში წავედი და იქიდან კვლავ დამასკოში დავბრუნდი.
18შემდეგ, სამი წლის მერე, ავედი იერუსალიმში პეტრეს სანახავად და 15 დღე დავყავი მასთან. #საქ 9:26-30. 19სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, გარდა უფლის ძმის, იაკობისა. 20ხოლო ის, რასაც თქვენ გწერთ, მართალია, და არ ვცრუობ ღმერთის წინაშე. 21ამის შემდეგ წავედი სირიისა და კილიკიის ქვეყნებში. 22იუდაში კი ქრისტეს ეკლესიებისათვის პირადად არ ვიყავი ცნობილი. 23მხოლოდ ის გაეგონათ, რომ: კაცი, რომელიც ოდესღაც გვდევნიდა, ახლა ახარებსო იმ სარწმუნოებას, რომელსაც წინათ ებრძოდა; 24და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო.
Currently Selected:
Galatians 1: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013