YouVersion Logo
Search Icon

2 Timothy 3

3
1ეს კი უნდა იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მძიმე ჟამი დადგება, 2რადგან ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, 3მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, თავშეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის უყვარულნი, 4გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარულნი, ვიდრე ღმერთისა, 5რომელთაც გარეგნული სახე ღვთისმოსაობისა აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ. ასეთებს ერიდე. 6მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც იპარებიან სახლებში და ხელთ იგდებენ უგუნურ ქალებს, ცოდვებში ჩაფლულთ და სხვადასხვაგვარი გულისთქმებით შეპყრობილთ, 7რომლებიც მუდამ სწავლობენ და ჭეშმარიტების შეცნობას ვერასდროს ვერ აღწევენ. 8როგორც იანე და იამბრე წინ აღუდგნენ მოსეს, ასევე ესენიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, როგორც გონებით გახრწნილი, რწმენაში უვარგისი ადამიანები.#გამ 7:11. 9მაგრამ ისინი შორს ვერ წავლენ, რადგან მათი უგუნურება ბოლოს ცხადი გახდება ყველასათვის, როგორც ეს იმათაც დაემართათ.
10შენ კი მომყევი მე მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, დიდსულოვნებაში, სიყვარულში, მოთმინებაში, 11დევნებში, ტანჯვებში, რაც შემემთხვა მე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრაში. რა დევნანი არ გადავიტანე და ყველაფრისაგან მიხსნა უფალმა. #საქ 13:14-52; 14:1-20. 12და ასევე იქნება დევნილი ყველა, ვისაც სურს ღვთისმოსავად იცხოვროს ქრისტე იესოში. 13ბოროტი ადამიანები და თვითმარქვიები კი კიდევ უფრო უარესს გააკეთებენ, სხვებსაც შეაცდენენ და თავადაც ცდუნდებიან. 14შენ კი მტკიცედ იდექი იმაზე, რაც გისწავლია და რაც გიწამებია, იცი, ვისგანაც გისწავლია. 15შენ ხომ სიყრმიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება და ქრისტე იესოს რწმენით ხსნა. 16მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, აღსაზრდელად სამართლიანობაში. 17რათა ღვთის ადამიანი იყოს სრული და ყოველი კეთილი საქმისათვის მზადმყოფი.

Currently Selected:

2 Timothy 3: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in