YouVersion Logo
Search Icon

1 Maccabees 16

16
1დაბრუნდა იოანე გაზარადან და უამბო სიმონს, მამამისს, რაც ჩაიდინა კენდებეოსმა. 2მაშინ სიმონმა უხმო თავის ორ უფროს ვაჟს: იუდას და იოანეს, და უთხრა მათ: „მეც, ჩემი ძმებიცა და მამაჩემის სახლიც დიდხანს ვებრძოდით ისრაელის მტრებს, სიჭაბუკიდან დღევანდელ დღემდე, და ბევრჯერ კეთილად წარიმართა ისრაელის ხსნა ჩვენი ხელით. 3მე მოვხუცდი, თქვენ კი, ღვთის წყალობით, სრულწლოვანებას მიაღწიეთ; მაშ, გასწიეთ ჩემი და ჩემი ძმის მაგივრობა, წადით და იბრძოლეთ ჩვენი ხალხისთვის. ზეცამ ნუ მოგაკლოთ შემწეობა.“
4აირჩია ქვეყნიდან 20 ათასი მეომარი, ქვეითი და მხედარი, და დაიძრნენ კენდებეოსის წინააღმდეგ. ღამე მოდეინში გაათიეს. 5დილით ადგნენ და დაბლობისაკენ დაეშვნენ. და აჰა, გამოჩნდა მათ შესახვედრად მომავალი ქვეითთა და მხედართა მრავალრიცხოვანი ლაშქარი; მათ შორის კი მდინარე იყო. 6იოანე თავისი ლაშქრით დაიძრა მათ წინააღმდეგ. როცა დაინახა, რომ ხალხს ეშინოდა მდინარეზე გადასვილსა, თვითონ გადავიდა პირველი. მისი შემყურე მეომრები უკან მიჰყვნენ მას. 7დაყო ლაშქარი და მხედრები ჩააყენა ქვეითთა შორის. მტრის მხედრობა კი ურიცხვი იყო. 8ბუკსა ჰკრეს და უკუიქცა კენდებეოსი და მისი ლაშქარი; და დაეცა მათგან მრავალი დაჭრილი, დანარჩენებმა კი სიმაგრისკენ იბრუნეს პირი. 9მაშინ დაიჭრა იუდა, იოანეს ძმა. იოანე კი მტერს მისდევდა, ვიდრე არ მიადგა კედრონს, რომელიც მან ააშენა. 10მტერმა აზოტის მახლობლად მდებარე ციხე-კოშკებს შეაფარა თავი, მაგრამ მან ცეცხლს მისცა ისინი და დაეცა მათგან 2 ათასამდე კაცი, იოანე კი მშვიდობით დაბრუნდა იუდაში.
11ხოლო პტოლემეოსი, ძე აბუბოსისა, იერიხოს ველზე იყო სარდლად გამწესებული; უამრავი ოქრო-ვერცხლი ჰქონდა, 12რადგანაც მღვდელმთავრის სიძე იყო. 13თავს გაუვიდა და განიზრახა ხელთ ეგდო მთელი ქვეყანა; მზაკვრულ გეგმებს აწყობდა სიმონისა და მისი ვაჟების წინააღმდეგ, რათა დაეღუპა ისინი. 14ხოლო სიმონი ამ დროს თავისი ქვეყნის ქალაქებს ათვალიერებდა და მათ საქმეებს არიგებდა. ასსამოცდამეჩვიდმეტე წლის მეთერთმეტე თვეს (რომელიც არის შებატის თვე) იერიხოში ჩავიდნენ სიმონი და მისი ვაჟები: მატათია და იუდა. 15აბუბოსის ძემ მზაკვრული ზრახვით მიიღო ისინი მის მიერ აგებულ პატარა ციხესიმაგრეში, რომელსაც ერქვა დოკი, და დიდებული სუფრა გაუშალა მათ; თან ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. 16როცა სიმონი და მისი ვაჟები დათვრნენ, წამოიშალნენ პტოლემეოსი და მისი თანამზრახველნი, იარაღს დასტაცეს ხელი, ნადიმობისას შეუცვივდნენ სიმონს და მოკლეს ისიც, მისი ორი ვაჟიცა და რამოდენიმე მსახურიც. 17ასე მუხანათურად მოიქცა და ბოროტი მიაგო სიკეთის წილ.
18პტოლემეოსმა ეს ამბავი წერილით აცნობა მეფეს და სთხოვა, ლაშქარი მომაშველეო; სამაგიეროდ ჰპირდებოდა, რომ ჩააბარებდა ქვეყანას და მის ქალაქებს. 19თანაც გაზარაში იოანეს მოსაკლავად აფრინა ხალხი; ათასისთავებს კი წერილები დაუგზავნა, მეახელით და ოქრო-ვერცხლით აგავსებთო. 20ზოგიც იერუსალიმისა და ტაძრის ასაღებად გაგზავნა. 21მაგრამ ვიღაცამ დაასწრო და გაზარაში აცნობა იოანეს, შენი მამა და ძმები დახოცეს და შენს მოსაკლავადაც გამოგზავნესო ხალხი. 22ეს რომ გაიგო, იოანეს თავზარი დაეცა; შეიპყრო მის მოსაკლავად მოგზავნილნი და დახოცა ისინი, რადგანაც მიხვდა, რომ მისი დაღუპვა სურდათ.
23იოანეს დანარჩენი ამბები, მისი ომები და საგმირო საქმენი, სახელოვნად რომ აღასრულა, გალავნთა მშენებლობა, თვითონვე რომ აღმართა, და მისი ყოველი ღვაწლი 24მისივე მღვდელმთავრობის მატიანეშია აღწერილი, იმ დროიდან მოყოლებული, რაც მღვდელმთავრად დადგა მამამისის შემდეგ.

Currently Selected:

1 Maccabees 16: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in