YouVersion Logo
Search Icon

Colossians 3

3
1ამგვარად, თუ თქვენ აღმდგარი ხართ ქრისტესთან ერთად, ეძიეთ, რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ. #ფს 109:1. 2იფიქრეთ იმაზე, არის რაც მაღლა, და არა მიწიერზე. 3რადგან თქვენ მოკვდით და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. 4და როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებაში.
5მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა, 6რომელთა გამოც ღმერთის რისხვა მოდის ურჩობის შვილებზე, 7რომელთა შორისაც თქვენც დადიოდით, როცა მათ შორის ცხოვრობდით. 8ახლა კი განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენს ბაგეთა ბილწსიტყვაობა. 9ნუ ეტყვით სიცრუეს ერთმანეთს, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი ადამიანი მისი საქმეებითურთ. #ეფს 4:22. 10და შეიმოსეთ ახალი, რომელიც მუდმივად განახლდება სრული შემეცნებით თავისი შემოქმედის ხატის შესაბამისად, #ეფს 4:24; დაბ 1:26. 11აქ აღარ არის არც ბერძენი, არც ებრაელი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში.
12ამგვარად, როგორც ღმერთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სიკეთე, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელება. #ეფს 4:2. 13შეიწყნარეთ ერთმანეთი და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე მიუტევეთ თქვენც. #ეფს 4:32. 14ყოველივე ამასთან ერთად შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც სრულქმნილების ერთობლიობაა. 15და სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რომლისაკენაც მოწოდებულნი ხართ ერთ სხეულად და იყავით მადლიერნი. 16ქრისტეს სიტყვა უხვად დაემკვიდროს თქვენში. ყოველი სიბრძნით დაარიგეთ ერთმანეთი ფსალმუნებით, ჰიმნებით და სასულიერო საგალობლებით უგალობეთ მადლიერებით ღმერთს თქვენს გულებში. #ეფს 5:19,20. 17და ყოველივე, რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით, გააკეთეთ უფალი იესოს სახელით და მადლობა შესწირეთ მამა ღმერთს მის მიერ.
18ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც ეს შესაფერია უფალში. #ეფს 5:22; 1პტ 3:1. 19ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ გამწარდებით მათ მიმართ. #ეფს 5:25; 1პტ 3:7.
20შვილებო, დაექვემდებარეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგან ასეა მოსაწონი უფლისათვის. #ეფს 6:1. 21მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ დაკარგონ. #ეფს 6:4. 22მონებო, ყველაფერში დაექვემდებარეთ თქვენს ხორციელ ბატონებს არა მოჩვენებითი სამსახურით, როგორც კაცთმაამებლებმა, არამედ გულწრფელად, როგორც უფლის მოშიშებმა. #ეფს 6:5-8. 23ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ გულით, როგორც ღმერთისათვის და არა კაცთათვის. 24იცოდეთ, რომ მიიღებთ უფლისაგან მემკვიდრეობას საზღაურად. ემსახურეთ უფალ ქრისტეს. 25უსამართლო კი მიიღებს საზღაურს უსამართლობისათვის, და არ იქნება მიკერძოება. #რჯ 10:17; ეფს 6:9.

Currently Selected:

Colossians 3: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in