YouVersion Logo
Search Icon

1 Maccabees 3

3
1და აღდგა მის ნაცვლად იუდა, მისი ვაჟი, მეტსახელად მაკაბელი. 2მხარში ამოუდგნენ მისი ძმები და ყველა, ვინც მიემხრო მამამისს, და სიხარულით იბრძოდნენ ისრაელისთვის. 3ფართოდ განავრცო თავისი ხალხის დიდება, თორი შეიმოსა, როგორც ბუმბერაზმა, საომარი საჭურველი შეისხა და მხნედ მებრძოლი მახვილით იცავდა ბანაკს. 4ლომს ჰგავდა თავისი საქმით და ლომის ბოკვერივით ბრდღვინავდა მსხვერპლზე. 5სდევნიდა ურჯულოებს, ეძებდა მათ და ცეცხლში ბუგავდა თავისი ხალხის მაშფოთართ. 6მისმა შიშმა გათანგა ურჯულონი, შეძრწუნდნენ მის წინაშე უსამართლობის მოქმედნი და კეთილად წარიმართა ხსნა მისი ხელით. 7შავი დღე აყარა ბევრ მეფეს და თავისი საქმით მოუფონა იაკობს. კურთხეულია მისი ხსოვნა უკუნისამდე. 8მოიარა იუდას ქალაქები, მუსრი გაავლო ღვთისმგმობთ და განარიდა რისხვა ისრაელს. 9სახელი გაითქვა ქვეყნის კიდემდე და თავი მოუყარა დასაღუპად განწირულთ.
10მაშინ აპოლონიოსმა შეკრიბა წარმართნი და დიდძალი ლაშქარი სირიაში ისრაელის წინააღმდეგ საომრად. 11ეს რომ იუდამ გაიგო, მის შესახვედრად გაემართა, განგმირა და მოკლა იგი; ბევრი დაეცა მოწყლული, დანარჩენებმა კი გაქცევით უშველეს თავს. 12აკრიფეს ნადავლი, აპოლონიოსის მახვილი კი იუდამ აიღო და იმით იბრძოდა მთელი თავისი სიცოცხლე.
13როცა სერონმა, სირიის ლაშქრის სარდალმა, გაიგო, რომ იუდამ თავი მოუყარა ხალხსა და მორწმუნეთა მთელ კრებულს, და საომრად გამოემართა, 14თქვა: სახელს გავითქვამ და დიდებას მოვიხვეჭ სამეფოში, შევერკინები იუდას და მის თანამდგომთ, მეფის სიტყვის შეურაცხმყოფელთ. 15და საომრად გამზადებულს შეუერთდა ღვთისმგმობთა მძლავრი ლაშქარი, რათა მხარში ამოსდგომოდნენ მას და შური ეძიათ ისრაელზე.
16ბეთ-ხორონის აღმართს რომ მიუახლოვდნენ, გამოეგება იუდა მცირერიცხოვანი რაზმით. 17მათკენ მომავალ ლაშქარს რომ მოჰკრეს თვალი, იუდას უთხრეს: ეს ერთი მუჭა ხალხი როგორ შევებათ ამ ურიცხვ ლაშქარს? დაღლილებიც ვართ, მთელი დღის უჭმელ-უსმელნიც. 18იუდამ მიუგო მათ: მრავალნიც ხშირად ჩაცვივნულან მცირეთა ხელში; ზეცისთვის სულერთია, მრავალთა ხელით ვიხსნით თავს თუ მცირეთა ხელით. 19რადგანაც ომში ლაშქრის სიმრავლე კი არ იმარჯვებს, არამედ ზეცით გვეძლევა ძალა. 20ისინი ჩვენზე მოიწევენ თავხედობისა და ურჯულოების სიმრავლით, რათა დედაბუდიანად ამოგვწყვიტონ და გაგვძარცვონ. 21ჩვენ კი ჩვენი სიცოცხლისა და რჯულისათვის ვიბრძვით. 22თვითონ უფალი შემუსრავს მათ ჩვენს თვალწინ, თქვენ კი ნუ შეკრთებით.
