YouVersion Logo
Search Icon

2 Corinthians 3

3
1კვლავ დავიწყოთ ჩვენი თავის წარდგენა? საჭიროა ჩვენთვის, როგორც ზოგიერთებისათვის, წარდგენის წერილები თქვენდამი ან თქვენგან? 2თქვენ ხართ ჩვენი წერილი, ჩვენს გულებში დაწერილი, რომელსაც სცნობს და კითხულობს ყოველი ადამიანი. 3თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენ ხართ ქრისტეს წერილი, ჩვენგან შექმნილი, დაწერილი არა მელნით, არამედ ცოცხალი ღმერთის სულით, არა ქვის დაფებზე, არამედ გულის ხორციელ ფიცრებზე. #გამ 24:12; იერ 31:33; ეზკ 11:19; 36:26.
4ასეთი რწმენა გვაქვს ქრისტეს მეშვეობით ღმერთის მიმართ, 5არა იმიტომ, რომ შეგვეძლოს ჩვენ თვითონ განვსაჯოთ რაიმე, თითქოს ჩვენგან იყოს და არა ღმერთისაგან ჩვენი შემძლეობა. 6მან შეგვაძლებინა, ვყოფილიყავით მსახურნი ახალი აღთქმისა, არა ასოებისა, არამედ სულისა. რადგან ასო კლავს, სული კი აცოცხლებს. #იერ 31:31.
7ხოლო თუ სიკვდილის მსახურება, ქვაზე ასოებით დაბეჭდილი, ისეთი დიდებით იყო, რომ ისრაელის ძეებმა ვერ შეძლეს მოსეს სახის ხილვა მის სახეზე გადმოსული დიდების გამო, #გამ 34:29. 8რამდენად უფრო დიდი იქნება სულის მსახურების დიდება? 9რადგან, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო უხვია დიდებით სიმართლის მსახურება, 10რადგან ის, რაც ამრიგად იყო განდიდებული, აღარ ჩაითვლება დიდებულად სიმართლის მსახურების აღზევებულ დიდებასთან შედარებით. 11რადგან, თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად მეტი დიდება აქვს მყოვარს.
12ამიტომ, რაკი ესოდენი იმედი გვაქვს, დიდი გაბედულებით ვმოქმედებთ. 13და არა ისე, როგორც მოსე, რომელმაც რიდე ჩამოიფარა სახეზე, რომ არ ეხილათ ისრაელის ძეებს წარმავალის დასასრული. #გამ 34:33. 14მაგრამ დაეხშოთ მათ გონება, რადგან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე რიდე აუხდელი, რადგან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი. 15მაგრამ დღემდე, როცა მოსეს კითხულობენ, რიდე ადევთ გულზე, 16ხოლო როცა უფლისაკენ მიიქცევა ვინმე, რიდე ეხდება. #გამ 34:34. 17უფალი სულია და, სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა. 18ჩვენ კი ყველანი დაუბურავი სახით ვჭვრეტთ უფლის დიდებას და გარდავისახებით იმავე ხატად დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.

Currently Selected:

2 Corinthians 3: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in