Colossians 4
4
1ბატონებო, მოექეცით მონებს სამართლიანად და სწორად, იცოდეთ, რომ თქვენც გყავთ უფალი ზეცაში. #ეფს 6:9.
2იბეჯითეთ ლოცვაში და იფხიზლეთ მასში მადლიერებით. 3ილოცეთ ასევე ჩვენთვისაც, რომ ღმერთმა გაგვიღოს სიტყვის კარი, რათა ვაუწყოთ საიდუმლო ქრისტესი, რისთვისაც ვატარებ ბორკილებს, 4რათა გავაცხადო იგი, როგორც მე მმართებს, რომ ვაუწყო.
5სიბრძნით მოიქეცით გარეშეთა მიმართ და გამოიყენეთ ყოველი წამი. #ეფს 5:16. 6თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლით იყოს სავსე, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ.
7ჩემს შესახებ ყველაფერს გაცნობებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, ერთგული მსახური და თანამონა უფალში, #საქ 20:4; 2ტმ 4:12.#ეფს 6:21,22. 8რომელიც იმისთვის გამოგიგზავნეთ, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს, 9ონისიმესთან ერთად, სარწმუნო და საყვარელ ძმასთან, რომელიც თქვენიანია. ისინი გიამბობენ ყველა აქაურ ამბავს. #ფლმ 10-12.
10მოკითხვას გითვლით არისტარქე, ჩემი თანატყვე და მარკოზი, ბარნაბას დისწული, რომლის შესახებაც მოგივიდათ უწყება: თუ მოვიდეს თქვენთან, მიიღეთ! #საქ 12:12,25; 13:13; 15:37-39; 19:29; 27:2; ფლმ 24. 11ასევე იესო, რომელსაც იუსტოსს ეძახიან, წინადაცვეთილთაგან მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი თანამოქმედნი ღმერთის სასუფევლისათვის, ისინი ნუგეშად მექცნენ მე.
12მოკითხვას გითვლით ეპაფრასი, ისიც თქვენიანი, ქრისტე იესოს მსახური, რომელიც მუდამ თქვენთვის იღწვის ლოცვებში, რათა იდგეთ სრულნი და აღვსებულნი ღმერთის ყოველი ნებით. #კლს 1:7; ფლმ 23. 13მე ვმოწმობ, რომ მას დიდი ამაგი აქვს თქვენზე და ლაოდიკელებზე და იერაპოლისელებზე. 14მოგიკითხავენ საყვარელი მკურნალი ლუკა და დემა. #2ტმ 4:10,11; ფლმ 24. 15მოიკითხეთ ლაოდიკელი ძმები, ნიმფა და მისი საშინაო ეკლესია. 16როცა ამ წერილს წაგიკითხავენ, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, ხოლო რომელიც ლაოდიკედან არის მოსული, თქვენც წაიკითხეთ. 17ასე უთხარით არქიპოსს: „ყურადღებით იყავი, რომ შეასრულო მსახურება, რომელიც უფალში მიიღე.“ #ფლმ 2.
18მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით. გახსოვდეთ ჩემი ბორკილები. მადლი თქვენთან. ამინ.
Currently Selected:
Colossians 4: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013