YouVersion Logo
Search Icon

1 Maccabees 8

8
1ესმა იუდას რომაელთა დიდება: რომ ისინი ძლიერნი არიან და ძლევემოსილნი, კეთილგანწყობილებას იჩენენ მათი მოკავშირეების მიმართ და ვინც კი მისულა მათთან, ყველასთვის სამეგობროდ გაუწვდიათ ხელი. 2მათ ძალას და ძლიერებას ისიც მოწმობდა, რასაც ყვებოდნენ მათ მიერ გადახდილ ომებსა და გმირობაზე, გალატელებთან ბრძოლაში რომ გამოიჩინეს, რომლებიც დაიმორჩილეს და მოხარკეებად გაიხადეს. 3და ისიც, რაც ესპანეთში მოიმოქმედეს, რათა იქაური ვერცხლისა და ოქროს საბადოები ჩაეგდოთ ხელში. 4თავისი გონიერებითა და სიმტკიცით დაეპატრონნენ მთელ მხარეს, თუმცა ის ძალზე შორს იყო მათი ქვეყნიდან, ხოლო მეფეებს, დედამიწის კიდიდან რომ დაიძრნენ მათ წინააღმდეგ, სძლიეს და სასტიკი მარცხი აგემეს. 5ასევე სძლიეს და ქედი მოახრევინეს ფილიპესა და პერსევსს, მაკედონელთა მეფეს, და სხვებსაც, ვინც კი აღიძრა მათ წინააღმდეგ. 6ანტიოქოსიც, ასიის დიდი მეფე, ასოცი სპილოთი, მხედრებით, ეტლებით და დიდძალი ლაშქრით რომ გაილაშქრა რომაელებზე, ძლეულ იქნა მათგან. 7ცოცხლად შეიპყრეს და აიძულეს დიდძალი ხარკი და მძევლები ეძლია მათთვის, – მასაც და მის შემდგომ მეფეებსაც, – და სამეფო დაექუცმაცებინა. 8ჩამოართვეს ყველაზე უკეთესი ქვეყნები: ინდოეთი, მიდია, ლიდია და მეფე ევმენესს მისცეს ისინი. 9ხოლო როდესაც ბერძნებმა განიზრახეს რომაელებზე გალაშქრება და მათთვის მუსრის გავლება, 10რომაელებმა გაიგეს ეს ამბავი და ერთი მხედართმთავარი გაგზავნეს მათ წინააღმდეგ საომრად; ბევრი ბერძენი დაეცა ბრძოლის ველზე, ტყვედ წამოასხეს მათი ცოლ-შვილი და გაძარცვეს ისინი, ხელთ იგდეს მათი ქვეყანა, დააქციეს მათი ციხესიმაგრენი და დღემდე დამონებული ჰყავთ ისინი. 11დანარჩენი სამეფოები და კუნძულები, ოდესმე რომ აღძრულან მათ წინააღმდეგ, ასევე დაარბიეს და დაიმონეს. 12დაიმორჩილეს ახლობელი თუ შორეული სამეფოები და მათი სახელის ხსენებაც კი შიშის ზარს სცემდა ყველას. 13ვის შეწევნასა და მეფედ დასმასაც ინებებენ, კიდევაც ამეფებენ, ხოლო ვისი დამხობაც სურთ, იმას ამხობენ, ძლევემოსილებით აღზევებულნი. 14და მაინც არც ერთს არ დაუდგამს თავზე გვირგვინი და არც ძოწეული შეუმოსავს დიდების ნიშნად. 15არამედ საბჭოს იწვევენ და საბჭოს 320 წევრი ყოველდღიურად ბჭობს იმაზე, რაც ხალხსა და მის კეთილდღეობას ეხება. 16ყოველწლიურად ერთ კაცს ანდობენ მთავრობას და ქვეყნის პატრონობას, ყველანი მას ემორჩილებიან და არ არის შური და ეჭვი მათ შორის.
17მაშინ იუდამ ამოირჩია ევპოლემოსი, ძე იოანესი, ძისა აკოსისა, და იასონი, ძე ელეაზარისა და წარგზავნა ისინი რომში მეგობრობისა და კავშირის დასამყარებლად, 18და კისრიდან უღლის გადასაგდებად, რადგანაც ხედავდნენ, რომ ბერძენთა სამეფოს სურდა საბოლოოდ დაემონებინა ისრაელი. 19წარგზავნილნი რომის შორეულ გზას დაადგნენ; საბჭოში შევიდნენ და შეკრებილთ ასე მიმართეს: 20იუდა მაკაბელმა, მისმა ძმებმა და იუდაელმა ხალხმა წარმოგვგზავნეს, რათა სამოკავშირეო და სამშვიდობო ხელშეკრულება დავდოთ თქვენთან და თქვენს მეგობრებად შეგვრაცხოთ. 21და მოეწონათ ეს სიტყვა. 22აი, პირიც წერილისა, ბრინჯაოს დაფაზე რომ დაწერეს და იერუსალიმში გაგზავნეს, რათა დარჩენილიყო იქ მშვიდობისა და კავშირის ნიშნად:
23სიკეთე ნუ მოშლოდეთ რომაელებსა და იუდაელ ხალხს ზღვასა და ხმელზე უკუნისამდე; მტერი და მახვილი არიდოთ. 24თუ პირველად რომს ან მის მოკავშირეებს დაემუქრათ ომი მთელს მათ სამფლობელოში, 25იუდაელმა ხალხმა დახმარება უნდა გაუწიოს მათ მთელი გულით, როგორც ვითარება მოითხოვს; 26მოკავშირეთა მეომრებს არ მისცემენ და არც მოამარაგებენ პურით, იარაღით, ფულითა და ხომალდებით, რადაგნაც ასე ინება რომმა; უანგაროდ უნდა ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს. 27ხოლო თუ პირველად იუდაელ ხალხს დაემუქრება ომი, რომაელები სულით და გულით დაეხმარებიან მათ, როგორც მოითხოვს ვითარება; 28მოკავშირეებს იუდაელნი არ მისცემენ არც პურს, არც იარაღს, არც ფულსა და არც ხომალდებს, რადგანაც ასე ინება რომმა; მოკავშირენი უზაკველად უნდა ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს. 29ამ პირობით შეკრეს კავშირი რომაელებმა იუდაელ ხალხთან. 30თუ ან ერთი, ან მეორე მხარე მოისურვებს რაიმე მიუმატოს ან გამოაკლოს ამ პირობებს, ეს საერთო ნებით უნდა გადაწყდეს, და მხოლოდ მაშინ ექნება ძალა იმას, რასაც მიუმატებენ ან გამოაკლებენ.
31ხოლო იმ ბოროტებისათვის, რაც მეფე დემეტრიოსმა თავს დაატეხა მათ, ასე მივწერეთ მას და შევუთვალეთ: „რატომ დაადგი ესოდენ მძიმე უღელი იუდაელებს – ჩვენს მეგობრებს და მოკავშირეებს? 32თუ კვლავაც საჩივრით მოგვმართეს შენს გამო, ჩვენ ვიქმთ მათთვის სამართალს და ომს გამოგიცხადებთ ხმელსა თუ ზღვაზე.“

Currently Selected:

1 Maccabees 8: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in