YouVersion Logo
Search Icon

Acts 23

23
1პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და თქვა: „ძმებო, დღემდე წრფელი სინდისით ვმოქალაქობდი ღმერთის წინაშე.“ 2მღვდელმთავარმა ანანიამ თავის წინაშე მდგომთ უბრძანა, სახეში ეცემათ მისთვის. 3მაშინ პავლემ უთხრა მას: „ღმერთი გცემს შენ, შეფეთქილო კედელო! ზიხარ აქ, რომ კანონით განმსაჯო და უკანონოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას.“#მთ 23:27,28. 4იქ მდგომებმა თქვეს: „ღმერთის მღვდელმთავარს აგინებ?“ 5თქვა პავლემ: „მე არ ვიცოდი, ძმებო, თუ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგან დაწერილია: ‘შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი.’“#გამ 22:28.
6პავლემ იცოდა, რომ ერთ მხარეს სადუკეველნი იყვნენ, და მეორეზე კი ფარისეველნი და დაიძახა სინედრიონში: „ძმებო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე, და მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვისჯები.“#საქ 26:5; ფლპ 3:5. 7ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ატყდა, და გაიყო კრებული, 8რადგან სადუკეველნი ამბობენ, რომ არ არის არც აღდგომა, არც ანგელოზი, არც სული, ფარისევლები კი ერთსაც აღიარებენ და მეორესაც. #მთ 22:23; მრკ 12:18; ლკ 20:27. 9და ატყდა დიდი ხმაური, წამოდგა ზოგიერთი მწიგნობარი ფარისეველთა მხრიდან, დაობდნენ და ამბობდნენ: „ამ კაცში ცუდი ვერაფერი ვპოვეთ. ეგებ სული ან ანგელოზი ელაპარაკებოდა მას. ღმერთს ნუ ვებრძვით!“ 10ხოლო რაკი დიდი შფოთი ატყდა, ათასისთავს შეეშინდა, რომ არ გაეგლიჯათ პავლე და ჯარისკაცებს უბრძანა, ჩასულიყვნენ, გამოეტაცათ იგი მათგან და ბანაკში წაეყვანათ.
11მეორე ღამეს უფალი დადგა მასთან და უთხრა: „გამხნევდი, რადგან, როგორც იერუსალიმში მოწმობდი ჩემზე, ასევე რომშიც გმართებს მოწმობა.“
12დღე რომ დადგა, ებრაელებმა შეკრება მოაწყვეს და ერთმანეთს შეჰფიცეს, თქვეს, არ ეჭამათ და არ ესვათ, ვიდრე პავლეს არ მოკლავდნენ. 13ორმოცზე მეტნი იყვნენ, ვინც შეითქვნენ. 14მივიდნენ ისინი მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: „ფიცით დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებთ, ვიდრე პავლეს არ მოვკლავთ. 15ახლა თქვენ და სინედრიონმა შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოიყვანოს იგი თქვენთან, ვითომ დაწვრილებით გინდათ გამოიკვლიოთ მისი საქმე. ჩვენ კი, ვიდრე ის თქვენთან მოვა, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად.“
16შეიტყო პავლეს დისწულმა ეს ვერაგობა, წავიდა, შევიდა ბანაკში და აუწყა პავლეს. 17პავლემ დაუძახა ერთ-ერთ ასისთავს და უთხრა: „ეს ყმაწვილი მიიყვანე ათასისთავთან, რაღაც აქვს სათქმელი მისთვის.“ 18მანაც წაიყვანა იგი, მიიყვანა ათასისთავთან და უთხრა: „პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ყმაწვილი შენთან მომეყვანა, რაღაც სათქმელი აქვს შენთვის.“ 19ხელი მოჰკიდა მას ათასისთავმა, განზე გაიყვანა და ჰკითხა: „რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?“ 20მან უთხრა: „ებრაელები შეთანხმდნენ, გთხოვონ, რომ ხვალ ჩაიყვანო პავლე სინედრიონში, ვითომ მათ სურდეთ დაწვრილებით გამოიკვლიონ მისი საქმე. 21შენ ნუ დაუჯერებ მათ, რადგან ჩასაფრებული ჰყავთ ორმოცზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს, არც ჭამონ და არც სვან, ვიდრე პავლეს არ მოკლავენ. ახლა ისინი გამზადებული არიან და შენს ბრძანებას ელიან.“ 22მაშინ ათასისთავმა გაუშვა ყმაწვილი და უბრძანა: „არავის გაუმხილო, რაც მე შემატყობინე.“
23გამოიძახა ორი ასისთავთაგან და უთხრა: „მოამზადეთ 200 ჯარისკაცი კესარიაში წასასვლელად, 70 ცხენოსანი და 200 შუბოსანი ღამის მესამე საათისათვის, 24მიეცით სახედრები, რომ შესვან პავლე და მშვიდობით მიიყვანონ განმგებელ ფელიქსთან.“ 25და მისწერა ამგვარი წერილი:
26„კლავდიუს ლისია უაღმატებულეს განმგებელს, ფელიქსს: იხარებდე! 27ეს კაცი შეპყრობილი ჰყავდათ ებრაელებს და სიკვდილი მოელოდა მათგან. მე მივედი ჯარისკაცებით და გამოვარიდე მათ, როდესაც გავიგე, რომ რომის მოქალაქეა. 28მინდოდა გამეგო მიზეზი და მივიყვანე მათ სინედრიონში. 29გავიგე, რომ თავიანთი რჯულის სადავო საქმეში დაუდვიათ ბრალი მისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი დანაშაული ჰქონია, რომ სიკვდილი ან ბორკილები დაემსახურებინა. 30როდესაც ცნობილი შეიქნა ჩემთვის, რომ შეთქმულება იყო ამ კაცის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ გამოვგზავნე შენთან. ბრალმდებლებსაც ვუბრძანე, შენს წინაშეც წაუყენონ ბრალი.“
31ამრიგად, ჯარისკაცებმა ბრძანებისამებრ წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრისში. 32მეორე დღეს კი ცხენოსნებს გააყოლეს იგი და ბანაკში დაბრუნდნენ. 33მათ კი, რომლებიც კესარიაში მივიდნენ და განმგებელს გადასცეს წერილი, წარუდგინეს მას პავლე. 34წაიკითხა და ჰკითხა, თუ რომელი მხარიდან იყო. როდესაც შეიტყო, რომ კილიკიიდან იყო, 35თქვა: „მოგისმენ, როდესაც შენი ბრალმდებლებიც მოვლენ.“ და ბრძანა, ჰეროდესეულ სასახლეში დაეკავებინათ.

Currently Selected:

Acts 23: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in