Acts 21
21
1როდესაც მათ გამოვეთხოვეთ, გავცურეთ პირდაპირ და მივედით კოსში, ხოლო მეორე დღეს – როდოსში, და იქიდან – პატარაში. 2ვიპოვეთ ხომალდი, რომელიც ფინიკიაში მიდიოდა, ავედით მასზე და გავცურეთ. 3კვიპროსი რომ გამოჩნდა და მარცხნივ მოვიტოვეთ იგი, სირიისაკენ გავცურეთ და ჩავედით ტვიროსში, რადგან იქ უნდა გადმოეტვირთათ ხომალდი. 4მოვნახეთ მოწაფეები და შვიდ დღეს დავყავით იქ. ისინი სულის მიერ ეუბნებოდნენ პავლეს, რომ არ ასულიყო იერუსალიმში. 5იმ დღეებმა რომ ჩაიარეს, გამოვედით და გავწიეთ. მას შემდეგ, რაც ყველამ ცოლშვილითურთ ქალაქის გარეთ გაგვაცილა და ზღვის ნაპირზე მუხლმოყრილებმა ვილოცეთ, 6ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და ავედით ხომალდზე, ისინი კი შინ დაბრუნდნენ.
7ტვიროსიდან პტოლემაისში ჩავედით და ამით დავასრულეთ ცურვა. მოვიკითხეთ ძმები და ერთი დღე დავყავით მათთან. 8მეორე დღეს გამოვედით და მივედით კესარიას, და შევედით ერთ-ერთი შვიდთაგანის, ფილიპე მახარებლის, სახლში და დავრჩით მასთან. #საქ 6:5; 8:5. 9მას ჰყავდა ოთხი გაუთხოვარი ქალიშვილი, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ. 10მრავალი დღე დავყავით იქ და ამასობაში იუდეიდან ჩამოვიდა წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი. #საქ 11:28. 11მოვიდა ჩვენთან, აიღო პავლეს სარტყელი, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: „ასე ამბობს სულიწმიდა: კაცს, ვისაც ეს სარტყელი ეკუთვნის, ასე შეკრავენ იერუსალიმში ებრაელები და წარმართებს გადასცემენ ხელში.“ 12ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც და იქაურებიც ვევედრებოდით, არ ასულიყო იერუსალიმში. 13მაშინ მოგვიგო პავლემ: „რას სჩადით, მოთქვამთ და გულს მიტეხთ? არათუ შესაკვრელად, არამედ იერუსალიმში სასიკვდილოდაც მზადა ვარ უფალი იესოს სახელისათვის.“ 14რაკი ვერ შევძელით მისი დაყოლიება, დავმშვიდდით და ვუთხარით: „იყოს უფლის ნება!“
15იმ დღეების შემდეგ გავემზადეთ და ავედით იერუსალიმს. 16თან გამოგვყვა აგრეთვე ზოგიერთი მოწაფე კესარიიდან და მიგვიყვანეს სტუმრად მნასონთან, ერთ ძველ კვიპროსელ მოწაფესთან.
17იერუსალიმში მისულნი სიხარულით მიგვიღეს ძმებმა. 18მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად ეწვია იაკობს, და ყველა უხუცესიც იქ მოვიდა. 19მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მოახდინა წარმართებს შორის მისი მსახურებით. 20ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს მას: „ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა ებრაელთა შორის! და ყველანი რჯულის მოშურნენი არიან. 21შენზე გაიგეს, რომ მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართებში მცხოვრებ ყველა ებრაელს, ამბობ, რომ არ უნდა წინადაცვითონ თავიანთ შვილებს და არც წეს-ჩვეულებებს უნდა მისდიონ. 22მაშ, რა იქნება? ნამდვილად შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებენ. 23ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გეტყვით: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომელთაც აღთქმა აქვთ დადებული. #რცხ 6:13-21. 24წაიყვანე ესენი, მათთან ერთად განიწმიდე, გაიღე ხარჯი, რათა თავი გაიპარსონ, და ყველას ეცოდინება, რომ რაც შენზე გაუგიათ, ტყუილია, და რომ შენ თვითონ მისდევ და იცავ რჯულს. 25ხოლო რაც შეეხება წარმართებს, რომელთაც ირწმუნეს, ჩვენ მივწერეთ ჩვენი განჩინება, რომ მოერიდონ ნაკერპავს, სისხლს, გაგუდულს და მრუშობას.“ #საქ 15:29. 26მაშინ პავლემ წაიყვანა ის კაცები, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმიდა, შევიდა ტაძარში და გამოაცხადა განწმედის დღეების დასრულება, როდესაც თითოეული მათგანისათვის შესაწირავი უნდა შეწირულიყო.
27როდესაც იწურებოდა შვიდი დღე, ასიელმა ებრაელებმა, ტაძარში რომ დაინახეს იგი, მთელი ხალხი აღაშფოთეს და ხელი დაადეს მას. 28ყვიროდნენ: „ისრაელელნო კაცნო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას ყველგან ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ ასწავლის. ახლა ბერძნებიც კი შემოიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი.“ 29რადგან პავლესთან ერთად უნახავთ ქალაქში ტროფიმე ეფესელი და ჰგონებიათ, რომ მან ის შეიყვანა ტაძარში. #საქ 20:4. 30შეიძრა მთელი ქალაქი და შეიყარა ხალხი. შეიპყრეს პავლე, გამოათრიეს ტაძრიდან და მყისვე ჩაიკეტა კარი. 31როდესაც მოკვლა დაუპირეს, რაზმის ათასისთავს მიუვიდა ამბავი, რომ ამბოხდა მთელი იერუსალიმი. 32მან მყისვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და გაეშურა მათკენ. ხოლო მათ, ათასისთავი და ჯარისკაცები რომ დაინახეს, შეწყვიტეს პავლეს ცემა. 33მაშინ ათასისთავი ახლოს მივიდა, გამოიყვანა იგი და ბრძანა ორი ჯაჭვით შეეკრათ. და კითხულობდა: ვინ არის და რა ჩაიდინაო? 34ხალხში ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი – მეორეს. ხოლო მან, რაკი ვერ შეძლო არეულობის გამო სინამდვილის გაგება, მისი ბანაკში წაყვანა ბრძანა. 35როდესაც კიბეებთან მივიდნენ, ჯარისკაცებს მისი ზემოთ აყვანა მოუხდათ ბრბოს მოწოლის გამო, 36რადგან დიდძალი ხალხი მისდევდა და ყვიროდა: „სიკვდილი მაგას!“
37ბანაკში რომ შეჰყავდათ, პავლემ უთხრა ათასისთავს: „შეიძლება რაღაც გითხრა?“ მან თქვა: „ბერძნული იცი? 38შენ არა ხარ ის ეგვიპტელი, ამასწინათ შფოთი რომ ატეხა და 4 ათასი მკვლელი უდაბნოში გაიყვანა?“ 39თქვა პავლემ: „მე ებრაელი კაცი ვარ, კილიკიის ტარსუსიდან, არცთუ უცნობი ქალაქის მოქალაქე. გთხოვ, ხალხთან დამალაპარაკო.“ 40და ნება რომ მისცა, პავლე დადგა კიბეზე, ხელით ანიშნა ხალხს და, როდესაც სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულ ენაზე მიმართა და თქვა:
Currently Selected:
Acts 21: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013