Exodus 32
32
  1როცა დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებს მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბა აარონთან, და უთხრა მას: ადექ, გაგვიკეთე ჩვენ ღმერთები, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ამოგვიყვანა ეგვიპტიდან, არ ვიცით, რა შეემთხვა.#საქ 7:40.  2და უთხრა მათ აარონმა: „ჩამოხსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს და მოიტანეთ ჩემთან.“ 3და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურებიდან, და მიუტანეს აარონს. 4გამოართვა აარონმა და გააკეთა მისგან ჩამოსხმული ხბო, და გამოკვეთა იგი საჭრეთლით. და მათ თქვეს: „ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტიდან!“#3მფ 12:28; საქ 7:41.  5როცა დაინახა აარონმა ეს, ააშენა სამსხვერპლო ხბოს წინ, და თქვა აარონმა: „უფლის დღესასწაულია ხვალ!“ 6და ადგნენ დილაადრიანად მეორე დღეს, და მოიტანეს სრულადდასაწველნი, და მიიყვანეს სამშვიდობო მსხვერპლები. და დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. და შემდეგ ადგნენ სალაღობოდ.#1კო 10:7.
  7და უთხრა უფალმა მოსეს: „აბა, ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე. 8მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე: ჩამოასხეს ხბო, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ. ამბობენ: ‘ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან.’“ 9და უთხრა უფალმა მოსეს: „ვხედავ მე ამ ხალხს და ჯიუტია იგი. 10ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო ისინი, შემდეგ კი გაქცევ შენ დიდ ხალხად.“
  11და ევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: „რად უნდა აღეგზნოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც ეგვიპტიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით გამოიყვანე?#რცხ 14:13-19.  12რად უნდა ათქმევინო ეგვიპტეს, დასაღუპავად გაიყვანაო ისინი, რომ მთებში ამოეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო. დაიცხრე რისხვა და გადაიფიქრე ამ ხალხის დაღუპვა. 13გაიხსენე აბრაამი, ისააკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შეჰფიცე შენი თავით და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებთ შთამომავლობას და მივცემ მთელს ამ აღთქმულ მიწას თქვენს შთამომავლობას, რომ საუკუნოდ დაიმკვიდრონ.“#დაბ 22:16,17; დაბ 17:8.  14და გადაიფიქრა უფალმა ბოროტების გაკეთება, რომელზეც თქვა, რომ დაატეხდა თავის ხალხს.
  15და მობრუნდა, და ჩავიდა მოსე მთიდან. და ქვის ორი დაფა მოწმობისა ეჭირა ხელში, თითოეულზე ორივე მხრიდან დაწერილი. 16ღვთის ნაკეთები იყო ეს დაფები და წარწერაც ღვთის მიერ იყო ამოკვეთილი. 17და მოესმა იესოს ხმა მშფოთვარე ხალხისა, და უთხრა მოსეს: „საომარი ყიჟინაა ბანაკში.“ 18და თქვა მოსემ: „ეს არც გამარჯვების ყიჟინაა და არც დამარცხების ზარი, სიმღერის ხმა მესმის.“
  19როგორც კი მიუახლოვდა მოსე ბანაკს და იხილა ხბო და როკვა, რისხვით აღინთო და გაიქნია დაფები და მთის ძირას მიამსხვრია. 20აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, მტვრად აქცია, წყალს მოაფრქვია და ასვა ის წყალი ისრაელიანთ.#32:20 ცეცხლში დაწვა ვინაიდან ოქროს დაწვა შეუძლებელია, ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ხბო ხისა იყო, მხოლოდ მოოქროვილი.
  21და უთხრა მოსემ აარონს: „რა დაგიშავა ამ ხალხმა, ასეთ დიდ ცოდვაში რომ ჩააგდე?“ 22და უთხრა აარონმა: „რისხვით ნუ აინთება ჩემი ბატონი. შენც იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი. 23მითხრეს: ‘გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, რომელიც წაგვიძღვება წინ, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტიდან, არ ვიცით რა შეემთხვა.’ 24და მე ვუთხარი მათ, ვისაც ოქრო აქვს, ჩამოიხსნას, და მე მომცეს-მეთქი. და ჩავყარე ის ცეცხლში და გამოვიდა ეს ხბო.“
  25და იხილა მოსემ, რომ მიშვებულია ეს ხალხი, რომ მიუშვა იგი აარონმა და მასხარად ასაგდები გახადა მტრის წინაშე. 26და დადგა მოსე ბანაკის კარიბჭესთან და თქვა: „ვინც უფლისაა, ჩემთან!“ და შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე. 27და უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი კარიბჭიდან კარიბჭემდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი.“ 28მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, 3 ათასამდე კაცი გაწყდა იმ დღეს. 29და უთხრა მათ მოსემ: „ხელი აივსეთ დღეს უფლისათვის, რადგან თითოეულმა თავის ძეზე და ძმაზე აღმართა ხელი და მოგენიჭებათ დღეს კურთხევა.“
  30მეორე დღეს უთხრა მოსემ ხალხს: „დიდი ცოდვა გაქვთ ჩადენილი. ახლა ავალ უფალთან, ვინძლო გამოვისყიდო თქვენი ცოდვა.“ 31და გაბრუნდა მოსე უფალთან, და უთხრა: „დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: გაიკეთეს ოქროს ღმერთი. 32ახლა თუ მიუტევებ მათ ამ ცოდვას? თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან.“#ფს 68:29; გცხ 3:5.  33უთხრა უფალმა მოსეს: „ვინც შემცოდა, მას ამოვშლი ჩემი წიგნიდან. 34ახლა წადი, გაუძეხი ხალხს იქით, საითკენაც გითხარი. აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ. და როცა განკითხვის ჟამი მოაწევს, დავსჯი მათ ამ ცოდვისათვის.“
  35და მოსრა უფალმა ხალხი ხბოსთვის, რომელიც აარონმა გააკეთა.
      Currently Selected:
Exodus 32: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013