23ამის თქმა იყო, და ანაზდად მიეჭრა მათ; მუსრი გაავლო სერონს და მის ლაშქარს. 24უკან მისდიეს მათ ბეთ-ხორონის დაღმართზე, ვიდრე გაივაკებდნენ, და დაეცა მათგან რვაასამდე კაცი, დანარჩენებმა კი ფილისტიმელთა ქვეყნისაკენ მოუსვეს. 25მაშინ ძრწოლამ მოიცვა ყველა იუდასა და მისი ძმების წინაშე და თავზარი დაეცა მათ ირგვლივ წარმართთ. 26მეფის ყურამდეც მიაღწია მისმა სახელმა და იუდას ბრძოლებზე ალაპარაკდნენ წარმართნი.
27ეს რომ მეფე ანტიოქოსმა შეიტყო, ძალზე განრისხდა და დაგზავნა ხალხი, რათა შეეკრიბათ მთელს სამეფოში ურიცხვი და მძლავრი ლაშქარი. 28გახსნა თავისი საგანძური და მისცა წლიური ჯამაგირი ლაშქარს; ბრძანა – მზად ყოფილიყვნენ ყოველი შემთხვევისთვის. 29მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ვერცხლი დალეოდა საგანძურში და ხაზინის შემოსავალსაც ეკლო განხეთქილებათა და ძნელბედობათა გამო, რაც მან თავს დაატეხა იმ ქვეყანას ძველისძველ კანონთა გაუქმებით, – 30შეშფოთდა, რადგანაც ორიოდეჯერ თუღა შეეძლო გაეცა საბოძვარი, რასაც უწინ თავის წინამორბედ მეფეებზე უფრო უხვად და უშურველად გასცემდა. 31ღრმად დამწუხრებულმა გადაწყვიტა სპარსეთს წასულიყო, ხარკი აეკრიფა სხვადასხვა მხარეს და რაც შეიძლება მეტი ვერცხლი შეეგროვებინა.
32საქვეყნო საქმეები კი, მდინარე ევფრატიდან ეგვიპტის საზღვრებამდე, სამეფო გვარეულობის სახელოვან კაცს – ლისიასს მიანდო. 33მასვე მიაბარა აღსაზრდელად თავისი ვაჟი – ანტიოქოსი, უკან მობრუნებამდე. 34ლისიასსავე გადასცა ლაშქრისა და სპილოების ნახევარი, და უფლება – აღესრულებინა ყველაფერი, რასაც უპირებდა იუდასა და ისრაელის მკვიდრთ, 35გაეგზავნა ლაშქარი ისრაელის ძლიერებისა და იერუსალიმის ნატამალის შესამუსრავად, რათა მათი სახსენებელიც კი მოესპო იქ, 36უცხო ტომი დაესახლებინა მთელ მიწა-წყალზე და წილისყრით გაეყო მათი ქვეყანა. 37მეფემ კი ლაშქრის მეორე ნახევარი იახლა და ასორმოცდამეშვიდე წელს ანტიოქიიდან – თავისი სატახტო ქალაქიდან – გაემგზავრა, გადაცურა მდინარე ევფრატი და ზემო ქვეყნები გადაიარა.
38ლისიასმა გამოარჩია პტოლემეოსი, დორიმენოსის ძე, ნიკანორი და გორგიასი, მხნე ვაჟკაცნი მეფის მეგობართა შორის. 39აახლა მათ 40 ათასი ქვეითი და 7 ათასი მხედარი, რათა შეჭრილიყვნენ იუდას ქვეყანაში და მეფის ბრძანებისამებრ, აეოხრებინათ იგი. 40და გაემართნენ მთელი თავიანთი ლაშქრითურთ, მივიდნენ და ემაუსის მახლობლად, ვაკეზე განეწყვნენ. 41მათი სახელი რომ მოესმათ, იქაურმა ვაჭრებმა აიღეს დიდძალი ოქრო-ვერცხლი, იახლეს მსახურნი და ბანაკისაკენ გაეშურნენ, რათა მონებად ეყიდათ ისრაელის ძენი; და შეუერთდა მათ სირიისა და უცხოთესლთა ლაშქარი.
