YouVersion Logo
Search Icon

Acts 22

22
1„ძმებო და მამებო! მოისმინეთ ჩემი თავის მართლება ახლა თქვენს წინაშე.“
2როდესაც გაიგონეს, რომ ებრაულ ენაზე მიმართავდა მათ, კიდევ უფრო დაწყნარდნენ. და თქვა:
3„მე ვარ ებრაელი კაცი, კილიკიის ტარსუსში დაბადებული. ამ ქალაქში გამალიელის ფეხთით აღზრდილი, ზედმიწევნით განსწავლული მამების რჯულში. ღმერთისთვის მოშურნე, როგორც თქვენ ხართ დღეს ყველანი. #საქ 5:34-39. 4სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეს გადავცემდი კაცებს და ქალებს, #საქ 8:3; 26:9-11. 5როგორც მღვდელმთავარიც დამემოწმება და მთელი უხუცესობა. მათგან ბარათებიც მივიღე დამასკოში მყოფი ძმებისათვის და მივდიოდი, რომ იქაურებიც წამეყვანა შებორკილნი იერუსალიმში დასასჯელად.
6მოხდა ისე, რომ როდესაც მივდიოდი და ვუახლოვდებოდი დამასკოს, შუადღისას უეცრად ძლიერმა ნათელმა მომიცვა ციდან. 7დავეცი მიწაზე და მომესმა ხმა, რომელიც მეუბნებოდა: ‘სავლე, სავლე, რად მდევნი მე?’ 8მე მივუგე: ‘ვინა ხარ, უფალო?’ მან მითხრა: ‘მე ვარ იესო ნაზარეველი, რომელსაც შენ სდევნი.’ 9ჩემთან მყოფები ნათელს ხედავდნენ, მაგრამ იმის ხმა არ ესმოდათ, ვინც მელაპარაკებოდა. 10ვთქვი: ‘რა ვქნა, უფალო?’ უფალმა მითხრა: ‘ადექი და წადი დამასკოში და იქ გეუწყება ყოველივე, რისი გაკეთებაც გაქვს ნაბრძანები.’ 11რაკი იმ ნათლის ბრწყინვალების გამო ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემთან მყოფებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მივედი დამასკოში.
12ვინმე ანანია, კაცი ღვთისმოსავი რჯულის წესით, რომელსაც ემოწმებოდა იქ მცხოვრები ყველა ებრაელი, 13მოვიდა ჩემთან, დამადგა და მითხრა: ‘ძმაო სავლე, აგეხილოს თვალი!’ და მე იმ წამსავე დავინახე იგი. 14ხოლო მან მითხრა: ‘ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ განგაწესა შენ, რომ შეიცნო მისი ნება, დაინახო მართალი და ისმინო ხმა მისი ბაგეებიდან. 15რადგან შენ იქნები მისთვის მოწმე ყველა ადამიანის წინაშე იმის შესახებ, რაც ნახე და მოისმინე. 16ახლა რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს.’
17როდესაც იერუსალიმში დავბრუნდი და ტაძარში ვლოცულობდი, გარინდებაში ჩავვარდი. 18და დავინახე იგი, რომელმაც მითხრა: ‘იჩქარე და გადი სწრაფად იერუსალიმიდან, რადგან არ შეიწყნარებენ შენს მოწმობას ჩემზე.’ 19მე ვთქვი: ‘უფალო, მათ იციან, რომ მე ვატუსაღებდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეებს. 20როდესაც შენი მოწამის, სტეფანეს, სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი და ვიწონებდი, და ვდარაჯობდი მის მკვლელთა ტანისამოსს.’#საქ 7:58. 21მან მითხრა: ‘წადი, რადგან შორს მიგავლენ მე შენ წარმართებთან.’“
22ამ სიტყვამდე უსმენდნენ მას და აღიმაღლეს ხმა და თქვეს: „აღიგავოს ასეთი კაცი დედამიწის ზურგიდან, რადგან არ არის სიცოცხლის ღირსი!“ 23როდესაც ისინი ყვიროდნენ, ტანისამოსს იგლეჯდნენ და ჰაერში მტვრის კორიანტელს აყენებდნენ, 24ათასისთავმა ბრძანა, ბანაკში შეეყვანათ იგი და შოლტის ქვეშ დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რა მიზეზია, ასე რომ ყვიროდნენ მის წინააღმდეგ. 25როდესაც ღვედებით გასამათრახებლად განართხეს, უთხრა პავლემ იქვე მდგომ ასისთავს: „რა უფლება გაქვთ, რომ გაუსამართლებლად ამათრახებთ რომის მოქალაქეს?“ 26ეს რომ ასისთავმა გაიგო, მივიდა ათასისთავთან და მოახსენა: „რას აპირებ? რომის მოქალაქე ყოფილა ეს კაცი.“ 27მივიდა ათასისთავი და უთხრა მას: „მითხარი, რომის მოქალაქე ხარ?“ მიუგო: „დიახ.“ 28მიუგო ათასისთავმა: „მე დიდი ფულით მოვიპოვე ეს მოქალაქეობა.“ ხოლო პავლემ თქვა: „მე კი დავიბადე მასში.“ 29მყისვე მოეშვნენ, ვინც მას დაკითხვას უპირებდა. ხოლო ათასისთავს შეეშინდა, როდესაც გაიგო, რომ იგი რომის მოქალაქე იყო, მან კი შეაბორკინა იგი.
30მეორე დღეს მოინდომა დანამდვილებით შეეტყო, რას აბრალებდნენ მას ებრაელები. შეხსნა ბორკილები და ბრძანა მღვდელმთავართა და მთელი სინედრიონის შეკრება. მოიყვანა პავლე და წარუდგინა მათ.

Currently Selected:

Acts 22: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in