2 Maccabees 1
1
1ეგვიპტელ იუდაელებს მოკითხვას უთვლიან და მშვიდობასა და ბედნიერებას უსურვებენ იერუსალიმსა და იუდას ქვეყანაში მყოფი იუდაელნი. 2დაე, სიკეთე მოგაგოთ ღმერთმა და გაიხსენოს თავისი აღთქმა აბრაამის, ისაკისა და იაკობის, თავის ერთგულ მონათა მიმართ. 3დაე, თითოეულს მოგცეთ გული, რათა თაყვანს სცემდეთ და ასრულებდეთ მის ნებას გულმოდგინებითა და მოსურნე სულით. 4დაე, გული გაგიხსნათ თავისი რჯულისა და მცნებებისათვის და მშვიდობა მოგფინოთ. 5დაე, შეისმინოს თქვენი ლოცვა-ვედრება, შეგიწყნაროთ და გასაჭირში არ მიგატოვოთ. 6ახლა აქ თქვენთვის ვლოცულობთ.
7დემეტრიოსის მეფობისას, ასსამოცდამეცხრამეტე წელს, აქაურმა იუდაელებმა დიდი გულისტკივილითა და მწუხარებით მოგწერეთ, რაც განვიცადეთ, როცა იასონი და მისი თანამზრახველები განუდგნენ წმიდა მიწასა და სამეფოს. 8გადაწვეს ბჭენი და დაღვარეს უმანკო სისხლი, მაგრამ ჩვენ შევევედრეთ უფალს, რომელმაც შეისმინა ჩვენი ვედრება, შევწირეთ მსხვერპლი და გამტკიცული ფქვილი, ავანთეთ კანდელები და გვერდით დავუწყეთ პურები. 9ახლაც აღასრულებდეთ კარვობის დღესასწაულს ქისლევის თვეში, ასოთხმოცდამერვე წელს.
10მეფე პტოლემეოსის მოძღვარს, არისტობულოსს, მირონცხებულ მღვდელთა ნათესავს და ეგვიპტელ იუდაელებს სიხარულსა და ჯანმრთელობას უსურვებენ იერუსალიმსა და იუდაში მყოფნი, უხუცესობა და იუდა. 11ღმერთის მიერ საშინელი განსაცდელისაგან თავდაღწეულნი გულმხურვალე მადლს ვწირავთ მას, როგორც მეფის წინააღმდეგ მებრძოლნი; 12მას, რომელმაც უკუაქცია წმიდა ქალაქზე გამოლაშქრებული მომხვდური. 13რადგანაც სპარსეთს რომ მიადგა თავისი ლაშქრითურთ, რომელიც უძლეველი ჩანდა, მოკლულ იქნა ნანეას ტაძარში ქურუმთა ცბიერებით ცდუნებული. 14ანტიოქოსი ხომ იმ მიზნით ეწვია ქალღმერთის ტაძარს, რომ შეუღლებოდა მას, მეფის თანმხლებ მეგობრებს კი სურდათ სამზითვო ფული აეღოთ. 15ნანეას ქურუმებმა ფული გაიღეს, და როცა მეფე მცირედი ამალით შევიდა ტაძარში, სასწრაფოდ ჩაუკეტეს კარი; 16გახსნეს ჭერში ფარული საჭვრეტი, ქვები დაუშინეს და თავისი ამალითურთ ჩაქოლეს მბრძანებელი, მერე თავები მოჰკვეთეს და გარეთ დარჩენილებს მიუყარეს. 17ყოვლად კურთხეულია ჩვენი ღმერთი, რომ გასცა მკრეხელნი. 18ხოლო ჩვენ, რაკი მოვისურვეთ ქისლევის ოცდამეხუთე დღეს გვეზეიმა ტაძრის განწმედის დღესასწაული, საჭიროდ ვცანით, თქვენთვისაც გვეუწყებინა, რომ თვითონაც გადაგეხადათ კარვობისა და ცეცხლის ზეიმი, ისევე, როგრც ნეემიამ, ტაძრისა და საკურთხევლის შენებას რომ მორჩა, შესწირა მსხვერპლი.