42იუდამ და მისმა ძმებმა დაინახეს, რომ იმრავლა უბედურებამ და ჯარი დგას მათ მიწა-წყალზე; შეიტყვეს მეფის ბრძანებაც, ხალხის გასანადგურებლად და გასაჟლეტად რომ გაეცა. 43მაშინ თითოეულმა მათგანმა უთხრა თავის მოყვასს: აღვადგინოთ ჩვენი დაცემული ხალხი და ვიბრძოლოთ ჩვენი ხალხისა და საწმიდრისათვის. 44და შეიყარა საკრებულო, რათა მზად ყოფილიყვნენ საომრად, ელოცათ და წყალობა და თანალმობა გამოეთხოვათ. 45იერუსალიმი კი უდაბნოსავით გაუკაცრიელებულიყო; მის მკვიდრთაგან არსად ჩანდა არც მომსვლელი და არც წამსვლელი; საწმიდარი გაეთელათ, უცხოთესლი პარპაშებდა წარმართთა ბუნაგად ქცეულ ციხესიმაგრეში, სიხარული წართმეოდა იაკობს, დუმდა სტვირი და ებანი.
46შეკრებილნი მიცფასკენ გაეშურნენ, იერუსალიმის პირდაპირ, რადგანაც უწინ მიცფა სალოცავი ადგილი იყო ისრაელიანთათვის. 47იმ დღეს იმარხულეს, ჯვალო ჩაიცვეს, თავზე ნაცარი გადაიყარეს და შემოიგლიჯეს ტანსაცმელი. 48გადაშალეს რჯულის წიგნი, ერთი იმ წიგნთაგანი, რომლებზედაც წარმართები ცდილობდნენ გამოესახათ თავიანთი კერპები. 49მოიტანეს სამღვდელო შესამოსელნი, ნათავარნიც და მეათედნიც, და მოიხმეს ნაზორეველნი, რომელთაც გაესრულებინათ თავიანთი დღენი. 50ცას შეჰღაღადეს და თქვეს: რა ვუყოთ ამათ, ან სად წავიღოთ? 51სიწმიდე შენი გათელილია და წაბილწული, შენი მღვდლები – მგლოვიარენი და დამცირებულნი. 52აჰა, წარმართნი შეყრილან ჩვენს გასაჟლეტად; ხომ იცი, რასაც განიზრახავენ ჩვენს წინააღმდეგ. 53როგორ შევძლებთ მათ წინააღდგომას, თუკი შენ არ შეგვეწევი?
54საყვირებს ჩაჰბერეს და შეჰღაღადეს. 55შემდგომ ამისა იუდამ დაადგინა ხალხის წინამძღოლნი – ათასისთავნი, ასისთავნი, ორმოცდაათისთავნი და ათისთავნი. 56ხოლო იმათ, ვინც სახლს აშენებდა, ცოლი ჰყავდა ახალდანიშნული, ვაზი ჰქონდა ახალი ჩაყრილი ან ბრძოლას უფრთხოდა, შინ დაბრუნება უბრძანა, რჯულის თანახმად. 57დაიძრა ლაშქარი და ემაუსის მახლობლად დაბანაკდა. 58და თქვა იუდამ: სარტყელი მოირტყით, გული გაიმაგრეთ და დილაადრიან მზად იყავით წარმართებთან საბრძოლველად, ჩვენს წინააღმდეგ რომ ამხედრებულან, რათა დაგვამხონ ჩვენს საწმიდართან ერთად. 59გვიჯობს ბრძოლაში დავიხოცოთ, ვიდრე ვიხილოთ ჩვენი ხალხისა და საწმიდრის უბედურება. 60რასაც ზეცა ინებებს, დაე, ის იყოს!

Currently Selected:

1 Maccabees 3: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in