YouVersion Logo
Search Icon

1 Maccabees 4

4
1გორგიასმა წაიყვანა 5 ათასი ქვეითი და ათასი რჩეული მხედარი, და დაიძრა ლაშქარი ღამით, 2რათა მოულოდნელად თავს დასხმოდნენ ბანაკს და მუსრი გაევლოთ მათთვის, ხოლო მისი მეგზურები ციხესიმაგრიდან იყვნენ. 3შეიტყო ეს იუდამ და გამოვიდა მხნე მეომრებთან ერთად, რათა ემაუსში შებმოდა მეფის ლაშქარს, 4როცა ის ჯერ კიდევ შორს იყო ბანაკიდან. 5გორგიასი ღამით შევიდა იუდას ბანაკში, მაგრამ რაკი იქ არავინ დახვდა, მთებში დაუწყო მათ ძებნა, რადგანაც ეგონა, გაგვირბიანო.
6გამთენიისას გამოჩნდა იუდა ვაკეზე 3 ათასი კაცით, მაგრამ არ ჰქონდათ ისეთი ფარ-ხმალი, როგორიც სურდათ. 7დაინახეს წარმართთა ბანაკი, ძლიერი და გამაგრებული, ბრძოლებში ნაცადი მხედრობით გარშემორტყმული. 8და უთხრა იუდამ თავის თანმხლებთ: ნუ შეგაშინებთ მათი სიმრავლე და მათ იერიშს ნუ შეუკრთებით. 9გაიხსენეთ, როგორ გადარჩნენ ჩვენი მამები მეწამულ ზღვაში, როცა ლაშქრით გამოუდგა მათ ფარაონი. 10ახლა კი ცას შევღაღადოთ; იქნებ შეგვიწყალოს ღმერთმა და გაიხსენოს მამათა აღთქმა, და შემუსროს ეს ლაშქარი დღეს ჩვენს წინაშე. 11რათა იცოდეს ყველა ხალხმა, რომ არსებობს გამომსყიდველი და მხსნელი ისრაელისა.
12როდესაც გადამთიელებმა აღაპყრეს თვალი, იხილეს ისინი, მათკენ მომავალნი. 13და გამოვიდნენ საომრად თავიანთი ბანაკიდან, ხოლო იუდას მხრიდან ბუკსა სცეს. 14შეიკრიბნენ, სძლიეს წარმართებს და დაბლობისაკენ გააქციეს. 15ჩამორჩენილები კი მახვილით განგმირეს; გაზარამდე და იდუმეის ხეობამდე, აზოტამდე და იამნიამდე მისდიეს მათ, და დაეცა მათგან 3 ათასამდე კაცი. 16იუდამ მეტად აღარ მისდია მათ და თავისი ლაშქრითურთ გამობრუნდა. 17და უთხრა ხალხს: ნუ დახარბდებით ნადავლს, რადგანაც ომი წინ გვიდევს. 18გორგიასი თავისი ლაშქრით ახლოა, მთაში; ჯერ მტრის წინააღმდეგ განეწყვეთ, სძლიეთ მას და მერე, რამდენიც გინდათ, იალაფეთ.
19ამის თქმა იყო და მთიდან დაეშვა რაზმი. 20მაშინ გორგიასმა დაინახა, რომ მისიანები უკუექციათ, ბანაკი კი გადაებუგათ; კვამლის სვეტი მოწმობდა, რაც მომხდარიყო. 21ამის დანახვამ თავზარი დასცათ, ხოლო ვაკეზე საომრად გამზადებული იუდას ლაშქარი რომ დაინახეს, 22უცხოთესლთა ქვეყნისკენ იბრუნეს პირი. 23მაშინ იუდა მიბრუნდა ბანაკის გასაძარცვად, და მოხვეტეს აურაცხელი ოქრო-ვერცხლი, იაკინთი, ზღვის პორფირი და უამრავი დოვლათი. 24უკან გამობრუნებულნი გალობდნენ და ლოცულობდნენ ზეცის მიმართ, რადგანაც ის კეთილია და უკუნისამდეა წყალობა მისი. 25და ეს იყო დღე ისრაელის დიადი ხსნისა. 26ხოლო უცხოთესლთაგან გადარჩენილნი ლისიასს ეახლნენ და მოახსენეს, რაც მოხდა.
27ეს რომ მოისმინა, დამწუხრდა და დადარდიანდა, რადგანაც ის როდი დაემართა ისრაელს, რაც თვითონ სურდა, და არც ის, რაც მეფემ უბრძანა. 28მეორე წელს შეკრიბა 60 ათასი რჩეული მეომარი და 5 ათასი მხედარი, რათა ეძლიათ ისინი. 29მივიდნენ იდუმეაში და ბეთ-ცურში დაიბანაკეს; და დაუხვდა მათ იუდა 10 ათასი კაცით.
30ესოდენ ძლიერი ლაშქარი რომ დაინახა, ილოცა და თქვა: კურთხეული ხარ, მხსნელო ისრაელისა, შენი მონა-მორჩილის დავითის ხელით რომ შემუსრე ძლიერი მტერი და უცხოთესლთა ლაშქარი საულის ძეს – იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს ჩაუგდე ხელში. 31ასევე მოაქციე ეს ლაშქარი შენი ერის – ისრაელის ხელში, რათა გაცუდდეს მათი ძალა და მხედრობა. 32ჩაუნერგე მათ შიში და შემუსრე მათი ძალა, რათა შეძრწუნდნენ თავიანთი მარცხით. 33განგმირე ისინი მათი მახვილით, ვისაც უყვარხარ, რათა საგალობლებით გადიდებდეს ყველა, ვისთვისაც ცნობილია შენი სახელი.
