2 Maccabees 9
9
1ამ დროისათვის ანტიოქოსის ლაშქარმა უწესრიგოდ დაიხია უკან სპარსეთიდან, 2რადგანაც იგი შესული იყო პერსეპოლისად წოდებულ ქალაქში და ტაძრის გაძარცვას და ქალაქის დარბევას აპირებდა. მაშინ შეიყარა ხალხი და იარაღს დასტაცა ხელი, ხოლო მოქალაქეთაგან ოტებული ანტიოქოსი იძულებული შეიქნა სირცხვილნაჭამი დაბრუნებულიყო უკან. 3ეკბატანას რომ მიუახლოვდა, ნიკანორისა და ტიმოთეს ამბავმაც მიაღწია მის ყურამდე. 4განრისხებულმა გადაწყვიტა იუდაელებზე ეყარა ჯავრი, თან რომ სდევდა უკუქცეულს; ამიტომაც უბრძანა მეეტლეს მთელი გზა შეუსვენებლივ ეჭენებინა ცხენები, მაგრამ ზეციური მსჯავრი მოსდევდა უკან, რადგანაც ქედმაღლურად დაიქადნა, იერუსალიმში რომ ჩავალ, მას იუდაელთა სასაფლაოდ ვაქცევო.
5მაგრამ ყოვლისმხილველმა უფალმა, ღმერთმა ისრაელისა, უკურნებელი და უხილავი დარტყმით დაამხო იგი: ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მუცლის აუტანელი გვრემა აუტყდა და საშინელმა ტკივილმა დაუარა მთელ შიგანში. 6ღირსიც იყო: აკი თვითონ ურიცხვი და აუტანელი ტკივილით მუსრავდა სხვების შიგანს. 7მაგრამ მისი მზვაობა ოდნავადაც არ დამცხრალა, არამედ უფრო ქედმაღლობდა, მრისხანების ცეცხლს აფრქვევდა იუდაელებს და ბრძანებას იძლეოდა, უფრო სწრაფად ევლოთ, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ გაქანებული ეტლიდან გადმოვარდა და ისე მძიმედ დაეცა, რომ მთელი სხეული დაელეწა. 8ვინც სულ ცოტა ხნის წინათ ზეადამიანური კადნიერებით ცდილობდა მბრძანებლად მოვლენოდა ზღვის ტალღებს და აპირებდა სასწორზე აეწონა მთის მწვერვალები, ახლა ძირს განრთხმული და საკაცეზე გაშოტილი თვალნათლივ უმოწმებდა ყველას ღვთის ძალმოსილებას. 9ასე რომ, მატლები დაფუთფუთებდნენ უწმინდურის სხეულში და ჯერ კიდევ ცოცხალსა და ტკივილებით გაწამებულს ნაწილ-ნაწილ სცვიოდა ხორცი, ხოლო მისგან ადენილი სიმყრალე მთელ ბანაკს სულს უხუთავდა. 10ვინც ცოტა ხნის წინათ იმაზე ოცნებობდა, რომ ცაში ვარსკვლავებს მისწვდომოდა, ახლა საკაცითაც ვერავის დაჰყავდა აუტანელი სიმყრალის გამო. 11ახლაღა გადაწყვიტა, სასომიხდილმა, ქედმაღლობაზე აეღო ხელი და გონს მოსულიყო, რადგანაც ღმერთისგან მსჯავრდადებულს ყოველ წამს უმძაფრდებოდა ტკივილი. 12თავისსავე სუნს რომ ვეღარ გაუძლო, თქვა: მართებულია დაემორჩილო ღმერთს და ქედმაღლურად არ მიელტვოდე ღვთისსწორობას.
