YouVersion Logo
Search Icon

1 Maccabees 5

5
1როცა მეზობელმა ხალხებმა გაიგეს, რომ უწინდებურად აღიმართა სამსხვერპლო და განახლდა საწმიდარი, საშინლად განრისხდნენ. 2და გადაწყვიტეს ამოეძირკვათ იაკობის მოდგმა, რომელიც იყო მათ შორის და ხოცვა-ჟლეტა დაუწყეს ხალხს. 3მაშინ იუდამ იდუმეასა და აკრაბატენეზე გაილაშქრა ესავის ძეთა წინააღმდეგ, რადგანაც მათ ალყაში მოემწყვდიათ ისრაელი, სასტიკად დაამარცხა ისინი, ქედი მოახრევინა ძლეულთ და აკრიფა ნადავლი. 4მერე გაიხსენა ბეანის ძეთა ბოროტებანი, მახედ და ხაფანგად რომ ქცეულიყვნენ ხალხისთვის და გზებზე უსაფრდებოდნენ მათ. 5მტერმა ციხე-კოშკებს შეაფარა თავი, მაგრამ იუდა გარს შემოადგა და გაჩენის დღე აწყევლინა მათ – ცეცხლს მისცა ციხე-კოშკებიცა და შიგ მყოფი ხალხიც. 6მერე მიადგა ამონის ძეთ, მაგრამ იქ დახვდა მძლავრი ხელი და ურიცხვი ხალხი ტიმოთეოსის წინამძღოლობით. 7მრავალი ომი გადაიხადა მათ წინააღმდეგ და ძლეულ იქნენ ისინი მის წინაშე; ასე შემუსრა მტერი. 8აიღო იაზერი მისი სოფლებითურთ და იუდაში დაბრუნდა.
9მაშინ აღიძრნენ გალაადში მცხოვრები ხალხები ისრაელის წინააღმდეგ, რომელიც იყო მათ მიწა-წყალზე, რათა მოესპოთ ისინი, მაგრამ მათ დათემას ციხესიმაგრეში შეასწრეს. 10იუდას და მის ძმებს წერილები გაუგზავნეს და შეუთვალეს: აღიძრნენ ჩვენს წინააღმდეგ მეზობელი წარმართები, რომ მოგვსპონ და გაგვანადგურონ. 11მზად არიან თავს დაგვესხან და აიღონ ციხესიმაგრე, რომელსაც თავს ვაფარებთ; ტიმოთეოსი მოუძღვის მათ ჯარს. 12მაშ, მოდი და დაგვიხსენი მათი ხელიდან, რადგანაც დაეცა ბევრი ჩვენგანი. 13დაიღუპა ყველა ჩვენი ძმაც, ვინც იყო ტობში; მათი ცოლ-შვილი ტყვედ წაასხეს, ავლადიდება დაიტაცეს და ათასამდე კაცი გაწყვიტეს იქ.
14ჯერ კიდევ წერილების კითხვაში იყვნენ, რომ აჰა, ტანსაცმელშემოგლეჯილი სხვა მაცნენიც მოვიდნენ გალილეიდან და ეს ამბავი მოიტანეს: 15პტოლემაისიდან, ტვიროსიდან, სიდონიდან და მთელი გალილეიდან შეიკრიბნენ, რომ მუსრი გაგვავლონ. 16იუდამ და ხალხმა ეს ამბავი რომ გაიგეს, შეიყარა დიდი კრებული, რათა გადაეწყვიტათ, რა ეღონათ გასაჭირში ჩაცვივნული და მტერთაგან შევიწროებული მოძმეების გადასარჩენად. 17მაშინ იუდამ თავის ძმას – სიმონს უთხრა: ამოარჩიე ხალხი და იხსენი შენი ძმები გალილეაში, მე და ჩემი ძმა იონათანი კი გალაადისაკენ გავემართებით. 18ხალხის წინამძღოლებად იოსები – ზაქარიას ძე და აზარია დატოვა ლაშქრის დანარჩენ ნაწილთან ერთად, რათა დაეცვათ იუდას ქვეყანა. 19და უბრძანა მათ: განაგეთ ხალხი და ჩვენს დაბრუნებამდე წარმართებს ნუ შეებრძოლებით. 20სიმონს 3 ათასი კაცი აახლეს გალილეაში სალაშქროდ, ხოლო იუდას – 8 ათასი გალაადისათვის.
21და გაემართა სიმონი გალილეისაკენ, მრავალგზის შეება წარმართებს და ძლეულ იქნენ ისინი მის წინაშე. 22პტოლემაისის კარიბჭემდე მისდია მათ და დაეცა 3 ათასამდე წარმართი და წამოიღო ნადავლი. 23დედა-წულიანად წამოასხა გალილეასა და არბატაში მყოფი იუდაელნი, თავიანთი ავლადიდებით და დიდი სიხარულით მიიყვანა ისინი იუდაში.
