YouVersion Logo
Search Icon

1 Thessalonians 2

2
1თქვენ თავად იცით, ძმებო, რომ ჩვენი თქვენთან შემოსვლა არ იყო ამაო. 2მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და შეურაცხყოფილებმა, როგორც იცით, გავბედეთ ჩვენს ღმერთში, რომ თქვენთვის გაგვეცხადებინა ღმერთის სახარება დიდი ბრძოლით. #საქ 16:19-24; საქ 17:1-9. 3რადგან ჩვენი ქადაგება არ მომდინარეობს არც შეცდომებიდან, არც უწმიდურებიდან, არც ცბიერებიდან. 4არამედ ვლაპარაკობთ, როგორც ღმერთისაგან გამოცდილები, რომელთაც მოგვენდო სახარება; და ჩვენ ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც გამოსცდის ჩვენს გულებს. 5რადგან, როგორც იცით, არასოდეს გვითქვამს პირმოთნე სიტყვა და არც ანგარებიანი ზრახვა გვქონია, ღმერთია მოწამე. 6არ ვეძებთ დიდებას არც ადამიანთაგან, არც თქვენგან, არც სხვებისაგან. 7თუმცა შეგვეძლო მომთხოვნები ვყოფილიყავით, როგორც ქრისტეს მოციქულები, მაგრამ გულკეთილად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავის ბალღებზე რომ ზრუნავს. 8ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალეებს, გვსურდა გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღმერთის სახარება, არამედ ჩვენი სულებიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის.
9ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღე და ღამე ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ასე ვქადაგებდით თქვენს შორის ღმერთის სახარებას. 10მოწმენი ხართ თქვენც და ღმერთიც, რა წრფელად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენი, მორწმუნეების, მიმართ. 11რადგან იცით, რომ როგორც მამა თავის შვილებს, ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს. 12განუგეშებდით და გამხნევებდით და მოვითხოვდით, რომ გევლოთ ღმერთის ღირსად, ვინც მოგიწოდებთ თავის სასუფეველსა და დიდებაში.
13ამისათვის ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღმერთის სიტყვა, შეიწყნარეთ იგი არა როგორც ადამიანთა სიტყვა, არამედ როგორც ღმერთის სიტყვა, როგორც ის ჭეშმარიტად არის, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნეებში. 14რადგან თქვენ გახდით, ძმებო, იუდაში მყოფი ღმერთის ეკლესიების მბაძავნი ქრისტე იესოში, რადგან თქვენც იტანჯეთ თქვენს თვისტომთაგან ისევე, როგორც მათ – ებრაელთაგან, #საქ 17:5. 15რომელთაც მოკლეს უფალი იესო და მისი წინასწარმეტყველნიც და ჩვენც გამოგვრეკეს, ღმერთს არ აამებენ და ყველა ადამიანს ეწინააღმდეგებიან, #საქ 9:23,29; 13:45,50; 14:2,5,19; 17:5,13; 18:12. 16გვაბრკოლებენ, რომ წარმართებთან ვილაპარაკოთ, რათა ვიხსნათ ისინი, რითაც მუდამ ავსებენ თავიანთ ცოდვებს. მაგრამ დაატყდებათ მათ რისხვა საბოლოოდ.
17ჩვენ კი, ძმებო, მცირე ხნით რომ დაგშორდით სახით და არა გულით, მით უფრო მეტი წადილით ვესწრაფოდით თქვენი სახის ხილვას. 18ამიტომ გვინდოდა, განსაკუთრებით კი მე, პავლეს, ერთი-ორჯერ თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა. 19რადგან ვინ არის ჩვენი სასოება, ან ჩვენი სიხარული, ან სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესოს წინაშე, მისი მოსვლისას? 20რადგან თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.

Currently Selected:

1 Thessalonians 2: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in