19რადგანაც როცა სპარსეთს წაასხეს ჩვენი მამა-პაპანი, ღვთისმოშიშმა მღვდლებმა საკურთხევლიდან მალულად წაიღეს ცეცხლი, მშრალი ჭის ფსკერზე გადამალეს და საიმედოდ შეინახეს, რაკიღა არავინ იცოდა სამალავი. 20გამოხდა მრავალი წელი და ღმერთმა ინება, რომ სპარსეთის მეფის მიერ წარმოგზავნილ ნეემიას ხალხი გაეგზავნა ცეცხლის შემნახველი მღვდლების შთამომავლებთან, და როცა გვაცნობეს, რომ ცეცხლი კი ვერ ნახეს, არამედ მხოლოდ ბლანტი წყალი, 21ნეემიამ ბრძანა მოეტანათ იგი; და როცა უკვე ყველაფერი მზად იყო მსხვერპლის შესაწირად, ნეემიამ უბრძანა მღვდლებს, სწორედ ეს წყალი ესხურებინათ შეშისა და ზედ დაწყობილი მსხვერპლისათვის. 22ბრძანება რომ შეასრულეს და დრომ მოაწია, გამობრწყინდა აქამდე ღრუბლებში მიმალული მზე და ცეცხლი ისე აბრიალდა, რომ ყველანი გაოცებული დარჩნენ.
23მღვდლები კი, ვიდრე მსხვერპლი იწვოდა, ლოცულობდნენ ყველასთან ერთად: იონათანი იწყებდა, დანარჩენები ბანს აძლევდნენ, და ნეემიაც მათ შორის. 24ხოლო მათი ლოცვა ასეთი იყო: „უფალო, უფალო ღმერთო, ყოვლის შემოქმედო, საშინელო და ძლიერო, სამართლიანო და მოწყალევ, ერთადერთო მეუფეო, კეთილის მყოფელო, 25ერთადერთო გამრიგევ, ერთადერთო მართალო, ყოვლისმპყრობელო და წარუვალო, ისრაელის მხსნელო ყოველი ბოროტისაგან, რომელმაც გამოარჩიე მამები და აკურთხე ისინი. 26შეიწირე ეს მსხვერპლი მთელი შენი ხალხის – ისრაელის გულისთვის, დაიფარე შენი წილხვედრი და წმიდაჰყავ იგი. 27შეკრიბე ჩვენი გაფანტული ხალხი, ათავისუფლე ტყვექმნილნი წარმართთა შორის, მოხედე განწირულთ და მოძულებულთ, რათა სცნონ წარმართთ, რომ შენ ხარ ჩვენი ღმერთი. 28დაამხე ჩვენი მოძალადენი, ქედმაღლობით რომ გვთრგუნავენ. 29დანერგე შენი ხალხი შენსავე წმიდა ადგილას, როგორც თქვა მოსემ.“
30ხოლო მღვდლები ამასობაში საზეიმო ჰიმნებს გალობდნენ. 31როგორც კი მსხვერპლი შეწირულ იქნა, ნეემიამ ბრძანა ლოდებზე მიმოეღვარათ დარჩენილი წყალი. 32ბრძანების შესრულებისთანავე იფეთქა ალმა, მაგრამ სამსხვერპლოდან გამოტევებულ შუქზე მიინავლა იგი. 33გაცხადდა ეს საქმე და მოახსენეს სპარსეთის მეფეს, რომ იმ ადგილას, სადაც გადმოსახლებულმა მღვდლებმა შეინახეს ცეცხლი, წყალი აღმოჩნდა, რომლითაც ნეემიას მიმდევრებმა განწმიდეს მსხვერპლი. 34საქმის ვითარებას რომ გაეცნო, მეფემ ბრძანა, შემოეზღუდათ და წმიდად გამოეცხადებინათ ეს ადგილი. 35ხოლო იმათ, ვისაც სწყალობდა, მეფემ დიდძალი ძღვენი უბოძა, რომელიც თვითონ მიეღო. 36ხოლო ნეემიას მხლებლებმა ნეფთარი უწოდეს ამ ადგილს, რაც თარგმანით ნიშნავს განწმედას; ბევრი კი მას ნაფთას უწოდებს.
Currently Selected:
2 Maccabees 1: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013