24ხოლო იუდა მაკაბელმა და მისმა ძმამ იონათანმა იორდანე გადალახეს და სამი დღის გზა განვლეს უდაბნოში. 25წინ შემოხვდნენ ნაბათელნი, მშვიდობიანად შეეგებნენ მათ და უამბეს ყველაფერი, რაც გალაადში შემთხვეოდათ მათ თანამოძმეთ: 26თურმე მრავალი მათგანი ბოცრასა და ბოსორში, ალემაში, ხასფოში, მაკედსა და კარნაიმში – ამ დიდსა და კარგად გამაგრებულ ქალაქებში ჩაკეტილა, 27სხვები კი – გალაადის დანარჩენ ქალაქებში, ხოლო მტერი სახვალიოდ აპირებს მათზე თავდასხმას, რათა ერთ დღეში აიღოს ისინი და მუსრი გაავლოს ყველას.
28ამიტომაც იუდა თავისი ლაშქრით სასწაფოდ შემობრუნდა უდაბნოში და ბოცრასაკენ გაეშურა, აიღო ქალაქი, მახვილის პირით მუსრი გაავლო ყველა მამაკაცს და მოხვეტა უამრავი ნადავლი, თვით ქალაქი კი ცეცხლს მისცა. 29ღამით გაემართა იქიდან და ციხესიმაგრეს მიადგა. 30დილით, თვალი რომ გაახილეს, დაინახეს უთვალავი და ურიცხვი ხალხი, კიბეებსა და მანქანებს რომ მოათრევდა, რათა ციხესიმაგრე აეღო და მათ შებმოდა. 31დაინახა იუდამ, რომ ბრძოლა დაიწყო და ქალაქის გნიასი ცას მისწვდა, როგორც საყვირთა ხმა და ჟღრიალი. 32და შეუძახა თავის მეომრებს: დღეს თქვენი ძმებისათვის უნდა იომოთ! 33სამი რაზმით ზურგიდან მოუარა მტერს, საყვირებს ჩაჰბერეს და ხმამაღლა დაიწყეს ლოცვა. 34ტიმოთეოსის ლაშქარი მიხვდა, მაკაბელი გვიტევსო, და უკუიქცა მის წინაშე; იუდამ განდევნა ისინი და დაეცა მათგან იმ დღეს 8 ათასამდე კაცი.
35მერე ალემას მიადგა, იერიშით აიღო და მუსრი გაავლო ყველა მამაკაცს; მოხვეტა ნადავლი და ცეცხლში დაწვა. 36იქიდან წამოსულმა აიღო ხასფო, მაკედი, ბოსორი და გალაადის სხვა ქალაქები.
37შემდეგ ტიმოთეოსმა ხელახლა შეკრიბა ლაშქარი და რაფონის წინ, ხევის გაღმა დაიბანაკა. 38იუდამ ბანაკის დასაზვერად გაგზავნა ხალხი და უკან მობრუნებულებმა მოახსენეს: მის ირგვლივ თავი მოუყრიათ ჩვენს მეზობელ წარმართებს; ესაა ურიცხვი ლაშქარი. 39არაბებიც დაუქირავებიათ მაშველად, ხევს გაღმა დაბანაკებულან და მზად არიან ჩვენს წინააღმდეგ გამოილაშქრონ. და გაემართა იუდა მათ შესახვედრად.
40როცა იუდა თავისი ლაშქრით მიუახლოვდა ხევს, ტიმოთეოსმა თავის სარდლებს უთხრა: თუ პირველმა გადმოლახა ხევი, ვეღარ გავუძლებთ, მარცხი გარდუვალია, 41ხოლო თუ შეშინდა და მდინარის გაღმა დაიბანაკა, ჩვენ თვითონ გადავალთ შეტევაზე და დავამარცხებთ. 42როგორც კი მიადგა მდინარეს, იუდამ ხევის პირას დააყენა ხალხის მწიგნობარნი და უბრძანა მათ: არავინ დატოვოთ ბანაკში, ყველანი საომრად გამოიყვანეთ. 43პირველი გადაეშვა მდინარეში და უკან მიჰყვა მთელი ხალხი. წარმართები ძლეულ იქნენ მის წინაშე, იარაღი დაყარეს და კარნაიმში ბომონს შეაფარეს თავი. 44მაგრამ ქალაქი აიღეს, ცეცხლს მისცეს ბომონიც და მასში მყოფნიც; ასე იძლია კარნაიმი და ვეღარ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა იუდასთვის.