34შეებნენ ერთმანეთს და დაეცა ლისიასის ლაშქრიდან მათ წინაშე 5 ათასამდე კაცი. 35როდესაც ლისიასმა დაინახა, როგორ უკუიქცა მისი ლაშქარი და რა მხნედ იბრძოდნენ იუდას მეომრები, რომლებიც მზად იყვნენ – ან ეცოცხლათ, ანდა ღირსეულად დაედოთ თავი – ანტიოქიას მიაშურა და უცხოელი მოლაშქრენი დაიქირავა, რათა უფრო ძლიერი ჯარით თავს დასხმოდა იუდას.
36ხოლო იუდამ და მისმა ძმებმა თქვეს: აჰა, შევმუსრეთ ჩვენი მტერი; მაშ, ავიდეთ საწმიდრის განსაწმედად და გასაახლებლად. 37შეიკრიბა მთელი ლაშქარი და სიონის მთაზე ავიდა. 38და დაინახეს დარბეული საწმიდარი, წაბილწული სამსხვერპლო, დანახშირებული კარიბჭე. ეზოში კი ბუჩქები ამოსულიყო, როგორც ტყესა თუ მთაში; დაექციათ სიწმიდეთა საცავნი. 39შემოიგლიჯეს ტანსაცმელი. მდუღარე ცრემლებს აფრქვევდნენ და ნაცარს იყრიდნენ თავზე. 40პირქვე დაემხნენ მიწაზე, მაუწყებელი საყვირები აახმიანეს და მწუხარედ შეჰბღავლეს ზეცას.
41მაშინ იუდამ გაამზადა მოლაშქრენი მათთან საომრად, ვინც ციხესიმაგრეში იდგა, თვითონ კი საწმიდრის გაწმენდას შეუდგა. 42ამოარჩია უბიწო მღვდლები, რჯულის ერთგულნი. 43გაწმინდეს საწმიდარი და წაბილწული ქვები უწმინდურ ადგილას გადაიტანეს. 44შემდეგ კი იმაზე დაიწყეს ბჭობა, თუ რა უნდა ექნათ სრულადდასაწველის შებღალული სამსხვერპლოსათვის. 45და გონივრულად დაასკვნეს: დაენგრიათ, რათა წარმართთაგან წაბილწული სირცხვილად არ ქცეულიყო მათთვის; და დაანგრიეს კიდეც. 46ქვები კი ტაძრის მთაზე დააწყვეს, სათანადო ადგილას, ვიდრე მოვიდოდა ვინმე წინასწარმეტყველი და თავის აზრს იტყოდა მათზე. 47წესისამებრ, მოაგროვეს მთელ-მთელი ლოდები და ააგეს ახალი სამსხვერპლო, პირველის მსგავსი. 48აღადგინეს საწმიდარი და ტაძრის შიდა ნაწილი, და აკურთხეს ბჭე. 49ხელახლა დაამზადეს წმიდა ჭურჭელი, ტაძარში შეიტანეს სასანთლე, საკმევლის საწირავი და ტრაპეზი. 50გუნდრუკი აკმიეს საწირავზე, სასანთლეზე სანთლები აანთეს და გააჩირაღდნეს ტაძარი. 51ტრაპეზზე პურები დააწყვეს, ფარდები დაკიდეს და დაასრულეს ყველა საქმე, რაც წამოიწყეს.
52ასორმოცდამერვე წლის მეცხრე თვის (ქისლევის თვის) ოცდამეხუთე დღეს დილაუთენია წამოიშალნენ 53და სრულადდასაწველის ახლადაგებულ სამსხვერპლოზე რჯულისამებრ შესწირეს შესაწირავი, 54სწორედ იმ დროს და იმ დღეს, როცა წაბილწეს წარმართებმა, განაახლეს იგი საგალობლებით, ჩანგებით, წინწილებითა და ებნებით. 55პირქვე დაემხო მთელი ხალხი, თაყვანი სცეს და მადლი შესწირეს ზეცას, მოწყალება რომ მოიღო მათზე. 56რვა დღე ზეიმობდნენ სამსხვერპლოს განახლებას, სიხარულით მოჰყავდათ სრულადდასაწველები და სწირავდნენ ხსნისა და ქება-დიდების მსხვერპლს. 57ოქროს გვირგვინებითა და ფარებით შეამკეს ტაძრის შუბლი, განაახლეს ბჭენი, სიწმიდეთა საცავნი და კარი შეაბეს. 58ენით უთქმელი სიხარულით ხარობდა ხალხი და განქარდა გმობა წარმართთაგან.
59და დაადგინა იუდამ, თავის ძმებსა და ისრაელის მთელ კრებულთან ერთად, ყოველწლიურად რვა დღის მანძილზე დიდი ზარ-ზეიმით ედღესასწაულათ სამსხვერპლოს განახლება, ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღიდან მოყოლებული.
60იმავე დროს მაღალი გალავნითა და მტკიცე კოშკებით შემოზღუდეს სიონის მთა, რათა ოდესმე მომხდურ წარმართებს უწინდებურად ვეღარ დაექციათ ისინი. 61და ჩააყენა იქ მეციხოვნენი მის დასაცავად და გაამაგრა ბეთსურიც, რათა ხალხს იდუმეის მხარესაც ჰქონოდა ციხესიმაგრე.

Currently Selected:

1 Maccabees 4: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in