2 Corinthians 10
10
1მე, პავლე, მოგიწოდებთ ქრისტესმიერი თვინიერებით და მოთმინებით – მე, რომელიც თქვენთან პირისპირ მყოფი თავმდაბალი ვარ, შორიდან კი – კადნიერი, 2და გევედრებით, რომ ჩემი მოსვლისას არ დამჭირდეს სიმკაცრე, რომლის გამოყენებას ვფიქრობ ზოგიერთების მიმართ, ვისაც ჰგონია, თითქოს ხორცის მიხედვით დავდიოდეთ. 3რადგან, თუმცა ხორციელად დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით. 4რადგან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთიური ძალაა ციხესიმაგრეთა დასარღვევად. ჩვენ ვარღვევთ დასაბუთებას, 5და ყოველ მედიდურობას, რომელიც აღმართულია ღმერთის შეცნობის წინააღმდეგ და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს, რათა ქრისტეს დაუმორჩილდეს. 6და მზად ვართ დავსაჯოთ ყოველგვარი ურჩობა, როცა თქვენი მორჩილება სრული იქნება.
7შეხედეთ იმას, რაც თქვენს წინაშეა. ვისაც სჯერა, რომ ქრისტესია, თვითონვე დაფიქრდეს, რომ როგორც თავად არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ. 8და თუ უფრო მეტად დავიქადნი ჩვენი ხელმწიფებით, რომელიც უფალმა მოგვცა აღსაშენებლად და არა თქვენს დასაქცევად, არ შევრცხვები. 9ამიტომ არ მოგეჩვენოთ, თითქოს გემუქრებოდეთ წერილებით. 10ამბობენ: მისი წერილები მკაცრი და ძლიერიაო, მაგრამ პირადად შეხვედრისას სუსტია და მისი სიტყვაც უმნიშვნელო. 11იცოდეს, ვინც ასე ფიქრობს, რომ, როგორიც სიტყვით ვართ წერილებში, როცა მანდ არა ვართ, ისევე მოვიქცევით, როცა მანდ ვიქნებით.
12რადგან ვერ ვბედავთ დავუპირისპირდეთ ანდა შევედაროთ იმათ, რომელთაც თავი მოაქვთ: ისინი უჭკუობით თავისი თავით ზომავენ და თავის თავთან ადარებენ. 13ხოლო ჩვენ უზომოდ არ ვიქადნით, არამედ იმ ზომით, რა ხვედრიც ღმერთმა გვიწილადა, რომ თქვენამდეც მოვაღწიოთ. 14ჩვენს ზღვარს არ გადავდივართ, თითქოს ვერ ვაღწევდეთ თქვენამდე, რადგან ჩვენ პირველებმა მოვაღწიეთ თქვენამდე და მოგიტანეთ ქრისტეს სახარება. 15უზომოდ კი არ ვიქადით სხვისი შრომით, არამედ იმედი გვაქვს, რომ თქვენი რწმენის ზრდის კვალობაზე უხვად გავამრავლებთ თქვენში ჩვენს წილხვედრ საქმეს. 16რათა თქვენს იქითაც ვახაროთ და არ ვიქადდეთ იმით, რაც უკვე გამზადებულია სხვათა წილხვედრში. 17„ვინც იქადის, უფლით იქადდეს.“ #იერ 9:24. 18რადგან, ის კი არ არის აღიარებული, ვინც თავს იქებს, არამედ ის, ვისაც უფალი აქებს.
Currently Selected:
2 Corinthians 10: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013