45იუდამ თავი მოუყარა გალაადში მოსახლე ყველა ისრაელიანს, დიდიან-პატარიანად, დედა-წულითა და საბადებლით, რათა იუდაში გაემგზავრებინა ეს უამრავი ხალხი. 46ასე მიადგნენ ეფრონს. ეს იყო დიდი და ძალზე ძლიერი ქალაქი გზაზე; ვერც მარჯვნივ გადაუხვევდნენ და ვერც მარცხნივ, შუა ქალაქზე უნდა გადაევლოთ. 47მაგრამ მოქალაქენი შიგ ჩაიკეტნენ და ქვებით ჩახერგეს კარიბჭე.
48იუდამ სამშვიდობო სიტყვა შეუთვალა მათ: გაგვატარეთ თქვენს მიწა-წყალზე, რომ ჩვენს ქვეყანაში მივიდეთ. არას გერჩით, შეუჩერებლივ გავივლით ქალაქს. მაგრამ მათ არ ინებეს კარის გაღება. 49იუდამ ბრძანა გამოეცხადებინათ ხალხში, რომ ყველა თავის ადგილას მზად ყოფილიყო სალაშქროდ. 50მოლაშქენი გაემზადნენ, მთელი დღე-ღამე უტევდნენ ქალაქს, და ჩაბარდა ქალაქი მის ხელს. 51მახვილის პირით მუსრი გაავლო ყველა მამაკაცს, მიწასთან გაასწორა ქალაქი, ნადავლი აკრიფა და დახოცილთა გვამებზე გადაატარა ლაშქარი.
52დიდი დაბლობის მხარეს გადალახეს იორდანე, ბეთ-შანის პირდაპირ. 53იუდა თავს უყრიდა უკან დარჩენილთ და მთელ გზაზე ამხნევებდა ხალხს, ვიდრე იუდეას მიადგებოდნენ. 54მერე შვებით და სიხარულით ავიდნენ სიონის მთაზე და შესწირეს სრულადდასაწველი, ვინაიდან ერთი მათგანიც არ დაცემულა სამშვიდობოს მობრუნებამდე.
55იმ ხანად, როცა იუდა და იონათანი გალაადში იმყოფებოდნენ, ხოლო მათი ძმა სიმონი გალილეაში პტოლემაისის პირისპირ იდგა, 56იოსებმა, ზაქარიას ძემ, და აზარიამ, ჯარის სარდლებმა, შეიტყვეს მათი გმირობისა და გადახდილი ომების ამბავი. 57და თქვეს: მოდი, შევუტიოთ გარშემო მცხოვრებ წარმართებს და ჩვენც მოვიხვეჭოთ სახელი. 58ეს აუწყეს მათთან დარჩენილ ლაშქარს და იამნიასკენ დაიძრნენ. 59გორგიასი და მისი მეომრები ქალაქიდან გამოვიდნენ, რათა ბრძოლით შეგებებოდნენ მათ. 60უკუიქცნენ იოსები და აზარია, და მისდიეს მათ იუდას საზღვრამდე, და დაეცა იმ დღეს ისრაელის ხალხიდან 2 ათასამდე კაცი. 61და იყო დრტვინვა ხალხში, რადგანაც ყური არ ათხოვეს იუდასა და მის ძმებს, და გმირობით მოისურვეს თავის გამოჩენა, 62თუმცა არ იყვნენ იმ კაცთა თესლისანი, ვის ხელშიც იყო ისრაელის ხსნა.
63ხოლო ვაჟკაცმა იუდამ და მისმა ძმებმა დიდი პატივი მოიხვეჭეს ისრაელსა და ყველა სხვა ხალხში, ვისაც კი მისწვდა მათი სახელი. 64და შემოკრბნენ მათ ირგვლივ მაქებარნი.
65იუდა თავისი ძმებითურთ დაიძრა სამხრეთისაკენ, და იბრძოდა ესავის ძეთა წინააღმდეგ, სძლია ხებრონს და მის სოფლებს, დააქცია მისი ციხესიმაგრენი და დალეწა მათი გოდოლნი. 66მერე უცხოთესლთა მხარისკენ აიღო გეზი და მარისაზე გადაიარა. 67იმ დღეს ბრძოლის ველზე დაეცნენ მღვდლები, გმირობით თავის გამოჩენის მოსურნენი, რადგანაც წინდაუხედავად ჩაებნენ ბრძოლაში. 68ხოლო იუდამ აზოტისაკენ, უცხოთესლთა ქვეყნისაკენ, გადაუხვია, დაამხო მათი ბომონები, ცეცხლს მისცა მათი ღმერთების ქანდაკებები და ნადავლი მოხვეტა ქალაქებიდან. მერე კი იუდეასკენ გაბრუნდა.

Currently Selected:

1 Maccabees 5: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in