13უკეთური შესთხოვდა უფალს, რომელიც უკვე აღარ შეიწყნარებდა, და ამბობდა: 14წმიდა ქალაქს მიწასთან გასწორებას და სასაფლაოდ ქცევას რომ ვუპირებდი, თავისუფლებას ვანიჭებ, 15ხოლო იუდაელებს, რომლებსაც, ჩემი განაჩენით, საფლავიც არ უნდა ღირსებოდათ და თავიანთ შვილებთან ერთად ფრინველთა საჯიჯგნად უნდა დაგვეყარა, ათენელებს ვუთანასწორებ. 16ჩემს მიერ განძარცულ წმიდა ტაძარს დიდებულ შესაწირავს მივართმევ, უკლებლივ დავუბრუნებ წმიდა ჭურჭელს და მეტსაც შევძენ, ხოლო სამსხვერპლო ხარჯებს ჩემი ხაზინიდან გავიღებ. 17მეტიც, თვითონაც იუდაელი გავხდები, და ყველგან, სადაც დასახლებულ ადგილს ჩავუვლი, ღვთის ძალმოსილებას ვიღაღადებ. 18მაგრამ რაკი ტკივილი არ უყუჩდებოდა, რადგანაც მასზე უკვე გადმოსული იყო ღვთის სამართლიანი მსჯავრი, სასომიხდილმა სავედრებელი წერილი მისწერა იუდაელებს და შეუთვალა:
19„ღირსეულ იუდაელ მოქალაქეებს სიხარულს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებს მეფე და მხედართმთავარი ანტიოქოსი. 20თუ თქვენი შვილებითურთ კარგად ხართ და თქვენი საქმეც ისეა, როგორც თვითონ გსურთ, უდიდეს მადლს მივაგებ ღმერთს და ცაზე ვამყარებ ჩემს იმედს. 21სიყვარულით ვიხსენებ თქვენს პატივსა და კეთილგანწყობას. სპარსეთიდან რომ ვბრუნდებოდი, მძიმე სენი შემეყარა, ამიტომაც საჭიროდ მივიჩნიე საყოველთაო უსაფრთხოებაზე მეზრუნა, 22თუმცა სასოწარკვეთილებას არ ვეძლევი და იმედი მაქვს, რომ თავს დავაღწევ სნეულებას. 23მაგრამ რაკიღა ვიცი, რომ მამაჩემმაც, ზემო ქვეყნების დასალაშქრად წამოსულმა, საჯაროდ გამოაცხადა, ვინ იქნებოდა მისი მემკვიდრე, 24რათა მოულოდნელობის შემთხვევაში, ან რაიმე უბედურების ჟამს ქვეყნის მოსახლეობას სცოდნოდა, ვის ჰქონდა მინდობილი მმართველობა და, ამრიგად, არ დაბნეულიყო. 25და რაკი იმასაც ვამჩნევ, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი და ჩვენი მეზობლები გაფაციცებული გვითვალთვალებენ და ხელსაყრელ დროს ელიან, მეფედ ვაცხადებ ჩემს შვილს ანტიოქოსს, რომელიც ზემო სატრაპიების მონახულებისას ხშირად წარმომიდგენია და მომინდვია კიდეც ბევრი თქვენგანისათვის, და რომელსაც საგანგებო წერილი ვაახლე. 26ამიტომ გთხოვთ, და ვიმედოვნებ, რომ გაიხსენებთ ჩემს ქველმოქმედებას, როგორც საერთო საქმეში, ისე კერძო შემთხვევებშიც და კეთილგანწყობას შეინარჩუნებთ ჩემდამიც და ჩემი შვილის მიმართაც, 27რადგანაც მჯერა, რომ იგი, ჩემი ნება-სურვილისამებრ, თქვენი მოწყალე და კაცთმოყვარე მბრძანებელი იქნება.“
28კაცისმკვლელსა და ღვთისმგმობს თვითონვე დაემართა იმაზე უარესი, რაც სხვებს დამართა და უბადრუკი სიკვდილით მოკვდა უცხო ქვეყნის მთებში. 29მისი ცხედარი მისმა ძუძუმტემ – ფილიპემ წაასვენა, მერე კი ანტიოქოსის ძის შიშით პტოლემეოს ფილოპატორს შეეხიზნა ეგვიპტეში.
Currently Selected:
2 Maccabees 9: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013