YouVersion Logo
Search Icon

Acts 16

16
1ჩავიდა დერბეშიც და ლისტრაშიც. და აჰა, იყო იქ ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, ებრაელი მორწმუნე ქალისა და ბერძენი მამის შვილი, 2ვისზეც მოწმობდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები. 3პავლემ მოისურვა მასთან ერთად წასვლა. წაიყვანა, და წინადაცვითა ებრაელთა გამო, რომლებიც იმ ადგილებში იყვნენ, რადგან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო. 4ქალაქებში გავლისას ისინი ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულთა და უხუცესთა მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები. 5ეკლესიები კი მტკიცდებოდა რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.
6გაიარეს მათ ფრიგია და გალატელთა ქვეყანა, ხოლო სულიწმიდისგან აეკრძალათ სიტყვის ქადაგება ასიაში. 7როდესაც მივიდნენ მისიამდე და ბითვინიაში აპირებდნენ გამგზავრებას, იესოს სულმა არ გაუშვა ისინი. 8გასცდნენ მისიას და ტროაში ჩავიდნენ. 9იმ ღამით პავლეს ჩვენება ჰქონდა: იდგა ვიღაც მაკედონიელი კაცი, ევედრებოდა მას და ამბობდა: „მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარე.“ 10ჩვენება რომ იხილა, მაშინვე ვცადეთ მაკედონიაში წავსულიყავით. დარწმუნებული ვიყავით, რომ ღმერთმა მოგვიწოდა გვეხარებინა მათთვის.
11გავცურეთ ტროადან და გეზი ავიღეთ სამოთრაკესაკენ, ხოლო მეორე დღეს – ნეაპოლისისკენ, 12იქიდან ფილიპესკენ, რომელიც მაკედონიის მთავარი ნაწილის ქალაქია – რომის კოლონია. ამ ქალაქში დავყავით რამდენიმე დღე. 13შაბათ დღეს გავედით კარიბჭის გარეთ, მდინარესთან, სადაც სალოცავი გვეგულებოდა და დავსხედით და ველაპარაკებოდით იქ შეკრებილ ქალებს. 14ერთი ღვთის მოშიში ქალი, სახელად ლიდია, რომელიც ძოწეულით ვაჭრობდა ქალაქ თიატირაში, ისმენდა და უფალმა გაუხსნა გული პავლეს ლაპარაკის მოსასმენად. 15და როდესაც მოინათლნენ ის და მისი სახლი, მიგვიწვია და გვითხრა: „თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით ჩემს სახლში და დარჩით.“ და დაგვიყოლია.
16როდესაც სალოცავში მივდიოდით, შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც წინასწარმეტყველების სული ჰქონდა და თავისი მკითხაობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს. 17იგი აგვედევნა პავლეს და ჩვენ, ყვიროდა და ამბობდა: „ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც გაუწყებენ თქვენ ხსნის გზას!“ 18ასე აკეთებდა მრავალი დღის განმავლობაში. ძალიან შეწუხდა პავლე, მიუბრუნდა სულს და უთხრა: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან.“ და იმწამსვე გამოვიდა.
19დაინახეს მისმა ბატონებმა, რომ წარხდა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მთავრებთან წაათრიეს მოედანზე. 20მთავრებთან რომ მიიყვანეს, უთხრეს: „ეს კაცები აშფოთებენ ჩვენს ქალაქს, ებრაელები არიან 21და ასწავლიან ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება შეგვშვენის და არც შესრულება, რადგან რომაელები ვართ.“ 22და აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ, ხოლო მთავრებმა მოსასხამები შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს. 23მაგრად რომ სცემეს, საპყრობილეში ჩაყარეს და საპყრობილის ზედამხედველს უბრძანეს, ფხიზლად ედარაჯა მათთვის. 24ასეთი ბრძანება რომ მიიღო, მანაც შეყარა ისინი ყველაზე დაცულ საპყრობილეში და ფეხები ხუნდებში გააყრევინა.
25შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს, პატიმრები კი ყურს უგდებდნენ. 26უეცრად მოხდა დიდი მიწისძვრა, ისე რომ სატუსაღოს საძირკველი შეირყა. მყისვე გაიღო ყველა კარი და ყველას დასძვრა ბორკილები. 27გამოეღვიძა მცველს და დაინახა, რომ საპყრობილის კარი ღია იყო. იძრო მახვილი და თავის მოკვლა დააპირა, რადგან ეგონა, პატიმრები გამექცნენო. 28პავლემ გამოსძახა ხმამაღლა და უთხრა: „შენს თავს ავს ნურაფერს შეამთხვევ, რადგან ჩვენ ყველანი აქა ვართ.“ 29მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შეიჭრა და ათრთოლებული დაემხო პავლესა და სილას წინაშე. 30გარეთ გაიყვანა ისინი და უთხრა: „ბატონებო, რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?“ 31ხოლო მათ უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და შენი სახლიც.“ 32და უქადაგეს ღმერთის სიტყვა მას და ყველას, მის სახლში მყოფს. 33და ღამის იმავე საათში წაიყვანა მან ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი. 34მიიყვანა ისინი თავის სახლში, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, რომ იწამა ღმერთი.
35დღე რომ დადგა, მთავრებმა გაუგზავნეს მსახურნი და უთხრეს: „გაუშვი ის კაცები.“ 36შეატყობინა საპყრობილის მცველმა ეს ამბავი პავლეს და უთხრა: „მთავრებმა კაცი გამოგზავნეს თქვენს გასაშვებად. ახლა გამოდით და მშვიდობით წადით.“ 37მაგრამ პავლემ უთხრა მათ: „ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, განუკითხავად გვცემეს სახალხოდ და საპყრობილეში ჩაგვყარეს და ახლა ფარულად გვიშვებენ? არა, მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ.“ 38მოახსენეს მსახურებმა მთავრებს ეს სიტყვები. ხოლო მათ შეეშინდათ, როდესაც გაიგეს, რომ რომაელნი ყოფილან. 39მივიდნენ, ანუგეშეს, გამოიყვანეს საპყრობილიდან და სთხოვეს, ქალაქს გასცლოდნენ. 40გამოვიდნენ საპატიმროდან და მივიდნენ ლიდიასთან, მოინახულეს ძმები, ანუგეშეს და წავიდნენ.

Currently Selected:

Acts 16: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in