YouVersion Logo
Search Icon

2 Maccabees 2

2
1წინასწარმეტყველ იერემიას ჩანაწერებში ვპოულობთ, რომ მან უბრძანა გადასახლებულთ თან წაეტანათ ცეცხლი, როგორც აღვნიშნეთ. 2როგორც ამცნო წინასწარმეტყველმა გადასახლებულთ, რჯული რომ მისცა მათ, – არ დაევიწყებინათ უფლის ბრძანებები და გონება არ არეოდათ მაცდუნებელი ოქრო-ვერცხლის კერპებისა და მათი სამკაულების შემყურეთ. 3სხვასაც ამბობდა, ამის მსგავსს, და შეაგონებდა მათ, არ განდგომოდა რჯულს მათი გული.
4წერილში ისიც ეწერა, რომ ღვთივშთაგონებულ წინასწარმეტყველს უბრძანებია კარვისა და კიდობნისათვის, მე მომყევითო, როცა მთისკენ გაემართა, რომლის თხემზეც ასულმა მოსემ იხილა ღვთის სამკვიდრო. 5იქ მისულმა იერემიამ იპოვა გამოქვაბული, რომელშიაც შეიტანა კარავი, კიდობანი, სასაკმევლე საკურთხეველი და დაბეჭდა შესასვლელი. 6როცა შემდეგ მის მხლებელთაგან ზოგიერთიც მივიდა იქ გზის მოსანიშნად, ვერ იპოვეს ის ადგილი. 7ეს რომ გაიგო, იერემიამ ყვედრებით უთხრა მათ: „უცნობი დარჩება ეს ადგილი, ვიდრე ღმერთი მოწყალებას არ მოიღებს და თავის ხალხს არ შემოკრებს აქ. 8მაშინღა გვიჩვენებს უფალი მას, და გამოჩნდება უფლის დიდებაცა და ღრუბელიც, როგორც მოსეს დროს გამოჩნდა, და როგორც ითხოვდა სოლომონი, რომ საგანგებოდ წმიდა ყოფილიყო ეს ადგილი.“
9ისიც ცხადი შეიქნა, თუ როგორ შესწირა მსხვერპლი, სიბრძნით აღვსილმა, განახლებისა და ტაძრის დასრულებისთვის. 10როგორც მოსემ აღავლინა ლოცვა უფლის მიმართ, და ჩამოეშვა ზეცით ცეცხლი და შთანთქა მსხვერპლი, ისე ილოცა სოლომონმაც და ცით მოვლენილმა ცეცხლმა შთანთქა სრულადდასაწველი მსხვერპლი. 11და თქვა მოსემ: რაკიღა ცოდვის მსხვერპლი არ იჭმევა, ამიტომაც შთაინთქა ცეცხლში. 12ასევე გაატარა სოლომონმაც რვა დღე.
13ნეემიას ჩანაწერებსა და მოგონებებშიც მოთხრობილია, როგორ დააფუძნა მან წიგნთსაცავი, შეკრიბა თქმულებები მეფეებზე, წინასწარმეტყველებსა და დავითზე, აგრეთვე მეფეთა წერილები წმიდა შესაწირავის თაობაზე. 14იუდამაც ასევე მოუყარა თავი ომიანობის ჟამს გაფანტულ წიგნებს, ასე რომ, ახლა ჩვენ გვაქვს ყველაფერი. 15თუ ამათგან რამე დაგჭირდათ, ხალხი გამოგზავნეთ და გაახლებთ.
16უკვე მოგწერეთ, რომ გვინდოდა განწმედის დღესასწაული გადაგვეხადა. კარგი იქნებოდა, თუ თქვენც ზეიმით აღნიშნავთ ამ დღეებს. 17ღმერთმა იხსნა მთელი თავისი ხალხი და ყველას დაუბრუნა სამკვიდრო, სამეფო სამღვდელოება და საწმიდარი. 18როგორც აღგვეთქვა რჯულით, ღვთის იმედი გვაქვს, რომ მალე შეგვიწყალებს და შეგვკრებს ცისქვეშეთში წმიდა ადგილას. აკი გვიხსნა კიდეც დიდი ბოროტებისაგან და განწმიდა ეს ადგილი.
19ხოლო იუდა მაკაბელისა და მისი ძმების ამბავს, დიდი ტაძრის განწმედას და საკურთხევლის განახლებას, 20ისევევ, როგორც ანტიოქოს ეპიფანესა და მისი ძის – ევპატორის წინააღმდეგ გადახდილ ომებს, 21და ზეცით მათთვის მოვლენილ ხილვებს, რომელნიც ისეთი თავდადებით იბრძოდნენ იუდაელთათვის, რომ თავიანთი მცირერიცხოვნების მიუხედავად, მთელი ქვეყანა გაწმინდეს და განდევნეს ბარბაროსთა ურდოები, 22და განწმიდეს საქვეყნოდ ცნობილი ტაძარი, გაათავისუფლეს ქალაქი და განამტკიცეს დასარღვევად განწირული რჯული, როცა უფალმა მოწყალება მოიღო და შეიწყნარა ისინი, – 23ყოველივე ეს, იასონ კვირენელის მიერ ხუთ წიგნში მოთხრობილი, ვეცდებით მოკლედ გადმოვცეთ ერთ წიგნში, 24რაკიღა ვგრძნობთ, რა დიდ სიძნელეს შეუქმნის შინაარსის სიუხვე და ამბავთა სიმრავლე ისტორიულ თხზულებათა გაცნობის მსურველთ. 25ამიტომაც ვეცადეთ სიამოვნება მიგვენიჭებინა კითხვის მოსურნეთათვის, მონათხრობი უფრო ადვილი დასამხსოვრებელი გაგვეხადა განსჯის მოყვარულთათვის და საერთოდ, სარგებლობა მოგვეტანა მკითხველისათვის. 26თუმცა ამბის მოკლედ გადმოცემა დიდ ჭაპანწყვეტასა და ღამის თევას მოითხოვდა ჩვენგან. 27ისევე, როგორც ძნელია ლხინის გადახდა სხვათა საამებლად. და მაინც, მრავალთა სასიკეთოდ ვიტვირთეთ ეს ძნელი საქმე. 28წვრილმანთა ზუსტი გადმოცემა მემატიანეებს მივანდეთ, ჩვენ კი ვეცადეთ მოკლედ გადმოგვეცა ამბები. 29როგორც ახლის მაშენებელ ხუროთმოძღვარს მთელ ნაგებობაზე ზრუნვა მართებს, ხოლო მომხატავ-მომჩუქურთმებელს – მარტოოდენ სამკაულებზე, მასვე ვფიქრობთ ჩვენზედაც. 30ჩაღრმავება და ამბის გამოწვლილვით გადმოცემა იმ მემატიანის საქმეა, პირველად რომ იწყებს თხრობას, 31ხოლო სათქმელის დაწურულად გადმოცემა და წვრილმანებისთვის თავის არიდება შემმოკლებელს მოეთხოვება. 32ახლა კი, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვიწყებ თხრობას, რადგანაც უგუნურებაა თხრობამდე განავრცო სიტყვა, თვით თხრობა კი შეამოკლო.

Currently Selected:

2 Maccabees 2: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in