YouVersion Logo
Search Icon

Baruch 4

4
1ესაა უფლის ბრძანებათა წიგნი და რჯული, რომელიც საუკუნოდ იქნება. 2მოიქეც, იაკობ, აიღე იგი და იარე ბრწყინვალებისაკენ მისი ნათლისა. 3ნუ მისცემ სხვას დიდებას შენსას და ნურც შენს სარგებელს – უცხო ხალხს. 4ნეტარი ვართ, ისრაელ, რადგანაც ვიცით, რა არის კეთილსასურველი ღვთისათვის. 5მხნედ იყავ, ჩემო ერო, ხსოვნავ ისრაელისა! 6დასაღუპად კი არ მიეყიდეთ ხალხებს, არამედ იმიტომ, რომ განარისხეთ ღმერთი; 7გააალმასეთ თქვენი შემოქმედი, რადგანც ეშმაკებს სწირავდით მსხვერპლს და არა ღმერთს; 8დაივიწყეთ თქვენი მასაზრდოებელი უკვდავი ღმერთი და დაამწუხრეთ თქვენი აღმზრდელი იერუსალიმიც. 9რადგანაც იხილა თქვენზე მოწეული ღვთის რისხვა და თქვა: ისმინეთ, სიონის მკვიდრნო, ღმერთმა მომივლინა დიდი მწუხარება; 10რადაგანც ვიხილე ძეთა და ასულთა ჩემთა ტყვეობა, რისთვისაც გასწირა ისისნი წარუვალმა. 11სიხარულით ვზარდე ისინი და ტირილითა და ვაი-ვიშით კი განვუტევე. 12ნურავინ ხარობს იმის გამო, რომ ქვრივ-ოხერი ვარ და ყველას მიერ მიტოვებული; იმიტომ ვიქეც უდაბნოდ, რომ ჩემმა შვილებმა სცოდეს, რადგანაც აღარ მისდიეს ღვთის რჯულს; 13ვერ შეიცნეს მისი მართლგანაწესი, დააგდეს მისი მცნებების გზა და არც სწავლის ბილიკს გაჰყვნენ მისი სიმართლით. 14მაშ, მოდით, სიონის მკვიდრნო, გაიხსენეთ ძეთა და ასულთა ჩემთა ტყვეობა, რისთვისაც გასწირა ისინი წარუვალმა. 15რადგანაც შორიდან მოუვლინა მათ ხალხი, ურცხვი და უცხოენოვანი, რომელსაც არც მხცოვანის რიდი აქვს და არც ყრმის სიბრალული. 16წაჰგვარეს ქვრივს საყვარელი ძენი და მარტოხელას აღარ შეარჩინეს ასულნი. 17მე კი რით შემიძლია შეგეწიოთ? 18რადგანაც მტრების ხელიდან მხოლოდ ის თუ გიხსნით, ვინც თავს დაგატეხათ ამდენი უბედურება.
19მაშ, წადით, შვილებო, წადით, რადგანაც მე უდაბნოდ ვიქეც. 20განვიძარცვე მშვიდობის სამოსი და შევიმოსე ძაძა ჩემი ვედრებისა; მთელი ჩემი დღე და მოსწრება არ მოვიშლი ღაღადისს წარუვალის მიმართ. 21გამხნევდით, შვილებო, ღმერთს უხმეთ და ის დაგიხსნით მძლავრებისგან და მტრების ხელიდან. 22რადგანაც წარუვალისაგან ველოდი თქვენს ხსნას და წმიდამ მომივლინა სიხარული შეწყალებისა, რომელსაც მალე თქვენც მოგივლენთ წარუვალი მხსნელი. 23მე ტირილითა და გლოვით განგიტევეთ, ღმერთი კი სიხარულითა და შვებით დამიბრუნებს თქვენს თავს სამარადისოდ. 24ვინაიდან, როგორც დღეს იხილეს სიონის მკვიდრთა თქვენი ტყვეობა, ასევე მალე იხილავენ თქვენს ხსნასაც, რაც გეღირსებათ დიადი დიდებითა და წარუვალის ბრწყინვალებით.
25შვილებო, დაითმინეთ თქვენზე მოწეული ღვთის რისხვა; უწყალოდ გდევნა შენ მტერმა, მაგრამ მალე იხილავ მის დამხობას და ფეხით შესდგები ქედზე. 26ჩემი ნებიერნი ნარ-ეკლიან გზას დაადგნენ; ისე წაასხეს მტრებმა, როგორც მოტაცებული ფარა. 27გამხნევდით, შვილებო, და შეჰღაღადეთ ღმერთს, რადგანაც გაგიხსენებთ ის, ვინც ამ დღეში ჩაგყარათ. 28როგორც განზრახული გქონდათ ღვთისგან განდგომა, ახლა ათმაგად უფრო მძაფრი იყოს თქვენი სურვილი მისკენ მიქცევისა და მისი ძებნისა. 29რადგან ვინც თავზე დაგატეხათ უბედურება, საუკუნო სიხარულსაც მოგივლენთ თქვენივე ხსნის მეოხებით.
30გამხნევდი, იერუსალიმ, ნუგეშს გცემს შენი სახელმდებელი. 31ვაი, შენს ბოროტისმყოფელთ, რომელნიც ხარობდნენ შენი დამხობით! 32ვაი, ქალაქებს, რომელთაც ემონენ შენი შვილები! ვაი, ქვეყანას, რომელმაც მიიღო შენი ძენი; 33ვინაიდან როგორც ხარობდა შენი დაცემით და ილხენდა შენი დამხობით, ისევე ივაგლახებს თავისი დაქცევის გამო. 34წავართმევ მას ხალხმრავლობის სიხარულს და გლოვად ექცევა თავისი სიქადული. 35რადგანაც დიდი ხნით გადმოვა მასზე ცეცხლი წარუვალისგან და კიდევ უფრო დიდ ხანს ეშმაკთა სამკვიდროდ იქცევა იგი.
36გახედე აღმოსავლეთს, იერუსალიმ, და იხილე სიხარული, ღვთისაგან მომავალი შენსკენ. 37აჰა, მოდიან შენი ძენი, შენს მიერ განტევებულნი; მოდიან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე წმიდის სიტყვით შეკრებილნი და ღვთის დიდებით გალაღებულნი.

Currently Selected:

Baruch 4: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in