YouVersion Logo
Search Icon

1 Peter 3

3
1ასევე, ცოლებო, დაემორჩილეთ ქმრებს, რათა ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, სიტყვის გარეშე გახდნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით, #ეფს 5:22; კლს 3:18. 2როცა დაინახავენ თქვენს უბიწო ქცევას მოშიშებით. 3თქვენი მშვენება ნუ იქნება გარეგანი: თმის ნაწნავები, ოქროს სამკაულები ან ჩაცმულობა, #1ტმ 2:9. 4არამედ დაფარული გულის ადამიანი უხრწნელი მყუდროებით და სულის სიმშვიდით, რაც ძვირფასია ღმერთის წინაშე. 5ოდესღაც წმიდა ქალებიც, ღვთისმოსავნი, ასე იმკობდნენ თავს, თავიანთ ქმრებს დამორჩილებულნი; 6როგორც სარა დაემორჩილა და უფალი უწოდა აბრაამს, რომლის შვილებიც ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ. #დაბ 18:12. 7თქვენც, ქმრებო, ასევე გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც შედარებით უძლურ ჭურჭელს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ. #ეფს 5:25; კლს 3:19.
8და ბოლოს: იყავით ყველანი ერთი აზრისანი, თანამგრძნობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი. 9ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ და გმობას გმობის წილ, პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისათვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ. 10რადგან „ვისაც სიცოცხლე უყვარს და სურს კეთილი დღეების ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისაგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან ზაკვას. #ფს 33:13-16. 11ერიდოს ბოროტს, აკეთოს სიკეთე, ეძიოს მშვიდობა და მისკენ ისწრაფოს, 12რადგან ღმერთის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყური კი – მათი ვედრების მიმართ, ხოლო უფლის სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.“
13ვინ გიბოროტებთ, თუ კეთილის მიმყოლი იქნებით? 14მაგრამ ნეტარნი ხართ თქვენ, თუნდაც დაიტანჯოთ სიმართლისათვის. მათი შიშით ნუ შეშინდებით და ნურც შეძრწუნდებით. #მთ 5:10.#ესა 8:12,13. 15წმიდაჰყავით თქვენს გულებში ქრისტე, როგორც უფალი, და მუდამ მზად იყავით, გასცეთ პასუხი ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ; 16ოღონდ გააკეთეთ ეს სიმშვიდით და მოწიწებით. გქონდეთ კეთილი სინდისი, რათა, რისთვისაც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში შერცხვნენ თქვენი ქრისტესმიერი კეთილი ქცევის შეურაცხმყოფელნი. 17რადგან, თუ ღმერთს ნებავს, უმჯობესია, კეთილ საქმეთა გამო დაიტანჯოთ, ვიდრე ბოროტთა გამო. 18რადგან ქრისტეც ევნო ერთხელ ჩვენი ცოდვებისათვის, მართალი – უსამართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან. მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით, 19რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში მყოფ სულებსაც, 20ოდესღაც ურჩნი რომ იყვნენ, როდესაც ღმერთის მოთმინება ჯერ კიდევ იცდიდა, ნოეს დღეებში, სანამ შენდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ესე იგი, რვა სული, გადაურჩა წყალს; #დაბ 6:1—7:24. 21რომელიც იყო სახე ნათლისღებისა, – იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისით ღმერთისათვის შეპირება – რომლითაც ამჟამად გიხსნით თქვენ იესო ქრისტეს აღდგომის მეშვეობით, 22რომელიც ღმერთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, და რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.

Currently Selected:

1 Peter 3: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in